ახალციხის მერმა კათოლიკეებს უარი უთხრა საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე – catholic.ge
catholic.ge-ს ცნობით, ახალციხის მერმა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა კათოლიკე ეკლესიას კონფერენციისთვის დარბაზის დათმობაზე უარი უთხრეს. მიზეზად რემონტი დასახელდა, თუმცა გამოცემა ამტკიცებს, რომ არცერთ ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.

13 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიამ დაგეგმა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებისათვის, საკონფერენციო დარბაზის გამოყოფის თხოვნაზე, კათოლიკე ეკლესიას უარი უთხრეს ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ. ამის მიზეზად, ორივე მათგანმა სარემონტო სამუშაოები დაასახელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი სამუშაოები არცერთ ობიექტზე არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს catholic.ge, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედიასაშუალება.
გამოცემის ცნობით, წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლის იუბილე კათოლიკე ეკლესიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. პაპ ლეონ XIV-ის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 10 იანვრიდან 2027 წლის 10 იანვრამდე გამოცხადებულია წმინდა ფრანცისკეს განსაკუთრებული საიუბილეო წელი.
“შესაბამისად, საიუბილეო წელს შეუერთდა კათოლიკე ეკლესია საქართველოში. რადგანაც ეს წმინდანი ფრანცისკანელთა ორდენის დამაარსებელია, ხოლო ფრანცისკანელი ბერები ამჟამად მხოლოდ ახალციხეში იმყოფებიან, წარსულში კი ამ ორდენის მისიონერები მრავალი წლის მანძილზე, მესხეთში მოღვაწეობდნენ და დიდი წვლილი შეიტანეს ამ კუთხისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში – გადაწყდა რომ კონფერენცია სწორედ ახალციხეში გამართულიყო. საერთაშორისო კონფერენცია სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა და ეკლესიის ადმინისტრაციაში არსებულმა „კულტურისა და ეკლესიათა ურთიერთობის კომისიამ“ ერთობლივად დააორგანიზა”, – ნათქვამია ცნობაში.
ჩატარების თარიღად განისაზღვრა 13 ნოემბერი. ხოლო საკონფერენციო სივრცის გამოყოფის მიზნით, ორგანიზატორებმა ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართეს, სადაც კათოლიკე ქველმოქმედის, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზია.
“ჩვენ, წლების განმავლობაში, კარგი გამოცდილება გვქონდა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის. გასულ წელს სწორედ ამ დარბაზში ჩატარდა მამა შალვა ვარდიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ყოველთვის პატივისცემით გვიღებდნენ, მაგრამ ამჯერად, უნივერსიტეტიდან პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ გადაწყდა, რომ წერილი მიგვეწერა ახალციხის ციხისთვის”, – ამბობს „კულტურისა და ეკლესიათა ურთიერთობის კომისიის ხელმძღვანელი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი.
ამავე ცნობის თანახმად, კონფერენციამდე თვე–ნახევრით ადრე – 2026 წლის 23 სექტემბერს, სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ოფიციალური წერილით მიმართა ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს და რაბათში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებული საკონფერენციო დარბაზის დათმობა სთხოვა. წერილს ხელს აწერს სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე, რომელიც ამავდროულად, კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციის კანცლერია.
“პასუხად, 2026 წლის 12 ოქტომბერს, ახალციხის მერმა უნივერსიტეტს წერილი დაუბრუნდა, სადაც რექტორი – ლექტორად მოიხსენია, სივრცის გამოყოფაზე კი უარი თქვა, ახალციხის ციხეზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. ციხის რა ტერიტორიაზეა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეს ხელს უშლის თუ არა საკონფერენციო დარბაზის ფუნქციონირებას – ამის შესახებ მერი წერილში არაფერს აკონკრეტებს.
გარდა ამისა, ახალციხის ციხის ან მერიის გვერდებზე, არსად არ არის მითითებული, რომ ციხის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის მარტში, ახალციხის ციხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ნამდვილად გამოცხადდა, 1,5 მილიონ ლარზე. 13 ნოემბერს, კონფერენციამდე ერთი საათით ადრე, Catholic.ge–ს რედაქცია ციხის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც აღმოჩნდა, რომ საკონფერენციო დარბაზის მიმდებარედ არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს. უფრო მეტიც საკონფერენციო დარბაზში ყველა ინვენტარი ადგილზეა, მაგიდებისა და სკამების ჩათვლით”, – ნათქვამია სტატიაში.
ცნობისთვის, უკვე წლებია ახალციხის ციხის დირექტორი ზაზა თამარაშვილია, ცნობილი კათოლიკე მღვდლის, მეცნიერისა და ისტორიკოსის, მიხეილ თამარაშვილის შთამომავალი.
მას შემდეგ, რაც ახალციხის მერიამ კათოლიკე ეკლესიას უარი უთხრა, ეკლესიამ საკონფერენციო დარბაზის თხოვნით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიდევ ერთხელ მიმართა, ამჯერად საქმეში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის მცველები – პავლე ზაზაძის ოჯახი ჩაერთო, რომლებიც დღემდე ხშირად არიან დამფინანსებლები და მხარდამჭერები სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო მიმართულებებისა.
სტატიის თანახმად, თავდაპირველად, უნივერსიტეტი დათანხმდა პავლე ზაზაძის სახელობის დარბაზის გამოყოფას, თუმცა კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალა. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ მამა აკაკი ჭელიძეს სატელეფონო ზარით შეატყობინა, რომ საკონფერენციო დარბაზს ვერ დაუთმობდნენ, რადგან საპირფარეშოს რემონტი იყო დაგეგმილი.
“ისევე, როგორც ახალციხის ციხის შემთხვევაში, 12 ნოემბრის მონაცემებით, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის არცერთ საპირფარეშოში სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს. უფრო მეტიც, ზუსტად 13 ნოემბერს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის იგივე შენობის 208–ე აუდიტორიაში დაგეგმილია ფილმის ჩვენება, სახელწოდებით „მამა“. 14–15 ნომბერს კი მეწარმეთა ტრენინგები, რომლის შესახებაც უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდი გვამცნობს”, – ნათქვამია catholic.ge-ის სტატიაში.
“სამწუხაროა, რომ ახალ რექტორთან ვერ მოგვარდა სიტუაცია და ვერ გავაგრძელეთ მანამდე არსებული თანამშრომლობა. არადა, ვფიქრობდით, რომ წინა წლებში დაწყებული ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდებოდა”, – ამბობს მამა გაბრიელე ბრაგანტინი.
გამოცემის ცნობით, წმინდა ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებით 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციისთვის საქართველოში ჩამოვლენ და ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კაპუცინთა ორდენის წევრები, ისტორიკოსები და რომის „ანტონიანუმის“ პაპის უნივერსიტეტის პროფესორები – მამა ვიესლავ ბლოკი და მამა დანიელ კოვალევსკი, ასევე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ნუგზარ ბარდაველიძე. კონფერენცია 13 ნოემბერს, 14:00 საათზე „ახალციხე ინნის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
“ახალციხის მერისა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებებში კი, კითხვის ნიშნები ჩნდება – ვინ მიიღო გადაწყვეტილება ერთნაირი და არარსებული მიზეზების გამო კათოლიკე ეკლესიისთვის უარი ეთქვათ?”, – წერს გამოცემა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…