„მოსამართლეები მორჩილებაში იყვნენო… თქვენ ისინი უვადოდ დანიშნეთ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-5 დღე
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ენმ-ის წარმომადგენლებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა „ქართული ოცნების“ ბრალდებები გააბათილეს და პროცესს ავტორიტარიზმის ლეგალიზაცია უწოდეს.

დღეს, 27 ოქტომბერს, ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის გამოსვლით დაიწყო.
„როცა საუბრობს „ოცნება“, არ გაემიჯნნენ ძალადობასო, თვითონ „ოცნება“ როდის გაემიჯნა გახარიას „გავრილოვის ღამეს“? პირიქით, მას შემდეგ პრემიერად დააწინაურეს…,“- თქვა ანა წითლიძემ და სხვა რამდენიმე ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე ისაუბრა: რის გამო აკრძალეს კონკრეტული პარტიები, მაგალითად, ესპანეთში, მოლდოვაში ან უკრაინაში – ამ ქვეყნებს ივანიშვილის „ოცნება“ ხშირად ახსენებს, არგუმენტით – ევრობიუროკრატიას ეს არ შეუმჩნევიაო.
„ამ დროს ესპანეთში დადასტურდა, რომ იმ კონკრეტულ პარტიას კავშირი ჰქონდა ტერორისტულ ორგანიზაციასთან – ETA, პარტიის წევრები ტერორისტულ აქტებშიც მონაწილეობდნენ… და ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ევროსასამართლომ,“- აღნიშნა ანა წითლიძემ და მერე სხვა ქვეყნები ჩამოთვალა, მაგალითად, თურქეთში აკრძალეს პარტია, რომელიც ქვეყნის შარიათის წესებით მართვას აპირებდა, მოლდოვაში კი პარტია, რომელიც აგრესორი რუსეთისგან ფინანსდებოდა და ასევე, რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ახდენდა.
„ოცნება“ ცდილობს, შექმნას ხელოვნური და სახიფათო პრეცედენტი“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
მან გაიხსენა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ბათუმში, როცა ჯამურად ოპოზიციამ მოიგო და ნუგზარ ფუტკარაძეს – „ნაცმოძრაობის“ წევრს ბათუმის საკრებულოში, 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ოპოზიციის დატოვებას სთხოვდნენ. ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, რაზეც გამოძიება დაიწყო, თუმცა არც ეს საქმე გამოუძიებია „ოცნების“ პროკურატურას.
„ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს,“- ამ ფრაზის თქმის შემდეგ ანა წითლიძე შეაჩერა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, უფრო ზუსტად კი, წითლიძის ნათქვამი მანამდე ჟესტიკულაციით არჩილ გორდულაძემ გააპროტესტა, დეპუტატმა „ოცნების“ პარლამენტიდან.
„ეს მძიმე ბრალდებაა… დაუფიქრდით საკუთარ განცხადებებს,“- ანა წითლიძეს მიმართა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარემ.
ანა წითლიძეც შეეპასუხა მოსამართლეს – სისტემური დანაშაულების ჩადენას გვაბრალებთ და მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილიო.
შემდეგ ანა წითლიძემ „ოცნების“ მაღალჩინოსნები ჩამოთვალა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში თანამდებობებს იკავებდნენ: მაგალითად, დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი…
„დავით სონღულაშვილი, თქვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი ენმ-ს შემომწირველი იყო… სად არის აქ სამართლებრივი ლოგიკა?“- იკითხა ანა წითლიძემ, რომელიც 2012 წლიდან არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
„სისტემურ დანაშაულებზე“ საუბრის დროს ანა წითლიძემ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ახსენა. წითლიძემ „ოცნების“ წარმომადგენლებს შეახსენა, რომ ისინი ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს ამ საქმის გამოძიებას.
„თქვენ ჩაატარეთ ხელახალი გამოძიება. მითხარით, აბა, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრს ამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი?“- „ოცნების“ დეპუტატებს შეუბრუნდა ანა წითლიძე და პაუზის შემდეგ, როცა „ოცნების“ დეპუტატებს არაფერი უთქვამთ, თავად უპასუხა შეკითხვას – „არა“.
„მაშინ რატომაა ეს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემური დანაშაულების ჩამონათვალში?“- მოსამართლეებს გახედა ანა წითლიძემ.
მან ჩამოთვალა ყველა საქმე, რაც „ოცნებას“ სარჩელში აქვს მითითებული ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგალითად:
„სანდრო გირგვლიანის საქმე“, რომლის განმხილველი მოსამართლე, ლევან მურუსიძემ „ოცნებამ“ უვადო მოსამართლედ გაამწესა.
