„ადგილი აქვს დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციის მცდელობას“ - ახალციხის მერია განმარტავს, რატომ არ დაუთმეს ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზი კათოლიკეებს კონფერენციის ჩასატარებლად
ახალციხის მერია აცხადებს, რომ კათოლიკეებისთვის დარბაზის არდათმობაზე დეზინფორმაცია ვრცელდება, რადგან ახალციხის ციხის დარბაზი ტექნიკურად გაუმართავია, ჭერიდან ბათქაში ცვივა და შენობა საფრთხის შემცველია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, თუ რატომ არ დაუთმეს ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზი კათოლიკეებს კონფერენციის ჩასატარებლად.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალციხის ციხეზე არსებული დარბაზი ამ ეტაპზე ტექნიკურად გაუმართავია: ჩამოდის წყალი, ჭერიდან ცვივა ბათქაში და შენობა არის საფრთხის შემცველი.
„ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზის დათმობასთან დაკავშირებით.
გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ახალციხის ციხეზე არსებული დარბაზი ამ ეტაპზე ტექნიკურად გაუმართავია: ჩამოდის წყალი, ჭერიდან ცვივა ბათქაში და შენობა არის საფრთხის შემცველი. დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები. დარბაზიდან გატანილია ინვენტარის ნაწილი და შესაბამისი აპარატურა. სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ განმცხადებელს, მომართვის შემდეგ.
ადგილი აქვს დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციის მცდელობას. აქედან გამომდინარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან ნებისმიერ მსურველს დარბაზის გამოყენებასთან დაკავშირებით ანალოგიური პასუხი გაეცემოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში არცერთი შეხვედრა ან ღონისძიება არ ჩატარებულა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელებისგან“, - წერს მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში და დარბაზში არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…