გვარამია საკონსტიტუციოში: ასაკრძალი პარტია თავად „ქართული ოცნებაა“
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას გვარამიამ განაცხადა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება ქვეყნის ევროინტეგრაციას დაასრულებს და კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება. „ქართულმა ოცნებამ“ იგი პოლიტიკურ მანიპულაციაში დაადანაშაულა.

გვარამიამ 29 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაუთმო, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
მისი განმარტებით, ეს ვალდებულება საკონსტიტუციო სასამართლოზეც ვრცელდება და პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე შესაძლო გავლენაც უნდა გაითვალისწინოს.
გვარამიამ გაიხსენა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელშიც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის შექმნილი საფრთხეებია აღწერილი. მან ყურადღება გაამახვილა რეკომენდაციაზეც, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები უნდა გამოიხმოს.
გვარამიამ ასევე ისაუბრა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივ შეჩერებასა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებაზე.
„ამ ფონზე პარტიების აკრძალვა იზოლირებული სამართლებრივი ნაბიჯი არ არის და ვერც იქნება“, - განაცხადა მან.
გვარამიას შეფასებით, სარჩელის დაკმაყოფილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას საბოლოოდ დააზიანებს.
„სასამართლომ, როგორც კონსტიტუციურმა ორგანომ, მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, რომელიც დღეს უკვე გაჩერებულად არის შეფასებული, დასრულებულად ჩაითვლება და ეს შედეგი კონსტიტუციის 78-ე მუხლს პირდაპირ ეწინააღმდეგება“, - განაცხადა გვარამიამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გამოსვლას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, გვარამია სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, რომლებიც სარჩელს არ უკავშირდებოდა.
გორდულაძემ თქვა, რომ გვარამია ფაქტებს არასწორად წარმოაჩენდა და მანიპულირებდა. მან სასამართლოს მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებები შეეზღუდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვისაც მიეცა პოლიტიკური გამოსვლის შესაძლებლობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ გვარამიას გამოსვლა პოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავდა, თუმცა სასამართლომ მას საუბარი არ შეაწყვეტინა, რადგან ეს საკითხები მისი სამართლებრივი არგუმენტაციის ნაწილი იყო.
ამასთან, ნადარაია დაეთანხმა გორდულაძეს, რომ სასამართლოში პოლიტიკური დებატები არ უნდა გაიმართოს.
„ამიტომ ვზღუდავ მაქსიმალურად პოლიტიკური პროცესების განხილვაში შესვლას. ეს არის ჩემი მოტივაცია“, - განაცხადა ნადარაიამ.
რას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ამ ფონზე პარტიების აკრძალვა იზოლირებული სამართლებრივი ნაბიჯი არ არის და ვერც იქნება“
„სასამართლომ, როგორც კონსტიტუციურმა ორგანომ, მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, რომელიც დღეს უკვე გაჩერებულად არის შეფასებული, დასრულებულად ჩაითვლება და ეს შედეგი კონსტიტუციის 78-ე მუხლს პირდაპირ ეწინააღმდეგება“
„ამიტომ ვზღუდავ მაქსიმალურად პოლიტიკური პროცესების განხილვაში შესვლას. ეს არის ჩემი მოტივაცია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…