Reuters: კიევში რესტორნები იხურება ან მუშაობას დროებით აჩერებს - ბიზნესი ომის მეხუთე ზამთრისთვის ემზადება
რუსეთის თავდასხმების, დენის შეზღუდვებისა და კადრების დეფიციტის გამო კიევში რესტორნები მასობრივად იხურება ან მუშაობას აჩერებს, იუწყება Reuters-ი.

უკრაინის დედაქალაქში რესტორნებისა და კაფეების ნაწილი იხურება ან მუშაობას დროებით აჩერებს. რუსეთის გახშირებული საჰაერო თავდასხმების, ხანგრძლივი ელექტროენერგიისა და წყლის შეზღუდვების, საწვავის გაძვირებისა და პერსონალის დეფიციტის ფონზე, კვების ობიექტების მფლობელებს ბიზნესის შენარჩუნება სულ უფრო უჭირთ, იუწყება Reuters-ი.
სააგენტოს ცნობით, კიევის რესტორნების ნაწილი ომის მეხუთე ზამთარს შემცირებული დატვირთვით ხვდება.
ოდესღაც ხალხმრავალი ხრეშჩატიკის ქუჩა, რომელიც კიევის მთავარ გამზირს წარმოადგენს, ახლა გაცილებით დაცარიელებულია. კაფეებისა და რესტორნების ვიტრინებზე, სადაც ადრე სტუმრების საუბარი, ჭიქების ხმა და მიმტანების ფუსფუსი ისმოდა, ახლა ქირავნობის შესახებ განცხადებებია გამოკრული.
საჰაერო განგაშის სიგნალები დღის განმავლობაში არაერთხელ ირთვება, ხოლო რუსეთის დრონები კიევის ცაში ხშირად ჩნდებიან, რის გამოც ბევრი მცხოვრები ქალაქის ცენტრში გადაადგილებას ერიდება და სახლში დარჩენას ამჯობინებს.
ომის დიდი დროის განმავლობაში კიევის რესტორნები და კაფეები ჩვეულებრივი ცხოვრების ერთგვარ კუნძულებად იქცა - ადგილებად, სადაც ადამიანებს მეგობრებთან შეხვედრა, დასვენება და გათბობაც კი შეეძლოთ, მიუხედავად ხანგრძლივი ელექტროენერგიის გათიშვისა და ომის ყოველდღიური სირთულეებისა.
თუმცა, Gastro Family-ის მფლობელისთვის ოლენა ბორისოვასთვის, დაცარიელებული ქუჩები სექტორის წინაშე არსებული კრიზისის სიმბოლოა. Gastro Family უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი სარესტორნო ქსელია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ათობით ობიექტი აქვს, წერს სააგენტო.
„ყოველ წელს უფრო რთულდება“, - განუცხადა ბორისოვამ Reuters-ს.
მისი თქმით, ქსელმა კიევში ორი რესტორანი დახურა, კიდევ ორი კი აპრილამდე დროებით გააჩერა. ქსელის ერთ-ერთმა ფრენჩაიზმა ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტისპირა ქალაქ სუმშიც, მუშაობა გაზაფხულამდე შეაჩერა.
ბორისოვა ამბობს, რომ წელს რუსეთის თავდასხმების ინტენსივობის ზრდა ბიზნესისთვის მორიგი დარტყმა აღმოჩნდა.
რესტორნების მფლობელებს უკვე უწევთ გამკლავება კომენდანტის საათთან, ელექტროენერგიისა და წყლის ხანგრძლივ გათიშვასთან, საწვავის მკვეთრად გაზრდილ ფასებთან, თანამშრომლების დეფიციტსა და ომის შედეგად ქონებისთვის მიყენებულ ზარალთან.
„როდესაც განგაში დღეში დაახლოებით 20 საათის განმავლობაში გრძელდება, ადამიანები ქალაქის ცენტრში არ მიდიან, თუ ამის აუცილებლობა არ აქვთ“, - განაცხადა ბორისოვამ.
ზღვის პროდუქტების რესტორნების ქსელ Chornomorka-ს განვითარების დირექტორის დმიტრო კოსტრიუბინის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქსელის ობიექტებში მომხმარებელთა ნაკადი დაახლოებით 20%-ით შემცირდა. კომპანიამ კიევში უკვე ორი რესტორანი დახურა და მათ დასავლეთ უკრაინაში გადატანას გეგმავს. ამ რეგიონში, მათ შორის ქალაქ ლუცკში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, რადგან ადამიანები ფრონტის ხაზს შორდებიან.
„ახლა საქმე შემოსავლის მიღებასა თუ მოგებაზე კი არა, გადარჩენაზეა. იღბლიანია ის, ვინც ხარჯების დაფარვას მაინც ახერხებს“, - განაცხადა კოსტრიუბინმა.
კიევში ვითარება განსაკუთრებით გაუარესდა სექტემბრიდან, როდესაც რუსეთმა დედაქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე თავდასხმები გააძლიერა. სამიზნეებს შორის იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რკინიგზის სადგურები, გზები და სავაჭრო ცენტრები, წერს სააგენტო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…