გიორგი გიგაშვილი: ის, რასაც ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ნიკოლოზ რაჭველის მიმართ ვხედავ, ჩემთვის უფრო დისკრედიტაციის კამპანიას ჰგავს, ვიდრე პროფესიულ ჟურნალისტიკას
გიორგი გიგაშვილი: ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს განძია და ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ის, რასაც ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ნიკოლოზ რაჭველის მიმართ ვხედავ, ჩემთვის უფრო დისკრედიტაციის კამპანიას ჰგავს, ვიდრე პროფესიულ ჟურნალისტიკას.

„ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს განძია და ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ.
ის, რასაც ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ნიკოლოზ რაჭველის მიმართ ვხედავ, ჩემთვის უფრო დისკრედიტაციის კამპანიას ჰგავს, ვიდრე პროფესიულ ჟურნალისტიკას.
როდესაც ნიკოლოზი ამბობს, რომ დღეს „იმედში“ მუშაობა ადამიანისთვის პრინციპული საკითხი უნდა იყოს, მე ეს მესმის როგორც საუბარი პირად და პროფესიულ პასუხისმგებლობაზე. ჟურნალისტის პროფესია მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას არ გულისხმობს. ის გულისხმობს პასუხისმგებლობას იმ ინფორმაციის სისწორეზე, საზოგადოებაზე მის გავლენასა და იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მის გავრცელებას მოჰყვეს.
ადამიანს აქვს უფლება, აირჩიოს სად იმუშავებს, მაგრამ საზოგადოებასაც აქვს სრული უფლება, შეაფასოს ეს არჩევანი. პროფესიული პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელმძღვანელობას არ ეკისრება. თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ პროცესში, რომლის ნაწილიც შეგნებულად ხდება.
და თუ ნიკოლოზის შეფასებას არ ეთანხმებით, უპასუხეთ არგუმენტებით, ისაუბრეთ ჟურნალისტურ ეთიკაზე, ინფორმაციის სანდოობაზე და არა მის პიროვნებაზე.
სერიოზულად ვამბობ, ცოტა მაინც გადახედეთ წარსულს, ისტორიას. გადახედეთ, რა გაუკეთებია ამ ადამიანს ქართული კულტურისთვის, რამდენი თაობის მუსიკოსის განვითარებაში მიუღია მონაწილეობა, რამდენჯერ გაუტანია საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რამხელა პასუხისმგებლობით ემსახურება ქართულ მუსიკას.
ჩემთვის არც ერთი მათგანის დღევანდელი თანამდებობა, სტატუსი თუ გავლენა არ ღირს ერთ ნიკოლოზ რაჭველად.
მის წინააღმდეგ საჯაროდ გამოთქმულ შეფასებებს რომ ვისმენ, მიჩნდება განცდა, რომ ზოგიერთისთვის დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში მოპოვებული მდგომარეობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიული პრინციპები და ქართული კულტურის მიმართ პატივისცემა.
ერთია, რას წარმოადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ ეპოქაში და სულ სხვაა, რას წარმოადგენ შენი ქვეყნის ისტორიაში.
ნიკოლოზს არ სჭირდება არც თქვენი აღიარება და არც თქვენი კეთილგანწყობა. მან თავისი ადგილი ქართული კულტურის ისტორიაში დიდი ხნის წინ დაიმსახურა.
ხელისუფლებები იცვლებიან, თანამდებობები დროებითია, პროპაგანდასაც თავისი ვადა აქვს. კულტურას კი გაცილებით გრძელი მეხსიერება აქვს.
და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირადი პასუხისმგებლობა. კონკრეტული პოლიტიკური გარემოება, სამსახურის დაკარგვის შიში, ფინანსური კეთილდღეობა თუ კარიერული ინტერესები შეიძლება ხსნიდეს ადამიანის არჩევანს, მაგრამ ავტომატურად ვერ გაამართლებს მას.
ვერც დამსაქმებელი, ვერც ხელმძღვანელი და ვერც თანამდებობა ვერ გაათავისუფლებს ადამიანს საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების მორალური პასუხისმგებლობისგან.
და ძალიან საინტერესოა, წლების შემდეგ, ამ ყველაფრისგან რა დარჩება თქვენგან და რა დარჩება ნიკოლოზ რაჭველისგან.
ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი უკვე ნათელია“, — წერს პიანისტი გიორგი გიგაშვილი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…