შავ ზღვაში 2026-2027 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დადგინდა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავ ზღვაში 2026-2027 წლების თევზის მოსაპოვებელი კვოტები განსაზღვრა, საიდანაც ძირითადი სარეწაო სახეობის — ქაფშიის მოცულობა 90 000 ტონას შეადგენს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შავ ზღვაში 2026-2027 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ძირითადი სარეწაო სახეობის - ქაფშიის, რომელიც 90 000 ტონას შეადგენს. გასული წლის მსგავსად, წელსაც მარაგები ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის გენერალური კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრა. სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობის დასადგენად კვლევები უახლესი სტანდარტების, თანამედროვე ეკოსაუნდერის საშუალებით განახორციელეს, რაც სარეწაო რესურსის მაღალი სიზუსტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა.
კვლევების წარმოებისას გათვალისწინებული იყო როგორც ზღვის ეკოსისტემა და ეკოლოგიური მდგომარეობა, ისე მეწარმე სუბიექტების ინტერესები. ჩატარებული კვლევები თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ შეფასების მოდელებს ეფუძნება, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია თევზის პოპულაციების სტრუქტურის, ბიომასისა და თევზჭერის ინტენსივობის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების კვლევები ყოველწლიურად, სარეწაო სეზონის დაწყებამდე ხორციელდება, რადგან მარაგების მოპოვებისათვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება, ხოლო ქაფშიის მოპოვების აქტიური სეზონი საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ძირითადად ნოემბერში იწყება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მარაგის სრულყოფილად შეფასება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ასევე, დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…