255 942 ლარი – საკონსტიტუციო სასამართლოს საიუბილეო ხარჯები, 260 ათასი ლარი – ახალი ჯიპი
საკონსტიტუციო სასამართლომ 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ბიუჯეტიდან, ტენდერის გარეშე, 255 942 ლარი დახარჯა, ხოლო ღონისძიებამდე ერთი თვით ადრე 260 ათას ლარად Toyota-ს მარკის ახალი ჯიპი შეიძინა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი 30 წლის იუბილე „ჰილტონში“ საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებით აღნიშნა. კონფერენციის ჩასატარებლად კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ტენდერის გარეშე, ჯამში 255 942 ლარი დაიხარჯა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2026 წლის 21 ოქტომბრიდან „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვა მიმდინარეობს, თუმცა სასამართლომ თავისი საიუბილეო ღონისძიებების გამო საქმის განხილვა 1 კვირით გადადო. 5 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ კი სასამართლომ საერთაშორისო კონფერენცია გამართა.
კონფერენციის ჩატარებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი „საჭიროებისთვის“ 2026 წელში გამოშვებული Toyota-ს მარკის ჯიპი [Toyota LC300 3.5P Hybrid პაკეტი SE] იყიდა, რომელშიც 260 ათასი ლარი გადაიხადა. ეს თანხა ზემოთ აღნიშნულ საიუბილეო ხარჯებში არ შედის.

ახალნაყიდი Toyota LC300 საკონსტიტუციო სასამართლოსთან / 11.11.2026
საიუბილეო ხარჯებში არ შედის არც მაკიაჟის სპეციალისტისთვის გადახდილი 130 ლარი. მაკიაჟის სპეციალისტი იუბილეს აღნიშვნამდე, ოქტომბრის თვეში დაიქირავა საკონსტიტუციომ „სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდისათვის ფოტოგალერეის განახლების მიზნით“.
ვიდრე საიუბილეო ხარჯებს დეტალურად ჩავშლით, აქ აღვნიშნავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საერთაშორისო კონფერენციისთვის იყიდა ერთი ცალი „საქართველოს კონსტიტუცია“ 180 ლარად, ერთი ცალი თეთრი ტორტი კი – 400 ლარად.
საკონსტიტუციო სასამართლოს საიუბილეო/საკონფერენციო ხარჯები
[მონაცემები აღებულია სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე 17 ნოემბრის მდგომარეობით ატვირთული დოკუმენტებიდან]
77 019 ლარი – გადახდილია შპს „ტურინვესტისთვის“ – „ჰილტონში“ მიღებისა და ოფიციალური სადილის ხარჯისთვის
3 304 ლარი – შპს „ტურინვესტი“ – საკონფერენციო დარბაზის დაქირავება „ჰილტონში“
ამონარიდი ინვოისიდან
36 642 ლარი – შპს „ტურინვესტი“ – სასტუმროს მომსახურების ხარჯი [ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება და სხვა]
153 ლარი – შპს „ბორანი 888“ – მიღებისა და ოფიციალური სადილის ხარჯი
300 ლარი – ი/მ ოთარ ბიწკინაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს ბრენდირებით კრისტალის საჩუქარი [3 ცალი]
2 400 ლარი – ი/მ ოთარ ბიწკინაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს ბრენდირებით კრისტალის საჩუქარი [20 ცალი]
150 ლარი – ი/მ თეონა მჟავანაძე – კერამიკული თეფში საქართველოს ხედით, სასაჩუქრე ყავის ჭიქა ქართული ორნამენტებით
1 585 ლარი – შპს „ნოდო“ – მრგვალი მინის კრისტალი სადგამით; რომბის ფორმის კრისტალი; ბათუმის ხედით სასაჩუქრე თეფში; თავსაფარი ქართული ორნამენტებით
1 485 ლარი – შპს „ბადაგი“ – 33 ლარიანი ტომარა მინი-ჩურჩხელებით [45 ცალი]
14 000 ლარი – შპს „შატო კვირიკე“ – სარესტორნო მომსახურება
885 ლარი – შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ – სასტუმროს მომსახურება
400 ლარი – შპს „დონა“ – ტორტი თეთრი 1 ცალი
160 ლარი – შპს „გრიინ ინვესტ“ – ჭაჭა პრემიუმი 0,7 ლ [5 ცალი]
109 ლარი – შპს „ინჯოი“ – ქაღალდის ჩანთები
399 ლარი – შპს „ალკორითეილ გრუპ“ – ალკოჰოლური სასმელი Absolut Blue, 1 L 40% – არაყი აბსოლუტი ბლუ [10 ცალი]
5 120 ლარი – შპს „თრეველლენდი“ – ავიაბილეთები
360 ლარი – შპს „თიდი თრანსლეიშენ გრუპი“ – კონფერენციასთან დაკავშირებით თანმიმდევრული თარგმანი [ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით; რუსული ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით]
7 882 ლარი – შპს „სი-ეს-ენ კავკასია“ – კონფერენციის სინქრონული თარგმანი [ინგლისური-ქართული-ინგლისური; ინგლისური-რუსული-ინგლისური და სინქრონული თარგმანი გალა-ვახშმისთვის 3 ენაზე – ინგლისური-ქართული-რუსული]
34 800 ლარი – შპს „ალფა სტუდიო“ – სატელევიზიო მომსახურება: მოძრავი სატელევიზიო სადგური, სატელევიზიო ამწე, სატელევიზიო განათება, ტექნიკური ჯგუფის ანაზღაურება, გენერატორი [საწვავით და გაყვანილობით]
29 500 ლარი – შპს „ვესტ სერვისი“ – კონფერენციასთან დაკავშირებით გათვალისწინებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურება [სინქრონულ თარგმანთან დაკავშირებული ტექნიკისა და ინვენტარის დაქირავება, ასევე დელეგაციის მიღების ღონისძიებასთან დაკავშირებით გახმოვანების ტექნიკით უზრუნველყოფა / ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ 5 ნოემბერს]
11 500 ლარი – ი/მ რევაზ ბაინაზიშვილი – სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიების ორგანიზება
900 ლარი – ი/მ მარიამ კაკაბაძე – ყვავილების კომპოზიცია
2 500 ლარი – ი/მ ლაშა ფალავანდიშვილი – იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით ფოტომომსახურება
4 360 ლარი – შპს „უნივერსალი“ – 100 ცალი წიგნი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წელი 1996-2026“
9 961 ლარი – შპს „ბეტა პრინტი“ – ბრენდირებული ღვინის ჩანთები, „საქართველოს კონსტიტუცია“ 1 ცალი, საინფორმაციო ფურცლები, ბროშურები, ბეიჯები, მოსაწვევები, აბრები საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგოთი და სხვა.
6 640 ლარი – შპს „ბენე ექსკლუზივი“ – საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით ტრანსპორტით გადაადგილების მომსახურება
1 900 ლარი – შპს „საკანცელარიო სახლი“ – დროშის სადგამები და გამშლელები
1 528 ლარი – შპს „ფლაგ არტი“ – სხვადასხვა ქვეყნის დროშები
საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის 7 860 000 ლარია გამოყოფილი. აქედან 5 517 000 ლარი – ხელფასებისთვის.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აქედან 5 914 000 ლარი – ხელფასებისთვის. ანუ, მომავალ წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხელფასებისთვის გათვალისწინებული თანხა 397 ათასი ლარით იზრდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…