სებ-ის მენეჯმენტს არა აქვს უფლება, საბჭოს წევრის საქმიანობა შეამოწმოს ან მოიკვლიოს|სებ "ყეინიშვილის საქმეზე"
ეროვნული ბანკის განცხადებით, მის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება საბჭოს წევრის საქმიანობა შეამოწმოს, რის გამოც „ბიტექსჩეინჯის“ მიერ ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ მიწოდებული მასალების გადამოწმება სებ-ის უფლებამოსილებას სცილდებოდა და საქმე სამართალდამცავებს გადაეცა.

“ეროვნული ბანკის ადმინისტრაციას არა აქვს უფლება განახორციელოს საბჭოს წევრის საქმიანობის შემოწმება ან მოკვლევა” - ასე უპასუხეს სებ-ში BMG-ის კითხვას, რომელიც კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ მასალებზე დაყრდნობით, სებ-ის შიდა მოკვლევის ფარგლებში, საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის ინფორმირებასა და გამოკითხვას შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ როგორც BMG-ის ეროვნულ ბანკში განუცხადეს, შპს „ბიტექსჩეინჯმა“ საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაბამისი (ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო საქმიანობის შესახებ) ინფორმაცია და მასალები მიაწოდა 2026 წლის ივლის-აგვისტოს პერიოდში - თავდაპირველად წერილობით, ხოლო შემდგომ - 26 აგვისტოს - აუდიოჩანაწერების სახით.
“მიღებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მითითებით, განხორციელდა პირველადი შიდა მოკვლევა. მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ წარმოდგენილ საჩივრებში ნახსენები გარემოებების მნიშვნელოვანი ნაწილის სრულყოფილი და საფუძვლიანი გადამოწმება სცილდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას და საჭიროებდა სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობას”, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.
შიდა მოკვლევის შესახებ იყო თუ არა ინფორმირებული ნანა ყეინიშვილი და ასევე, შიდა მოკვლევის ფარგლებში [სებ-ში] ნანა ყეინიშვილი გამოიკითხა? - BMG-ს ამ კითხვას ეროვნულ ბანკში პირდაპირი პასუხი არ გასცეს, მაგრამ წერილობითი პასუხიდან ჩანს, რომ საქმის პროკურატურაში გადაგზავნამდე, სებ-ის ადმინისტრაციას ნანა ყეინიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
"ეროვნული ბანკის ადმინისტრაციამ შპს „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლის, დავით ორჯონიკიძის მიერ სხვადასხვა დროს, ივლის-აგვისტოში მოწოდებული მასალების მიხედვით დაიწყო იმ ფაქტების შესწავლა, რომელიც უშუალოდ ეროვნული ბანკის საოპერაციო საქმიანობას შეეხებოდა.
ეროვნული ბანკის აპარატი და ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობა და ფუნქციები გამიჯნულია ერთმანეთისგან. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციას არა აქვს უფლება განახორციელოს საბჭოს წევრის საქმიანობის შემოწმება ან მოკვლევა. ასევე, საბჭოს წევრს არ აქვს უფლება ჩაერიოს ეროვნული ბანკის აპარატის მიმდინარე საქმიანობაში, ამ შემთხვევაში, მოკვლევის პროცესში”, - ნათქვამია სებ-ის პასუხში.
ცნობისთვის: უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებულმა ნანა ყეინიშვილმა სებ-ის საბჭო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთვის უცნობია, უკვე დაიკითხა თუ არა ნანა ყეინიშვილი, ასევე, კრიპტოკომპანია "ბიტექსჩეინჯის” მფლობელი და დირექტორი, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. შეგახსენებთ: “რადიო თავისუფლების გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი სთხოვდა წილს "ბიტექსჩეინჯის" მფლობელს, რომელმაც სუსთან შეთანხმებით სებ-ის საბჭოს წევრი ფარულად ჩაწერა და 2024 წელს მასალა სუსს გადაუგზავნა, თუმცა სუსის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ორი წლის შემდეგ კი, 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა “ბიტექსჩეინჯი” ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით დააჯარიმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც 9 წევრისგან შედგება, უმაღლეს ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას. სებ-ის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით პარლამენტი ამტკიცებს.
ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებები:
ა) განიხილოს და დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვისა და განკარგვის ძირითადი პრინციპები;
ბ) დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი;
გ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი;
დ) შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები;
ე) განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური საქმიანობის ანგარიში და საფინანსო ანგარიშგებანი;
ვ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;
ზ) (ამოღებულია - 03.09.2015, №4188);
ზ1) განსაზღვროს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები;
თ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურა და დებულება;
თ1) დანიშნოს ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისიის წევრები, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე, და განსაზღვროს ამ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
თ2) მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრად დარგის ექსპერტის მოწვევის შესახებ; განსაზღვროს აღნიშნული დარგის ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის წესი და შრომის ანაზღაურების ოდენობა;
ი) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
ციტატები სტატიიდან
„ეროვნული ბანკის ადმინისტრაციას არა აქვს უფლება განახორციელოს საბჭოს წევრის საქმიანობის შემოწმება ან მოკვლევა“
„მიღებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მითითებით, განხორციელდა პირველადი შიდა მოკვლევა. მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ წარმოდგენილ საჩივრებში ნახსენები გარემოებების მნიშვნელოვანი ნაწილის სრულყოფილი და საფუძვლიანი გადამოწმება სცილდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას და საჭიროებდა სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობას“
„ეროვნული ბანკის ადმინისტრაციამ შპს „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლის, დავით ორჯონიკიძის მიერ სხვადასხვა დროს, ივლის-აგვისტოში მოწოდებული მასალების მიხედვით დაიწყო იმ ფაქტების შესწავლა, რომელიც უშუალოდ ეროვნული ბანკის საოპერაციო საქმიანობას შეეხებოდა. ეროვნული ბანკის აპარატი და ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობა და ფუნქციები გამიჯნულია ერთმანეთისგან. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციას არა აქვს უფლება განახორციელოს საბჭოს წევრის საქმიანობის შემოწმება ან მოკვლევა. ასევე, საბჭოს წევრს არ აქვს უფლება ჩაერიოს ეროვნული ბანკის აპარატის მიმდინარე საქმიანობაში, ამ შემთხვევაში, მოკვლევის პროცესში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…