რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უნგრეთთან 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდს გატანილი გოლების პრობლემა აქვს და ეს უკვე ფსიქოლოგიურ ფაქტორად იქცა. მწვრთნელის თქმით, გუნდი სატურნირო ცხრილში მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ბოლო მატჩში ბრძოლას გააგრძელებს.

ერთა ლიგაზე უნგრეთთან (0:2) მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:
"მეორე ტაიმში უნგრეთის ნაკრებმა მოუმატა, მაგრამ ჩვენ კართან ბევრი ეპიზოდი ნამდვილად არ შექმნილა. სტანდარტულ მდგომარეობებზე მაქსიმალურად ვეცადეთ, მაღალი ფეხბურთელები დაგვებალანსებინა. ზოგიერთი ფეხბურთელი სასტარტოში ამის გამო ვერ მოხვდა. სამწუხაროდ, კონცენტრაციის პრობლემა იყო, პირველად გავუშვით სტანდარტულიდან, რაც მე მწვრთნელი ვარ.
პირველი ტაიმი კარგი იყო, შესაცვლელი ბევრი არაფერი გვქონდა. გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია. არადა, შანსების სიმცირე არ გვქონია. ყველაფერი ჩვენი გამოსასწორებელია!..
სამწუხაროდ, ვერგატანა უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორია, რთული და უიღბლო პერიოდი გვაქვს.. სათქმელია, რომ ძლიერი ფეხბურთელები გვაკლდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიცი, რას მივაწერო ყველაფერი ეს, ვარჯიშზეც ბევრს ვმუშაობთ.
უკრაინასთან მორიგი რთული მატჩი გველის. კარგი რეალობა არაა და უნდა გავიაზროთ სად ვიმყოფებით და აქედან როგორ გამოვიდეთ. ვიცოდი, სად მოვდიოდი, რა სირთულე და წნეხი იქნებოდა ჩემ მიმართ
სატურნირო მდგომარეობა ცუდია, მაგრამ ბოლო მატჩში ვიბრძოლებთ, იმაზე დიდი პატივი რა უნდა იყოს, ეროვნული გუნდის მაისურით რომ გამოდიხარ. ჩვენზე დიდი წნეხია, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ!..", - განაცხადა სვანაძემ.
შეგახსენებთ, "ჯვაროსნებს" ტურნირზე ჯერ გოლი არ გაუტანიათ და 2 ქულით აუტსაიდერები არიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…