ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვისქართული ოცნებალელონაციონალური მოძრაობაფედერალისტებიიუსტიციის სამინისტრო

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე ოპოზიციის მიერ დაყენებული 11-ვე შუამდგომლობა, მათ შორის მოწმეების გამოძახებისა და სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, უარყო.

ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე
ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმებათუმელები

„არ დაკმაყოფილდეს“ – 22 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართული სასამართლოს პროცესის ბოლოს მოსამართლე რევაზ ნადარაიას მიერ ნათქვამ ამ ფრაზას დარბაზში ხმაურიანი ჩაცინება მოჰყვა.

საქმე იმაშია, რომ მოსამართლემ ეს ფრაზა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის პროცესზე უკვე 11-ჯერ თქვა – ოპოზიცია დღეს და გუშინაც ითხოვდა სხვადასხვა მოწმის წარმოდგენას, მტკიცებულების გამოთხოვას, სტრასბურგის სასამართლოსთვის კონსულტაციისთვის მიმართვას, მაგრამ 11 შუამდგომლობიდან სასამართლომ არცერთი არ დააკმაყოფილა.

ხვალ, 23 ოქტომბერს, განსახილველი მხოლოდ გახარიას პარტიის 3 შუამდგომლობა დარჩა.

თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დარჩენილი სამი შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა, გამოვა, რომ ამ საქმის არსებითი განხილვა ძირითადად ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის განხილვას დაეთმობა, რაც „ოცნებისთვის“ მთავარი მტკიცებულება და რომლითაც ივანიშვილის პარტია ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს. სხვა მოწმის წარმოდგენა „ოცნებას“ ამ დრომდე სასამართლოში არ მოუთხოვია.

დღეს, 22 ოქტომბერს, ოპოზიციური პარტიების გაუქმების საქმის არსებითი განხილვის მეორე დღემაც ისე ჩაიარა, რომ გაუგებარია მთავარი:

რას ედავებიან კონკრეტულად ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს?

დღეს დაყენებული რიგით მე-11 შუამდგომლობაც ამ საკითხს ეხებოდა და იგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დასვა:

საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალოს მოსარჩელეს, კონკრეტულად დაასახელოს, რომელ პარტიას რას ედავებიან და რა დასაბუთებით?

მაგალითად, როგორ ედავებიან 2008 წლის ომის დაწყებას გახარიას პარტიას, ან „ლელოს“, როცა ეს პოლიტიკური ძალები 2008 წელს საერთოდ არ არსებობდნენ?

სხვათა შორის, ამ საკითხზე 21 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემაც მიმართა „ოცნების“ დეპუტატებს: გაგვაგებინეთ, რომელ პარტიასთან რა „სამდურავი“ გაქვთო.

დღევანდელ სხდომაზე კი, ახლად დანიშნულმა მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ყველაფერი გასაგებია.

„მოთხოვნა გასაგებია, წყობა მოთხოვნის გასაგებია, თვითონ სარჩელის წყობაც გასაგებია,“ – თქვა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა.

„ქალბატონ ევას უთხარით მაშინ, რომლისთვისაც არ არის გასაგები“, – სიტუაციით ისარგებლა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. მასაც ჰქონდა მსგავსი შინაარსის შუამდგომლობა, რომლის დაკმაყოფილებაზეც სასამართლომ ასევე უარი თქვა.

სერგო მეთოფიშვილმა „გამოსავალი“ იპოვა – სარჩელში არსებული გაუგებრობა და ბუნდოვანება მედიას გადააბრალა: „სხვანაირად ინტერპრეტაცია ამის და სხვა კონტექსტში გადმოცემა მოხდა მარტო მხარეების მიერ არა, მედიის მიერაც“ – თქვა მან.

„ბრალდებულსაც კი აქვს უფლება, იცოდეს, რაშია ბრალდებული. აღწერონ ბრალი, რასაც გვედავებიან“ – „ოცნების“ დეპუტატებს მიმართა ბერდია სიჭინავამ პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.

„ვერ დავავალდებულებთ, როგორ ჩამოაყალიბოს მოსარჩელემ სარჩელი… ჩემთვის გასაგებია, ვის რა მიემართება,“ – აღნიშნა პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

„მაშინ ჩვენც გაგვაგებინეთ, ბატონებო, რას გვედავებიან,“ – მიუბრუნდნენ მოსამართლეებს ოპოზიციონერები, თუმცა მათთვის პასუხი არავის გაუცია.

სასამართლოში ჯამურად 5 შუამდგომლობა ჰქონდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიციას ცვლილებებისთვის“ – 2, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ – 3, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ -4.

„ოცნება“ ითხოვს „ფედერალისტების“ აკრძალვასაც, თუმცა ამ პარტიის წარმომადგენლები სასამართლო განხილვას არ ესწრებიან.

დღეს, 22 ოქტომბერს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შუამდგომლობით დაიწყო:

„ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს იმ არგუმენტითაც, რომ 2024 წელს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები უარყვეს და „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.

