ოპოზიციის რეიტინგი და პარტიების პასუხისმგებლობა - რაზე მსჯელობენ საკონსტიტუციოში
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მოსამართლეებმა და მხარეებმა პარტიებისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნასა და ოპოზიციის „ერთიან ორგანიზმად“ მიჩნევის საფუძვლებზე იმსჯელეს.

12 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის მე-11 დღეს, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.
მოსამართლე ევა გოცირიძემ თავდაპირველად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დაუსვა კითხვა „ერთიანი ორგანიზმის თეორიაზე“, შემდეგ კი მოსამართლეები მოპასუხე პარტიების წარმომადგენლების გამოკითხვაზე გადავიდნენ.
გოცირიძის განმარტებით, მოსარჩელე ოპოზიციური პარტიების „ერთიან ორგანიზმად“ მიჩნევას ორ გარემოებას აფუძნებს - საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგსა და უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას. მოსამართლემ იკითხა, რამდენად მყარია ეს კავშირი, როცა ოპოზიციის სხვადასხვა ალიანსსა და პლატფორმას ხანმოკლე არსებობა ჰქონდა.
„არის თუ არა ეს კავშირი იმდენად მყარი და სერიოზული, რომ მას დაეფუძნოს ერთმანეთის ქმედებების მიმართ არა მარტო მორალური და პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა?“ - იკითხა გოცირიძემ.
მოსამართლემ პარტიების რეიტინგზეც ისაუბრა, ახსენა მედიაში ბოლო პერიოდში გავრცელებული მონაცემები, და დასვა კითხვა: თუ ოპოზიციური პარტიები „ისედაც მილევად რეჟიმში არიან“, საჭიროა თუ არა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში ჩარევა და ხომ არ შეუწყობს აკრძალვა ხელს მათ პოლიტიკურ გაძლიერებას.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის პასუხით, მმართველი ძალა პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ ხელმძღვანელობს და მისი მიზანი კონსტიტუციის დაცვაა. მისი მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები, პიროვნული უთანხმოებების მიუხედავად, ერთიანდებიან მაშინ, როდესაც საქმე კონსტიტუციური წყობისა და ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებას ეხება.
ამის დასასაბუთებლად გორდულაძემ დაასახელა სალომე ზურაბიშვილის მიერ შედგენილი „ქართული ქარტია“, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების გეგმა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაგზავნილი ერთობლივი წერილები და საპროტესტო აქციების შესახებ განცხადებები.
ოპოზიციური პარტიებისთის დასმული პირველი საერთო კითხვა მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნას შეეხებოდა. მოსამართლე ვასილ როინიშვილს აინტერესებდა, რა შემთხვევაში შეიძლება თანამდებობის პირების ქმედებებზე პასუხისმგებლობა პარტიას დაეკისროს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ უპასუხა, რომ პარტიის აკრძალვის საკითხი მისი მიზნებიდან და მოქმედებებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მისი თქმით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება პარტიულ საქმიანობას არ ნიშნავს და 2003–2012 წლებში თანამდებობის პირთა უმრავლესობა პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა.
„თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, მათ შორის პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?“ - მიმართა მან როინიშვილს.
მოსამართლემ უპასუხა, რომ არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, და განმარტა, რომ პასუხისმგებლობის გამიჯვნის თეორიული კრიტერიუმები აინტერესებდა.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, მოსარჩელე ერთმანეთთან აიგივებს სახელმწიფოსა და პარტიულ მმართველობას, ხოლო ხელისუფლების კრიტიკას სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებად წარმოაჩენს.
„მმართველი პარტია არ არის სახელმწიფო, ისევე როგორც ოპოზიცია არ არის სახელმწიფოს მოწინააღმდეგე“, - თქვა მან.

სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ იკითხა, რა შემთხვევაში შეიძლება პარტიას მმართველობის პერიოდში ჩადენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს და რა იცვლება, თუ უკანონო ქმედებების სისტემურობა და სისტემატურობა დადასტურდება.