„როინ შავაძის საქმის“ [სერჟანტი, რომელიც 2008 წელს მოკლეს] მთავარი გამომძიებელი რესან კონცელიძე იყო. მას „ოცნებამ“ დეპუტატის მანდატი ჩააბარა.
ანა წითლიძეს აქ აღარ უხსენებია ვასილ როინიშვილი, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს აჭარის პროკურორი იყო. დღეს ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და ოპოზიციის, მათ შორის, ენმ-ის გაუქმებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
სამაგიეროდ, მოსამართლე ვასილ როინიშვილს ანა წითლიძემ ის ამბავი გაახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე რომ იყო. ზურაბ ადეიშვილი კი „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების გაუქმების სარჩელში ბევრჯერ ახსენებს.
„ამ დროს მე ზურაბ ადეიშვილი სულ ერთხელ მყავს ნანახი,“ – ირონია დაეტყო ანა წითლიძეს.
„ვაზაგაშვილის საქმე“, „შარაძის მკვლელობა“ – ეს საქმეებიც „ოცნების“ სარჩელშია ენმ-ს წინააღმდეგ დასახელებული:
„შარაძის მკვლელობაზე დაკავებულმა თქვა, რომ პირადი შურისძიება ამოძრავებდა… რომელიმე ამ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერს აქვს ბრალი წარდგენილი?
ჰკითხეთ მოსარჩელეს: რა ეტაპზეა ამ საქმის გამოძიება? ეს არის ტყუილი და პოლიტიკური ჭორი,“- აღნიშნა ანა წითლიძემ და სარჩელის იმ მონაკვეთსაც შეეხო, სადაც „ნაციონალებს“ კორუფციას აბრალებს „ოცნება“ და ამ დროს „ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან ციხეში სწორედ კორუფციის ბრალდებით, მათ შორის, „ოცნების“ ორგზის პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილი.
„ციხეებში 26 ათასი ვაჟკაცის გაუპატიურებაც მითი აღმოჩნდა“,- „ოცნების“ შემდეგ ბრალდებაზე გადავიდა ანა წითლიძე და ბედუკაძის, ასევე თამაზაშვილის განცხადებები გაიხსენა, რომლებმაც თქვეს, რომ 2012 წელს ციხის ცნობილი კადრების ნაწილი იყო დადგმული და პოლიტიკური მანიპულაციის ნაწილი.
„დღეს ღიად საუბრობენ პატიმრები ციხეში გაუპატიურებაზე…“,- თქვა ანა წითლიძემ და აღნიშნა ისიც, რომ პატიმრების რაოდენობით დღეს საქართველო ევროპაში უკვე მოწინავე ადგილზეა.
ანა წითლიძე „7 ნოემბრის საქმესაც“ გამოეხმაურა:
„მაშინ გადადგა პრეზიდენტი სააკაშვილი და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა… უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში ვართ, ასობით ადამიანი სცემეს და დაასისხლიანეს სხვადასხვა აქციაზე, ოდესმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუღია „ოცნებას“? პირიქით, ირაკლი კობახიძისგან ეს მოვისმინეთ: „ნულოვანი ტოლერანტობა აქციის მონაწილეებს“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფორმაა „ოცნების“ მორიგი ბრალდება ენმ-ს წინააღმდეგ – ამ კომისიამ სააკაშვილს მოარგო რეფორმაო, ამბობს „ოცნება“.
„მაგრამ იმ კომისიის მდივანიც აქ არის – ბატონი თენგიზ შარმანაშვილი,“- „ოცნების“ წარმომადგენლებს შეხედა ანა წითლიძემ, მათ შორის, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატს, თენგიზ შარმანაშვილს, რომელსაც ამჯერად არაფერი უთქვამს.
წითლიძემ აქვე დასძინა, თენგიზ შარმანაშვილის ძმა, თამაზ შარმანაშვილიც რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების სამსახურში იყო: უსკოს თავმჯდომარის მოადგილე იყო ენმ-დან, შემდეგ კი ენმ-ს იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობდაო.
„მოსამართლეები მორჩილებაში იყვნენო“- ამჯერად ენმ-ს მხრიდან სასამართლო ზეწოლის ბრალდებას შეეხო ანა წითლიძე. მისი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემები ნამდვილად არსებობდა ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაგრამ სად წავიდნენ „მორჩილებაში მყოფი მოსამართლეები“?