კიდევ უფრო მძიმე ამბავი ისაა, რომ სარჩელში „ოცნებამ“ პირდაპირ ჩაწერა ეს: „2008 წლის აგვისტოში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად…“

„მოწმის სახით ვის დაკითხვას ითხოვთ?“- ნიკა გვარამიას მიმართა პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

ნიკა გვარამიამ უთხრა მოსამართლეს, რომ ინკვიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ თავად უნდა გაარკვიოს, რა მტკიცებულებები და რომელი მოწმეებია საჭირო „სიცხადის დასადგენად“.

„დროს წელავთ,“- ნიკა გვარამიას გამოხედა რევაზ ნადარაიამ.

„ეს კოლეგიის გადაწყვეტილებაა?“- დანარჩენ 6 მოსამართლეს მიუბრუნდა ამჯერად ნიკა გვარამია.

„ეს ჩემი პოზიციაა,“- კოლეგებს გადახედა რევაზ ნადარაიამ. ნიკა გვარამიამ პლენუმის თავმჯდომარეს უთხრა, რომ ამის უფლება არ აქვს.

„პოლიტიკურ პოზიციებს აჟღერებს, რაც შეფუთულია შუამდგომლობით,“- სიტყვა არ ეკუთვნოდა, მაგრამ ლაპარაკი არ შეაწყვეტინა რევაზ ნადარიამ არჩილ გორდულაძეს – დეპუტატს „ოცნების“ პარლამენტიდან.

„ნახოს თანდართული მასალები“, -დასძინა არჩილ გორდულაძემ, თითქოს სარჩელით ან თანდართული მასალებით დგინდება, მაგალითად, აგვისტოს ომი საქართველომ რომ დაიწყო.

„აქ საუბარია იმაზე, რომ მოპასუხეს არ აქვს შესაძლებლობა, თავად მოიპოვოს მტკიცებულება… ისე წარმართავთ სხდომას, რომ არ შეესაბამება საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. სასამართლო ებრძვის მხარეს, მიკერძოებული ხართ,“ – მოსამართლეებს მიმართა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ნიკა გვარამიამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური პოზიცია სტრასბურგის სასამართლოში იყო სხვა, „ოცნების“ სარჩელში კი, პირიქით, აგვისტოს ომში საქართველოა დადანაშაულებული.

„მე მაინტერესებს, იუსტიციის სამინისტროს ხაზი ხომ არ შეიცვალა?“- იკითხა ნიკა გვარამიამ. მან მოითხოვა ასევე 2008-2022 წლებში ჰააგის სასამართლოს პროკურორისთვის საქართველოს მიერ გადაცემული მასალები აგვისტოს ომის დაწყების გარემოებებზე.

რევაზ ნადარაია სხვა პარტიების წარმომადგენლების პოზიციით დაინტერესდა:

„ამ წუთამდეც არ ვიცით, მაგალითად, ომთან დაკავშირებით ვართ თუ არა საერთოდ მოპასუხე, ეს არ წერია სარჩელში არსად… არ ვიცი, თავი უნდა დავიცვა თუ არა,“- აღნიშნა “ლელოს” წარმომადგენელმა.

„უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,“- თქვა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა და ყურადღება აგვისტოს ომზე გაამახვილა.

„დრო გვჭირდება პოზიციის ჩამოსაყალიბებლად“,- ფეხზე წამოდგა ამ დროს „ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი კახიანი, თუმცა ამ დროს დარბაზში შემობრუნდა არჩილ გორდულაძე და მოსამართლეებს ჟესტიკულაციით ანიშნა, მზად ვარ, მე ვილაპარაკებო.

„მხარე ცდილობს, საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში, შოუს ელემენტების შემოტანა უნდათ,“- მოკლედ ჩამოაყალიბა სათქმელი „ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.

„ეს კომისია აქ გადმოტანილია უკვე,“- ე.წ. წულუკიანის კომისიაზე მიუთითა ისევ „ოცნების“ დეპუტატებს ნიკა გვარამიამ.

პლენუმი ამ შემთხვევაში სათათბიროდ გავიდა. დარბაზში ისევ დისკუსია გაჩაღდა: ყველა პარტიას თავისი მხარდამჭერი ჰყავს. სასამართლო პროცესს დღესაც ესწრებოდნენ „ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტები.

„თქვენ ერთპარტიულობა იცით საერთოდ რას ნიშნავს? წარმოდგენა გაქვთ, სად ვიცხოვრებთ?“ – აღელვება დაეტყო ერთ გოგოს და უკანა ფლანგზე ჩამწკრივებულ „ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართა.

„ასაკრძალი უნდა აიკრძალოს“- უხერხულობა არ დასტყობია ერთ-ერთს „ოცნების“ მხარდამჭერებიდან, თუმცა დისკუსიას თავი აარიდა.

„დაწყნარდით,“- გამოჩნდნენ მანდატურები.