ბეჟაშვილმა შესაძლო საფუძვლად კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია ისიც, რა საფრთხე არსებობს დღეს. მისი თქმით, უნდა გაიმიჯნოს თანამდებობის პირთა ინდივიდუალური და პარტიის კოლექტიური პასუხისმგებლობა.
ევა გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა იმ პერიოდის მმართველობის მოდელზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ერთდროულად პრეზიდენტი და პარტიის ლიდერი იყო. მან იკითხა, შეიძლება თუ არა მმართველი პარტიის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები თავად პარტიასაც შეერაცხოს. მოსამართლის თქმით, ინდივიდუალური დანაშაული პარტიას ვერ მიეწერება, თუმცა სხვა ვითარებაა, თუ მისი პოლიტიკა დანაშაულისადმი შემწყნარებლობასა და დაუსჯელობას გულისხმობს.
ბეჟაშვილის პასუხით, ასეთ შემთხვევაში კონკრეტულად უნდა გაირკვეს, რომელი დანაშაული დარჩა დაუსჯელი, რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ სახელმწიფო ორგანოები და როგორ უკავშირდებოდა ეს პარტიის პოლიტიკას.
პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნაზე ისაუბრეს სხვა მოპასუხეებმაც. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ აღნიშნა, რომ დანაშაულისთვის უშუალოდ მისი ჩამდენი პირი აგებს პასუხს, მმართველი პარტიის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კი ამომრჩეველი არჩევნებზე განსაზღვრავს.
„ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ პარტიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის საკითხი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, მათ დაკომპლექტებაზე მმართველი ძალის გავლენასა და კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას დაუკავშირა.
„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ კი იკითხა, ჩორჩანისა და 20 ივნისის მოვლენების დროს გიორგი გახარია სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა თუ „ქართული ოცნების“. მან აღნიშნა, რომ მისი პარტია ამ მოვლენების შემდეგ, 2021 წელს დაფუძნდა.
მოგვიანებით ევა გოცირიძემ მოპასუხეებს ჰკითხა, ეთანხმებოდნენ თუ არა დებულებებს პარტიის დეკლარირებული და რეალური მიზნების შეფასებაზე, ძალადობის გამოყენებაზე, მის წახალისებასა და ძალადობრივ ქმედებებთან ორგანიზაციულ კავშირზე. მოსამართლემ ეს დებულებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებად წარადგინა და მოკლე პასუხები ითხოვა.
ანა წითლიძემ კონკრეტული საქმეებისა და მაგალითების განხილვა მოითხოვა. მისი თქმით, ზოგადად ჩამოთვლილი დებულებების საწინააღმდეგოს არავინ იტყოდა, თუმცა სასამართლო კონკრეტულ სარჩელს განიხილავს. გოცირიძემ განმარტა, რომ აინტერესებდა მოპასუხე პარტიების დამოკიდებულება ძალადობის, მისი წაქეზებისა და მხარდაჭერის მიმართ.
პასუხების ფორმასა და მოცულობაზე სხდომაზე რამდენჯერმე წარმოიშვა კამათი. მოსამართლეები ლაკონიურ პასუხებს ითხოვდნენ, მოპასუხეები კი მიუთითებდნენ, რომ თეორიული საკითხების განმარტებას დრო და კონკრეტული მაგალითები სჭირდებოდა.
რევაზ ნადარაიამ მხარეებს უთხრა, რომ კითხვა-პასუხის ეტაპზე სასამართლო ახსნა-განმარტებებსა და დასკვნით სიტყვებს არ მოისმენდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაპარტიების შესაძლო აკრძალვა ხომ არ გახდება მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი? – გოცირიძის კითხვა „ოცნებას“
პარტიების აკრძალვა მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი ხომ არ იქნება? - მოსამართლე ევა გოცირიძე "ოცნებას"
“ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?” – მოსამართლე “ოცნებას”
ევა გოცირიძე მოსარჩელეს ოპოზიციაზე - თუ ისედაც მილევად რეჟიმში არიან, საჭიროა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში უხეში ჩარევა? ეს ხომ არ გახდება, პირიქით, გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი, ქართული საზოგადოება ყოველთვის დაჩაგრულის მხარესაა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…