„მაშინ სასამართლოს მაღალ იერარქიას ეს მოსამართლეები წარმოადგენდნენ ზუსტად: ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე… თქვენ ისინი უვადოდ დანიშნეთ,“- თქვა ანა წითლიძემ.
„ყველაზე მძიმე ნაწილი“ უწოდა ანა წითლიძემ აგვისტოს ომის ნაწილს – სარჩელის თანახმად „ოცნება“ ენმ-ის ხელისუფლებას ადანაშაულებს ომისთვის „ნიადაგის მომზადებაში“.
„ეს უკვე აღარ არის სამართლებრივი აბსურდი, ეს არის ეროვნული კატასტროფა, როცა მმართველი ძალა იმეორებს საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდას,“- მკაცრი ტონით თქვა ანა წითლიძემ.
მან ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც, რომელსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა. „ოცნების“ ლიდერები ხშირად აცხადებენ, რომ ამ რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლება გამოყვანილია, როგორც ომის წინაპირობის შემქმნელი, რეზოლუციას კი მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი.
ანა წითლიძის თქმით, რეზოლუციის ტექსტში სადავო ჩანაწერის გაკეთებას ქართული დელეგაციის რამდენიმე წარმომადგენელი კატეგორიულად ითხოვდა, რომელიც შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. „გამოითხოვეთ ევროსაბჭოს სხდომის ოქმი და ნახავთ, რომ ასეა“, – აღნიშნა მან.
ანა წითლიძეს სასამართლო სხდომის შესვენების დროს ვკითხეთ, ვინ იყვნენ ეს პირები ქართულ დელეგაციაში, რომლებმაც ევროსაბჭომ მოსთხოვეს რეზოლუციის ტექსტში საქართველოსთვის დამაზიანებელი ჩანაწერის გაკეთება. მან გვითხრა, რომ ის ამ ადამიანებს ამ ეტაპზე არ ასახელებს და უმჯობესია, მათი ვინაობა „ოცნებამ“ დაასახელოს.
„იგივე რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ეს ომი იყო „პირდაპირი შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე“, და რომ ამას მოჰყვა „საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია“.
ამ რეზოლუციას რუსეთის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი და დატოვეს სხდომა. თუ ეს რეზოლუცია საქართველოს საწინააღმდეგო იყო, რატომ არ დაუჭირა მას მხარი რუსეთმა?“- „ოცნების“ წარმომადგენლებს ჰკითხა ანა წითლიძემ.
„ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის იმ არგუმენტითაც ითხოვს, რომ არჩევნების შედეგები მათ არ აღიარეს და არ ცნობენ „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას.
ანა წითლიძემ ამ ბრალდების საპირწონედ ეუთოს დასკვნა დაასახელა 2024 წლის არჩევნების შესახებ: საერთაშორისო და ავტორიტეტული ორგანიზაციის, ეუთოს შეფასებით, არჩევნები „სისტემური დარღვევების“ ფონზე ჩატარდა, სადაც ამომრჩევლის ნების გამოსავლენად თავისუფალი გარემო არ იყო უზრუნველყოფილი.
რაც შეეხება „ოცნების“ მთავარი მტკიცებულების, ანუ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის სამართლებრივ ღირებულებას, ანა წითლიძემ ამ კომისიის სხდომაზე გამოცხადებული ერთი პირი – ლერი ბერიტაშვილი გაიხსენა და მოსამართლეებს უთხრა, რაც მან მოყვა, წარმოუდგენელი ფილმის სცენარს ჰგავს, სპაიდერმენსაც შეშურდებაო.
ლერი ბერიტაშვილის გამოკითხვის მიხედვით, მას სახლში ღამით მიაკითხეს, გულში ესროლეს ორი ტყვია, მაგრამ ფანჯრიდან გადახტომა შეძლო, მერვე სართულიდან გადამხტარი კაცი გადარჩა და საკუთარ ბინაში დაბრუნდა, შემდეგ ელექტროშოკით „გული გაუხეთქეს“.
„ფანტასტიკის ჟანრია… ეს არის ის სისტემური დანაშაულები, რაც ამათ აქვთ აქ ჩაწერილი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
თავისი გამოსვლის ბოლოს ანა წითლიძემ „4 ოქტომბრის საქმე“ ახსენა. ამ საქმეზეც მიუთითებს „ოცნება“ თავის სარჩელში – ოპოზიციურ პარტიებს რეალურად სახელმწიფოს გადატრიალება სურთ და ეს განზრახვა 4 ოქტომბერს გამოჩნდაო.
