პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება - დღეს შეკითხვები ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გარდა, პარტიების საერთო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებითაც დაისვა

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა გაგრძელდა, სადაც საუბარი პარტიების საერთო პასუხისმგებლობასა და 2008 წლის ომის რეზოლუციას შეეხო. სხდომათა დარბაზიდან მოსამართლის გაფრთხილებების იგნორირების გამო ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევეს.

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დღეს მოსარჩელე მხარის პასუხებით და არგუმენტებით გაგრძელდა. არჩილ გორდულაძემ დეტალურად განმარტა, თუ სად გადის ზღვარი კონკრეტულ პირებსა და პარტიების პასუხისმგებლობას შორის.

ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გარდა შეკითხვა დაისვა პარტიების საერთო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებითაც. მოსამართლეთა ნაწილი დაინტერესდა პოლიტიკური ძალების კოალიციური თანამშრომლობის ფარგლებში, რა შეიძლება ჩაითვალოს საერთო სამართლებრივი პასუხისმგებლობის გადანაწილების საფუძვლად. საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა რამდენიმე ძირითადი ფაქტი გაიხსენა, რაც მისივე მტკიცებით, ადასტურებს, რომ მინიმუმ 5 ოპოზიციური პარტია საერთო ინტერესით, საერთო მიზნისთვის ერთობლივად მოქმედებდნენ.

მმართველი პარტიისთვის, ნათქვამი მოქმედებითაც უნდა დადასტურდეს. მოსარჩელე მხარემ პლენუმის წევრებს მაგალითებიც დაუსახელა, რომლის მიხედვითაც ასაკრძალი პარტიები ერთმანეთისგან გამიჯვნის ილუზიას ქმნიდნენ, ქმედებით კი საპირისპიროს ამტკიცებდნენ.

მოსამართლეთა ნაწილის შეკითხვა ძალადობრივ აქციებს უკავშირდებოდა. პლენუმის წევრმა სარჩელის ავტორებს ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. მოსარჩელე მხარემ ყურადღება ოპოზიციის ინტერესზე გაამახვილა. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, რომ სწორედ ოპოზიცია ცდილობს საერთაშორისო წნეხით არჩეულ ხელისუფლებაზე ზეწოლას, რაც სარჩელის ავტორების განცხადებით, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფას გამოიწვევს და ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის.

5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მომზადებულ სარჩელში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება. სარჩელის ავტორმა კითხვა-პასუხის დროს კიდევ ერთხელ დააკონკრეტა, რომ ამ ნაწილში სახელისუფლებო გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსგან არ ითხოვს იმის დადგენას თუ ვინ დაიწყო ომი. საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს და პლენუმის წევრებს ომიდან 3 თვეში მიღებული და მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ხელმოწერილი რეზოლუცია გაახსენეს. სწორედ ამ დოკუმენტს უწოდებს "ქართული ოცნება" ქვეყნის და ქართველი სამხედროების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.

ტერიტორიული მთლიანობის დამაზიანებელი განცხადებები, უკრაინის კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებული პოზიციები და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნები ოპოზიციის წინააღმდეგ სარჩელში არაერთ ბრალდებას შორის ეს საკითხებიცაა. სწორედ ამ კონტექსტში დაისვა მოსამართლეების მხრიდან შეკითხვაც - შეუძლია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს იმსჯელოს იმაზე, დააზიანა თუ არა კონკრეტულმა ქმედებებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა.

დღევანდელი განხილვის დროს არაერთხელ დაისვა შეკითხვა - თუ პოლიტიკოსის სადაო ქმედებები მისი პარტიის შექმნამდეა ჩადენილი, მიემართება თუ არა მის პოლიტიკურ ძალას სარჩელში მოყვანილი ბრალდებები. ამ კონტექსტში დასახელდა ჩორჩანას ეპიზოდი, რომელზეც მმართველი პარტია ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანამ მილიონზე მეტი კვადრატული მეტრის ტერიტორია დაკარგა. სარჩელის ავტორების განცხადებით, როგორც ჩორჩანაზე, ასევე 20 ივნისზე, პასუხისმგებლობა გახარიას გუნდზეც გადადის.

ქვეყნისთვის რა სარგებლის ან ზიანის მომტანი იქნება 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა - ეს კითხვა პლენუმის წევრთა ნაწილის მხრიდან დღევანდელი დღის შეჯამების კონტექსტში დაისვა. სარჩელის ავტორებმა კიდევ ერთხელ წარმოადგინეს არგუმენტები და თქვეს, რომ ყველა სამართლებრივი საფუძველი მათი აკრძალვისთვის საკონსტიტუციო სარჩელშია წარდგენილი.

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას ბოლომდე ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა. ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დარბაზიდან დღის მეორე ნახევარში გააძევეს. მიზეზი სასამართლოს მოწოდებების იგნორირება გახდა. ადგილიდან რეპლიკებისთვის და მოსამართლის ნებართვის გარეშე საუბრის დაწყების გამო გვარამიამ და კოპალეიშვილმა მოსამართლისგან გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღეს, საბოლოოდ კი სხდომის დატოვება მოუწიათ, თუმცა მოგვიანებით რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამიას პროცესზე დაშვების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები