ევროპის ორმაგი სტანდარტი - უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ უსამართლო ქმედებების გამო ევრობიუროკრატებმა ბოდიში უნდა მოიხადონ
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ევრობიუროკრატებმა ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან ევროპაში პოლიციისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა მკვლელობის მცდელობად ფასდება, საქართველოში კი მსგავს ქმედებას გამოხატვის თავისუფლებად აფასებდნენ.
ევროპაში პროტესტი არ წყდება. პროფკავშირები ახალი გაფიცვებისთვის, ფრანგი სამართალდამცველები კი მორიგი ღონისძიებებისთვის ემზადებიან. პარიზში ხვალ მასშტაბური აქცია და მსვლელობა დაანონსდა. იქნება კანონდარღვევა, იქნება მკაცრი პასუხი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ყველა საშუალებით აპირებს, მათ შორის ცრემლსადენი გაზითა და ყუმბარებით. სამართალდამცველების მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე კი გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით უკვე დაწყებულია. დამნაშავეს შესაძლოა უვადო პატიმრობაც მიესაჯოს.
ის რაც საფრანგეთში დაიწო, მთელ კონტინენტზე გავრცელდა. პროცესები უმართავი გახდა გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ალბანეთში, ნიდერლანდებში, დიდი ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. ყველა ქვეყანაში არიან მძიმედ დაშავებულები, რასაც წინ უძღოდა დემონსტრანტების მხრიდან პიროტექნიკისა და მოლოტოვის კოქტეილების, პოზიციის მხრიდან კი რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ხელკეტების და გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება.
არანაირი ნიშნისმოგება, მხოლოდ ფაქტები - ასე ეხმაურებიან თბილისში ევროპის ქალაქებში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს. მმართველი გუნდის თქმით, ის, რაც დღეს ევროპაში მკვლელობის მცდელობად კვალიფიცირდება, თავის დროზე საქართველოში სამართლიანი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება იყო.ქართულ ოცნებაში ამბობენ რომ სწორედ ასეთი შეფასებებით აქეზებდნენ ევრობიუროკრატები ძალადობას, და სწორედ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული კამპანიით ითხოვდნენ მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებასაც.
გრიგორიადისი, რომელიც ზურაბიშვილმა შეიწყალა, ევროპარლამენტარებისა და რიგი გარე აქტორებისთვის, დემოკრატიისთვის იბრძოდა. ამას წერდნენ რეზოლუციებშიც და ამას იზიარებდნენ ოპოზიციაშიც, თუმცა პოზიცია დღეს უკვე შეცვალეს, ისე როგორც ევროპელმა ბიუროკრატებმა.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პოლიციის მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლის დანაშაულს იდენტური კვალიფიკაცია აქვს ევროპაშიც და საქართველოშიც, სადაც თავის დროზე მსგავსი დანაშაულის გამო დაკავებულისთვის სოლიდარობის გამოსახატად ევროპარლამენტარებიც ჩამოვიდნენ. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ამ და სხვა უსამართლო ქმედებების გამო ევრობიუროკრატებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.
კრიმინალია თუ გმირი ადამიანი, რომელიც პოლიციას მოლოტოვის კოქტეილს ესვრის? - კურიერი ევროკავშირის ელჩის პოზიციის მოსმენას გუშინაც ცდილობდა, თუმცა პოლონელმა დიპლომატმა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…