ანა წითლიძის თქმით, კონსტიტუციურ წყობა დაარღვია სწორედ „ოცნებამ“ – „არჩევნების გაყალბებით და ძალაუფლების მიტაცებით“, ამ დროს კი, მოქალაქეების თავდაცვის და სახელმწიფოს დაცვის უკანასკნელი ინსტრუმენტი მშვიდობიანი აჯანყებაა.
„ამ ქვეყანას ჰყავდა ანწუხელიძე და ჰყავდა სერგო ორჯონიკიძეც, თქვენი საქმეა, რომელ გზას დაადგებით,“- ანა წითლიძემ თავისი გამოსვლა დაასრულა და მისთვის გამოყოფილ ადგილს დაუბრუნდა კოლეგების გვერდით.
ტრიბუნასთან ლევან ბეჟაშვილი მივიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი.
„ავტორიტარიზმის ლეგალიზაცია“- ასე დაასათაურა ლევან ბეჟაშვილმა ოპოზიციური პარტიების გაუქმების მიმდინარე საქმე.
მან ისაუბრა ამ კუთხით ევროსასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტზე, რომელიც ეფუძნება პრინციპს – „უნდა არსებობდეს ნათელი და მყისიერი საფრთხე“.
ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ევროსასამართლო საფრთხეებს აკონკრეტებს, მაგალითად, როცა პარტიას ანტიდემოკრატიული იდეოლოგია აქვს და ეს გაცხადებულია.
„ჩვენი იდეოლოგია კი, დაფუძნებულია ეროვნულ ინტერესებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე,“- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ევროსასამართლო გამოყოფს ასევე მიმდინარე ძალადობას, ან პარტიის მიერ გაჟღერებულ, ძალადობრივ გეგმას – საფრთხე არ უნდა იყოს თეორიული.
„ჩვენ არ გვქონია შეიარაღებული ამბოხისკენ მოწოდება… ვიყავით საპარლამენტო ოპოზიცია და ყველა არჩევნებში ვმონაწილეობდით,“- თქვა ლევან ბეჟაშვილმა და აღწერა „ოცნების“ სარჩელის ის მონაკვეთი, სადაც „ოცნება“ საუბრობს იმაზე, რომ მოსალოდნელი საფრთხის არგუმენტით აკრძალეს პარტია თურქეთში, რაც ევროსასამართლოს არ მიუჩნევია დარღვევად.
„ესაა პრეცედენტის განზრახ ფალსიფიკაცია,“- თქვა ლევან ბეჟაშვილმა და განმარტა, რომ თურქეთის შემთხვევაში იმ პარტიას თეოკრატიული განაცხადი ჰქონდა და სახელმწიფოს მართვას შარიათით აპირებდა.
„ოდნავ ნელა რომ ისაუბროთ,“- ლევან ბეჟაშვილს მიმართა მოსამართლე ევა გოცირიძემ. მან წინა სხდომაზეც თქვა, რომ აქტიურად ეცნობა პარტიების აკრძალვის კუთხით ამ დრომდე არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას და თავისთვის ჩანაწერებს აკეთებს.
კამბოჯა, ნიკარაგუა, ვენესუელა, ბელარუსია – ლევან ბეჟაშვილმა იმ ქვეყნებზეც ისაუბრა, სადაც ოპოზიცია გააუქმეს იგივე არგუმენტებით, რაც დღეს აქვს ივანიშვილის „ოცნებას“ ოპოზიციის წინააღმდეგ. მაგალითად, კამბოჯაში ოპოზიციონერებს დაუდასტურეს „უცხოელ აქტორებთან კონტაქტი“, ხოლო ბელარუსში 2021 წლიდან დასჯადია სანქციების დაწესებისკენ მოწოდება.
რუსეთშიც დასჯადია ეს ქმედება, როცა მოქალაქე სანქციების დაწესებას ითხოვს. მას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ, განმეორებით შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესი ამოქმედდება.
„ხომ არ გეცნობათ სიტუაცია?“ – მოსამართლეებს მიმართა ლევან ბეჟაშვილმა და პაუზის შემდეგ საბჭოთა წარსულიც გაიხსენა: გენუის კონფერენციაზე გამოსვლის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოწოდების გამო მაშინდელი პატრიარქი, ამბროსი ხელაია რომ დააპატიმრეს.
ლევან ბეჟაშვილი შეეხო რეპრესიულად შეცვლილ კანონმდებლობაზეც, რომლის შედეგადაც აიკრძალება არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, არამედ ნებისმიერ პირს აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუ ჩათვლიან, რომ ეს პირი დაკავშირებულია აკრძალულ ოპოზიციასთან.
