ევროკომისიის ახალი ანგარიში, რომლითაც საქართველოსთვის წაყენებული ძველი ულტიმატუმები ძალაში დარჩა - "ქართული ოცნება" დოკუმენტს წნეხის პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს
„ქართული ოცნება“ ევროკომისიის ახალ ანგარიშს წნეხის გაგრძელებად მიიჩნევს, პარლამენტის თავმჯდომარე კი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისგან განმარტებას ითხოვს, თუ კონკრეტულად ვის გათავისუფლებას მოითხოვს ბრიუსელი „თვითნებურად დაკავებულების“ ფორმულირებით.
თვითნებურად დაკავებულები - სწორედ ასეთი ფორმულირება გვხვდება ანგარიშში იმ პირების შესახებ, რომელთა გათავისუფლებასაც ევროკომისია ითხოვს. ვის გულისხმობენ ევროპელი ბიუროკრატები? პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შტურმისთვის ბრალდებულებს, რომელთაც თავადვე აღიარეს დანაშაული, მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის მსჯავრდებულებს, თუ მიხეილ სააკაშვილს? კონკრეტიკა არ არის. ბრიუსელი ბოიკოტის რეჟიმშია, ამიტომ სახელისუფლებო გუნდი ცალმხრივად მომზადებულ დოკუმენტზე ახსნა-განმარტებას პაველ ჰერჩინსკისგან ითხოვს.
რატომ არ ემიჯნება 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს? - პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ევროკავშირის ელჩი ვალდებულია, მკაფიოდ უპასუხოს საკითხებს, რომელიც, მისივე შეფასებით, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოზე თავდასხმა.
ელჩმა დღეს ბრიფინგი ჩაატარა, თუმცა ისევ ღიად დატოვა კითხვა - კონკრეტულად ვის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი? მკაფიოდ არ გასცა პასუხი არც 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ საკითხებს.
უპასუხოდ დატოვებული კითხვები კიდევ უფრო ამყარებს მმართველი პარტიის განცხადებებს, რომ საქართველოში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები ქვეყნის გარედან იგეგმებოდა. ცნობილია, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის კამპანიაც ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსდებოდა. 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს კი მხარდაჭერას წინასწარ თავად ევროკომისიის პრესსპიკერი უცხადებდა. ეს კონკრეტული ფაქტები "ქართული ოცნებისთვის" ძალადობის წაქეზებას ნიშნავს, ამიტომ არ უკვირთ, რომ ევროკომისიის ანგარიშში დაკავებულებს თვითნებურად მოიხსენიებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.
მოსამართლეების შემოწმება უცხოელი ექსპერტების მიერ, რომელთაც პროცესში უნდა მიენიჭოთ გადამწყვეტი როლი - ეს ევროკომისიის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად და შიდა საქმეებში ჩარევად შეფასდა. ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე კი თქვეს მხოლოდ ის, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს.
ევროკომისიის ანგარიშის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო ინსტიტუტები. ამიტომ მმართველ გუნდს არ უკვირს, რომ ცალმხრივად შემუშავებული დასკვნა ობიექტურ რეალობას არ ასახავს. ხელისუფლებას აინტერესებს ის, თუ რატომ ითავსებს ევროკომისია საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციასაც, როდესაც ანგარიშში წერს, რომ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. თავად ეს ჩანაწერიც, მმართველი პარტიის განცხადებით, დეზინფორმაციაა, ვინაიდან მოვლენათა ქრონოლოგია ადასტურებს, ვინ შეაჩერა მოლაპარაკების გახსნის პროცესი.
ხელისუფლების ოპონენტები, ტრადიციულად, ევროკომისიის ამ მორიგი ანგარიშის პათოსსაც იზიარებენ.
რატომ ფასდება "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა საფრანგეთში მკვლელობის მცდელობად, რაზეც უვადო პატიმრობაც კი არის განსაზღვრული, საქართველოში კი გამოხატვის თავისუფლებად და თვითნებურ დაკავებად? - ეს კიდევ ერთი შეკითხვაა, რომელიც, ევროპაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ევრობიუროკრატების მისამართით გაჩნდა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან დაკავშირებით ტენდენციურ მიდგომად იქცა. ამიტომ არ უკვირთ, რომ ახალი დოკუმენტიც მიკერძოებული, ძველი მოთხოვნებით დაიწერა.
ცალმხრივად შეფასებული მოვლენების ფონზე - მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი არ არის და ბრიუსელი ბოიკოტშია, უპასუხოდ რჩება კითხვები. მათ შორის ისიც, ვინ იგულისხმება ანგარიშის მიხედვით თვითნებურად დაკავებულებად?
წერილობითი შეკითხვით, "კურიერმა" დღეს ევროკომისიის ოფიციალურ წარმომადგენლობასაც მიმართა. დავინტერესდით, გამოქვეყნდება თუ არა იმ პირთა სია, რომელთა გათავისუფლებასაც ბრიუსელი ითხოვს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…