რატომ გაჟღერდა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე ოპოზიციის აკრძალვის სხდომაზე
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ენმ-ის წარმომადგენელმა ანი წითლიძემ ნუგზარ ფუტკარაძის საქმე გაიხსენა და განაცხადა, რომ ის მოკლეს, რის გამოც მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მას შენიშვნა მისცა.

„ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა არ გვაქვს, მაგრამ გვექნება“ – „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის 2021 წელს ნათქვამი ეს ფრაზა დღეს, 2026 წლის 27 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანი წითლიძემ შეახსენა სხდომაზე, სადაც განიხილება „ოცნების“ სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე.
დღეს, 27 ოქტომბერს ანი წითლიძემ უპასუხა ბრალდებებს, რაშიც „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. გარდა ამისა, ანი წითლიძემ ჩამოთვალა ის დანაშაულები, რაც მათი პარტიის წინააღმდეგ ჩაიდინეს „ოცნების“ მმართველობის პერიოდში და დღემდე გამოძიებული არ არის.
ენმ-ის ოფისების დარბევისა და სხვა ძალადობრივი ფაქტების გარდა, ანი წითლიძემ დაასახელა ნუგზარ ფუტკარაძის საქმეც.
ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წელს ბათუმის საკრებულოში ენმ-ის კვოტით უნდა შესულიყო, თუმცა არ დასცალდა, იგი გარდაიცვალა და „ნაციონალური მოძრაობა“ ამის მიზეზად მასზე ზეწოლას მიიჩნევს.
„2021 წელს, როდესაც მუნიციპალიტეტებში დაკარგა „ოცნებამ“ იმის შესაძლებლობა, რომ დაეკომპლექტებინა [საკრებულოები], აერჩია თავმჯდომარე და მოადგილეები, მათ დაიწყეს უპრეცედენტო ზეწოლა საკრებულოს წევრებზე.
აქ, ამ ქალაქში, 2021 წელს და საჯაროდ ცნობილი ფაქტებია ეს, გამოქვეყნებული ჩანაწერებით… ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ – „ჩვენ არ გვყავს უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება“, ნუგზარ ფუტკარაძეს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ჩანაწერში ჩანს, რომ მას ეუბნებოდნენ და სთავაზობდნენ 100 000 დოლარს იმის სანაცვლოდ, რომ ეღალატა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის და ქართული ოცნების მხარეს გადასულიყო, რომ ქართულ ოცნებას ჰქონოდა უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობა“ – განაცხადა ანი წითლიძემ.
მან ასევე თქვა, რომ „ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს“, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მას შენიშვნა მისცა, უთხრა, რომ ეს მძიმე ბრალდებაა და სასამართლო ტრიბუნიდან ასეთი ბრალდება აღარ უნდა გაიმეოროს.
ანი წითლიძემ დღეს სხდომაზე აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ „ოცნება“ ენმ-ს ბრალს დებს ისეთ საკითხებში, რაც „ოცნების“ სასამართლოს არ დაუდგენია.
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, როცა ბათუმის საკრებულოში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა. მაშინ ოპოზიციის წევრებს შორის იყო ნუგზარ ფუტკარაძეც.
2021 წლის 19 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბათუმის საკრებულოში „ოცნებას“ ეყოლებოდა უმრავლესობა.
ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ენმ-მ გაავრცელა აუდიოფაილი, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეზე ირიბად ზეწოლას ახდენდნენ, მიანიშნებდნენ, დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობა“ და საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი გამხდარიყო 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საქმე დღემდე არ არის გამოძიებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე 2021 წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“. შსს-ს გამოძიება სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევაზე არ დაუწყია.
დღემდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ ჰქონია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიადაუკვირდით თქვენს განცხადებას! - რევაზ ნადარაიამ ანი წითლიძეს ნუგზარ ფუტკარაძის ხსენების შემდეგ სიტყვა გააწყვეტინა
რევაზ ნადარაია წითლიძეს: როგორ შეიძლება ასეთი საუბარი, რას ნიშნავს ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს. დაუფიქრდით საკუთარ განცხადებებს, ძალიან მძიმე განცხადებაა, ძალიან მძიმე ბრალდება, როგორ შეიძლება ასე ილაპარაკოთ სასამართლოს ტრიბუნიდან
ციტატები სტატიიდან
„ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა არ გვაქვს, მაგრამ გვექნება“
„2021 წელს, როდესაც მუნიციპალიტეტებში დაკარგა „ოცნებამ“ იმის შესაძლებლობა, რომ დაეკომპლექტებინა [საკრებულოები], აერჩია თავმჯდომარე და მოადგილეები, მათ დაიწყეს უპრეცედენტო ზეწოლა საკრებულოს წევრებზე. აქ, ამ ქალაქში, 2021 წელს და საჯაროდ ცნობილი ფაქტებია ეს, გამოქვეყნებული ჩანაწერებით… ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ – „ჩვენ არ გვყავს უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება“, ნუგზარ ფუტკარაძეს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ჩანაწერში ჩანს, რომ მას ეუბნებოდნენ და სთავაზობდნენ 100 000 დოლარს იმის სანაცვლოდ, რომ ეღალატა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის და ქართული ოცნების მხარეს გადასულიყო, რომ ქართულ ოცნებას ჰქონოდა უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…