შეცვლილი კანონმდებლობის შესაბამისად, გაუქმებული პარტიის მანდატებიც ავტომატურად უქმდება პარლამენტში და საარჩევნო სია ანულირდება.
„ოცნების“ პარლამენტის მიერ შეცვლილი კანონმდებლობა კრიტიკულად შეაფასა ვენეციის კომისიამ. ეს კანონმდებლობა გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ერთი წელია, მაგრამ „ოცნების“ სარჩელისგან განსხვავებით, ამ საქმის განხილვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს არ მოუცლია.
„ოპოზიციური პარტიების გაუქმება ნიშნავს ფაქტობრივად 100 ათასობით მოქალაქის პოლიტიკური ნების გაუქმებას სასამართლოს ხელით…
ისტორია არ იმახსოვრებს, ვის ჰქონდა კონკრეტულ მომენტში მეტი ძალაუფლება. ის იმახსოვრებს, ვინ რა გააკეთა, როცა ძალაუფლება ჰქონდა.
დღეს თქვენ წყვეტთ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბედს, არამედ იმას, დარჩება საქართველოში კონსტიტუცია ხელისუფლების შემაკავებლად, თუ ის ხელისუფლების ნებას დაექვემდებარება.
თქვენ გადაწყვეტილებას შეაფასებენ – დაიცავით თუ არა სამართალი მაშინ, როდესაც მისი დაცვა ყველაზე რთული იყო.
პარტია შეიძლება დამარცხდეს, პოლიტიკოსი შეიძლება წავიდეს, მაგრამ სამართალი არ უნდა დამარცხდეს ხელისუფლებასთან ერთად. მადლობა“, – ასე მიმართა ენმ-ის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა მოსამართლეებს საკუთარი სიტყვის ბოლოს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დეტალურად მიმოიხილეს ე.წ. წულუკიანის კომისიისთვის მიცემული ჩვენებები, სადაც ბევრი რამაა საეჭვო. ფაქტია ის, რომ ამ დასკვნის საფუძველზე არავინ მიუცია პროკურატურას პასუხისგებაში.
საქმის არსებითი განხილვა ხვალ, 28 ოქტომბერს უკვე კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მოსმენით დაიწყება.
„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი სარჩელით ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
___________________
ფოტოზე: ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ამავე თემაზე:
„ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკა
ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე
რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან
ციტატები სტატიიდან
„ეს მძიმე ბრალდებაა… დაუფიქრდით საკუთარ განცხადებებს,“
„დავით სონღულაშვილი, თქვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი ენმ-ს შემომწირველი იყო… სად არის აქ სამართლებრივი ლოგიკა?“
„თქვენ ჩაატარეთ ხელახალი გამოძიება. მითხარით, აბა, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრს ამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი?“
„მაშინ რატომაა ეს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემური დანაშაულების ჩამონათვალში?“
„მაშინ სასამართლოს მაღალ იერარქიას ეს მოსამართლეები წარმოადგენდნენ ზუსტად: ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე… თქვენ ისინი უვადოდ დანიშნეთ,“
„ეს უკვე აღარ არის სამართლებრივი აბსურდი, ეს არის ეროვნული კატასტროფა, როცა მმართველი ძალა იმეორებს საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდას,“
„ჩვენი იდეოლოგია კი, დაფუძნებულია ეროვნულ ინტერესებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე,“
„ჩვენ არ გვქონია შეიარაღებული ამბოხისკენ მოწოდება… ვიყავით საპარლამენტო ოპოზიცია და ყველა არჩევნებში ვმონაწილეობდით,“
„ესაა პრეცედენტის განზრახ ფალსიფიკაცია,“
„ოდნავ ნელა რომ ისაუბროთ,“
„ხომ არ გეცნობათ სიტუაცია?“
„როცა საუბრობს „ოცნება“, არ გაემიჯნნენ ძალადობასო, თვითონ „ოცნება“ როდის გაემიჯნა გახარიას „გავრილოვის ღამეს“? პირიქით, მას შემდეგ პრემიერად დააწინაურეს…,“
„შარაძის მკვლელობაზე დაკავებულმა თქვა, რომ პირადი შურისძიება ამოძრავებდა… რომელიმე ამ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერს აქვს ბრალი წარდგენილი? ჰკითხეთ მოსარჩელეს: რა ეტაპზეა ამ საქმის გამოძიება? ეს არის ტყუილი და პოლიტიკური ჭორი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…