მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ჩინეთში საგანმანათლებლო სივრცეების დაგეგმვის გამოცდილებას გაეცნენ
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები ქვარა ჩართოლანი და ქეთევან შუბითიძე ჩინეთში გაეცნენ საგანმანათლებლო სივრცეების დაგეგმვის გამოცდილებას, მათ შორის გუანჯოუს საბავშვო ბაღსა და ჰუიჯინგის სკოლის ინფრასტრუქტურას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, ქვარა ჩართოლანი და ქეთევან შუბითიძე, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში საბავშვო ბაღსა და გუანჯოუს თიანჰეს რაიონის ჰუიჯინგის ექსპერიმენტულ სკოლას ეწვივნენ.
დელეგაციის წევრები გაეცნენ სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურას, ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის მოწყობილ სივრცეებსა და საგანმანათლებლო გარემოს. ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, როგორ ითვალისწინებს სივრცეების დაგეგმარება სხვადასხვა ასაკის ბავშვების საჭიროებებს, მათ უსაფრთხოებას და ყოველდღიურ აქტივობებს.
საბავშვო ბაღში სტუმრებმა დაათვალიერეს ჯგუფების ოთახები, თამაშისა და დასვენების ზონები და გარე სათამაშო სივრცე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციით უზრუნველყოფას, ასევე ბავშვებისთვის უსაფრთხო და ასაკის შესაბამისი გარემოს მნიშვნელობას.
ჰუიჯინგის სკოლაში მოსწავლეები ცხრა წლიან სავალდებულო განათლებას იღებენ. სკოლას ორი კამპუსი აქვს, სადაც 4 399 მოსწავლე სწავლობს. დელეგაციას გააცნეს სკოლის საგანმანათლებლო მიმართულებები, მათ შორის ციფრული განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები, სპორტი და შემოქმედებითი აქტივობები.
ვიზიტისას მიღებული გამოცდილება ფონდის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო დაწესებულებების დაგეგმვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს მოწყობის საკითხებში საინტერესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…