"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა კლუბის ხელმძღვანელობას ანტონიო კონტეს დანიშვნისკენ მოუწოდა. სქოულზის თქმით, იტალიელი სპეციალისტი ამჟამად ხელმისაწვდომ მწვრთნელებს შორის საუკეთესოა და გუნდში არსებული ვითარების შესაცვლელად ყველაზე შესაფერისი კანდიდატია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს შესაძლო დანიშვნის შესახებ ისაუბრა და იტალიელი სპეციალისტის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
"უნდა აირჩიო მწვრთნელი, რომელიც, პრემიერლიგაში კონკურენტუნარიანობას დაგვიბრუნებს. მან მიანიშნა, რომ მოსვლა სურს და თითქმის დარწმუნებული ვარ, კლუბი სამივე კანდიდატს უკვე ესაუბრა. ვერც კი ვხვდები, რატომ უნდა სურდეს მას ეს სამუშაო, რადგან პირადად მე არ მგონია, რომ ეს გუნდი მის დონეს შეესაბამება.
კონტეს ამჟამად ხელმისაწვდომ სპეციალისტებს შორის საუკეთესოდ მივიჩნევ. გაიხსენეთ, რა გააკეთა მან "იუვენტუსში", შემდეგ კი "ნაპოლი" ჩაიბარა და ჩემპიონატი მოიგო. დიახ, ფეთქებადი ხასიათი აქვს, ვიცი, რომ იმპულსურია და ზოგჯერ ცოტა გიჟურიც, მაგრამ როდესაც ტოპკლუბების წარმატებულ მწვრთნელებზე ვსაუბრობთ, ის დანარჩენებზე ბევრად მაღლა დგას.
არ მაინტერესებს, ეს მოკლევადიანი პროექტი იქნება თუ არა. არც ის მადარდებს, გუნდს 18 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს თუ არა. თუ ამ პერიოდში ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებთ, ეს უკვე წარმატება იქნება. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები: კონტე უნდა მოვიდეს და გუნდში ყველაფერი თავდაყირა დააყენოს", - განაცხადა პოლ სქოულზმა პოდკასტში "The Good, The Bad & The Football".
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მაიკლ კერიკი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვონ. პრესაში მის შესაძლო შემცვლელებად, ანტონიო კონტეს გარდა, იულიან ნაგელსმანი და ედი ჰაუ სახელდებიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…