პარტიების შესაძლო აკრძალვა ხომ არ გახდება მათი გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი? – გოცირიძის კითხვა „ოცნებას“
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართულ ოცნებას“ ჰკითხა, ხომ არ მისცემს ოპოზიციის აკრძალვა მათ პოლიტიკური გაძლიერებისთვის ბიძგს. არჩილ გორდულაძის განცხადებით, სარჩელი არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით, არამედ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებით არის განპირობებული.

საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა. პროცესი კითხვა-პასუხის ეტაპზეა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემ თქვა, რომ მმართველი გუნდის სარჩელი ეფუძნება „ერთიანი ორგანიზმის თეორიას“. მისივე განმარტებით, ამ თეორიამ უნდა შეიძინოს სამართლებრივი მნიშვნელობა მოსამართლეებისთვის, რათა მას დაეყრდნონ.
გოცირიძის თქმით, „ოცნება“ ამ თეორიას აფუძნებს ორ გარემოებას:
„ერთის მხრივ, ეს არის ამ პოლიტიკური პარტიების საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი, ერთგვარი ერთი სტრატეგია და ასე ვთქვათ საერთო მიზნები;
მეორეს მხრივ უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა“.
მოსამართლე დაინტერესდა, არის თუ არა ოპოზიციური პარტიების ეს კავშირი საკმარისად მყარი და სერიოზული. მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის გაერთიანებები, რომლებსაც სხვადასხვა სახე ჰქონდა, საკმაოდ მოკლევადიანი იყო.
ევა გოცირიძე დაინტერესდა ცალ-ცალკე ამ პარტიების ქმედებები საკმარისი იქნებოდა თუ არა მათ ასაკრძალად:
„ჩემი შეკითხვა შეეხება შემდეგს, აი ეს კავშირი არის თუ არა საკმარისად მყარი, თქვენი აზრით? იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავდით სულ სხვადასხვა ტიპის კავშირებს, ალიანსებს. ხან ეს იყო ასე ვთქვათ, ქარტია, ხან ეს იყო წინააღმდეგობის მოძრაობა, სრულიად სხვადასხვა სახის პლატფორმები შედგა. ისიც ვნახეთ, რომ ეს პლატფორმები არ იყო ხანგრძლივი და საკმაოდ მოკლევადიანი სიცოცხლე ჰქონდა ამ კავშირებს.
შესაბამისად, ჩემი შეკითხვა შემდეგია, არის თუ არა ეს კავშირი იმდენად მყარი და სერიოზული, რომ მას დაეფუძნოს ერთმანეთის ქმედებების მიმართ, არა მარტო მორალური და პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ის, რომ ისინი ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ცოდვებით, ცოდვების შლეიფით აღმოჩნდნენ დამძიმებულები და ამას მიეცეს სამართლებრივი შეფასება…
რომ არა ეს ცოდვების შლეიფი, ერთმანეთის ცოდვების შლეიფი, ასე ვთქვათ, ცალკე მათი ქმედებები იქნებოდა თუ არა საკმარისი მათ ასაკრძალად?“
გარდა ამისა, მოსამართლემ მის კითხვაში ისაუბრა კიდევ ერთ კონტექსტზე – პარტიების დღევანდელ რეიტინგზე. ევა გოცირიძემ აღნიშნა, რომ რეიტინგების შეფასება მისი საქმე არაა და „ძალიანაც არ აინტერესებს“, მაგრამ მოიშველია IRI-ის ბოლო კვლევა და „ოცნების“ განცხადებები „განულებულ“ ოპოზიციაზე.
ევა გოცირიძეს აინტერესებს, პარტიების შესაძლო აკრძალვა პირიქით ხომ არ გახდება მათ პოლიტიკური თვალსაზრისით გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი:
„ჩემი საქმე არ არის შევაფასო პოლიტიკური პარტიების დღევანდელი რეიტინგი და ძალიან არც მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, მაგრამ აი ბოლო კვლევა, რომ ავიღოთ მხედველობაში IRI-ის კვლევა ხომ, არც ის ვიცი შეიძლება თუ არა მას ვენდოთ, მაგრამ რაღაც გარკვეული ტენდენციის მიმანიშნებელი ნამდვილად იქნება ის. [კვლევა] აჩვენებს მათი რეიტინგის მკვეთრ ცვლილებას, ასე ვთქვათ, ნეგატიური თვალსაზრისით, დაცემას, შემცირებას ხომ? აი ამ კონტექსტში, თუ მათი რეიტინგი, ისედაც ძალიან მცირეა და მმართველი პარტიისგანაც არაერთხელ გამიგონია მე, რომ ესე განულებული პარტიები არიან, აი ასეთი ტერმინიც გამიგონია, რომ მათი რეიტინგი ნულის ტოლია და ასე შემდეგ, ხომ? აი ამ კონტექსტში, თუ ისინი ისედაც მილევად რეჟიმში არიან და საჭიროა თუ არა მოვლენების ბუნებრივ განვითარებაში ასე შედარებით უხეში ჩარევა, სამართალს რომ თავი დავანებოთ.
და ბოლო კონტექსტი, ეს ხომ არ გახდება პირიქით, მათი გაძლიერების, პოლიტიკური თვალსაზრისით გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი, და იქნებ არ იყოს თქვენთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის – სასარგებლო. თქვენ მოგეხსენებათ, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთვის დაჩაგრულის მხარეზე რომაა და ეს მსხვერპლის სტატუსი, რომელსაც ისინი მიიღებენ, ამას როგორ უყურებთ და საბოლოო ჯამში, რაში გვჭირდება ეს ყოველივე?“
საპასუხოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, არჩილ გორდულაძე დაეთანხმა მოსამართლეს, რომ მათი „მხარდაჭერა გაცილებით უფრო დიდია“ და მაგალითად მოიყვანა არჩევნების შედეგები.
„ამიტომ აქ ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს და ვართ რა კონსტიტუციის ერთგულნი. რომ იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან არის, ჩვენი წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, საჯაროდ ცნობილი ფაქტებიდან, სასამართლო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მათი ქმედებები არის არაკონსტიტუციური, ჩვენი მიზანი არის, რომ კონსტიტუცია განუხრელად იყოს დაცული და დაცული იყოს ამ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის ფუძემდებლური საწყისები და ზოგადად კონსტიტუციური წყობილება“, – თქვა გორდულაძემ.
რაც შეეხება „ერთიან ორგანიზმს“ გორდულაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები მაშინ ერთიანდებიან, როცა „საქმე ეხება კონსტიტუციის დარღვევას“.
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…