„რატომ ჩათვალეთ სარწმუნო მტკიცებულებად ე. წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა, სადაც ომის დაწყებაში საქართველოა დადანაშაულებული, ამ დროს ჰააგის სასამართლო, ევროსასამართლო საპირისპიროს ამბობს?”- საკონსტიტუციო სასამართლოს დერეფანში ვკითხეთ თენგიზ შარმანაშვილს, „ოცნების“ დეპუტატს.

„ეს არ იყო წულუკიანის კომისია… არ გპასუხობთ,“- გაბრაზდა დეპუტატი.

მოსამართლეები დარბაზში დაბრუნდნენ და თქვეს, რომ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

„თუ არ იქნება საკმარისი წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მისაღებად, თვითონ სასამართლო გამოითხოვს მას მხარისგან,“- ნიკა გვარამიას მიმართა რევაზ ნადარაიამ

„ასეთი პრაქტიკა არსებობს,“- დასძინა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

„ჩვენ რით ვოპერირებთ, თუ მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა არ მოგვეცით? პასუხი როგორ უნდა გავცე? როგორ დავადასტურო, რომ მათი დასკვნა პირობითად ომის დაწყებაზე მცდარია და ამას სჭირდება, მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტები. ის პარლამენტია და ყველა დოკუმენტზე მიუწვდება ხელი…,“ – აღნიშნა ნიკა გვარამიამ, თუმცა ნადარაიამ მას იგივე გაუმეორა.

„შეჯიბრებითობა არ ჰქვია ამას. ამას საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ ჰქვია,“- ხმამაღლა მიმართა მოსამართლეებს ნიკა გვარამიამ.

ტრიბუნასთან ამჯერად „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე მივიდა თავისი შუამდგომლობებით:

„ევროსასამართლოს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსულტაციო დასკვნისთვის… ასეთი რამ არსად მომხდარა, ბარიერგადალახული პარტიები ყველა ერთად აეკრძალოთ. რაც ახლა იწერება ამ პროცესებით, განსაზღვრავს საქართველოს მომდევნო ათწლეულებს,“- აღნიშნა გიორგი სიორიძემ, თუმცა ვიდრე ის თავის სათქმელს იტყოდა, „ქოცების სარჩელი“ ახსენა, რაც „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა გააპროტესტა -ეს შეურაცხმყოფელიაო.

რევაზ ნადარაიამ „ლელოს“ წარმომადგენელს შენიშვნა მისცა და იქვე დასძინა: „ვიფიქრე, მომესმაო“. ამ შენიშვნით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მისი აზრითაც შეურაცხმყოფელია სიტყვა „ქოცის“ გამოყენება.

„ქოცი დამკვიდრებულია, თუ შეურაცხმყოფელია, აღარ გამოვიყენებ. მე ლელოელი ვარ და ვამაყობ ამით,“- მოსამართლეებს უთხრა გიორგი სიორიძემ.

ნდობის კრიზისზე ისაუბრა ირაკლი კუპრაძემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მან ყურადღება გაამახვილა მანანა კობახიძეზე, რომელიც მოსამართლე იყო და ამ საქმის გამო სასამართლო დატოვა. ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ეს ამბავი და სხვა ფაქტების ქრონოლოგია სასამართლოს მიმართ ნდობას ამცირებს, ამიტომაც საჭიროა, საკონსტიტუციომ ევროსასამართლოს მიმართოს, რადგან ნდობა სწორედ ევროსასამართლოს აქვს.

„ევროსასამართლოს საკმაოდ მდიდარი პრაქტიკა აქვს მსგავს საქმეებზე,“- აღნიშნა „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა. მისი აზრით, სწორედ ამიტომ არაა მნიშვნელოვანი ევროსასამართლოსთვის მიმართვა, რადგან ყველაფერი ისედაც ცხადია.

ამის საილუსტრაციოდ გიორგი კახიანმა მოიყვანა იტალიის საქმე Herri Batasuna and Batasuna v. Spain, სადაც რამდენიმე პოლიტიკური ძალა აკრძალეს ერთდროულად. საუბარია პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც დაუდასტურეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ETA-თან პირდაპირი კავშირი. ამ ტერორისტულ ორგანიზაციას კი ასობით ადამიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

ევროსასამართლოს ზედა პალატა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის შემთხვევაში გამოსცემს დასკვნას, რომელიც არის სარეკომენდაციო ხასიათის.

„ეს სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობაა,“- განაცხადა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ „ადგილზე თათბირის შემდეგ“. გადაწყვეტილებაზე განმარტებების გაკეთება კი, მოსამართლე ევა გოცირიძემ გადაწყვიტა:

„არ არსებობს შეკითხვა, რაც ჩემთვის ბუნდოვანია და მივმართავდით სტრასბურგის სასამართლოს,“- სტრასბურგისთვის არაფერი მაქვს საკითხავიო, დაახლოებით ასე გამოუვიდა სათქმელი მოსამართლე ევა გოცირიძეს.

მან იქვე დასძინა:

„თუ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას დავეთანხმებით, მეორე მხარე გვეტყვის, სხვისი აზრით იმოქმედესო. თუ არ გავითვალისწინეთ, გვეტყვიან, რომ სტრასბურგმა ასე ბრძანა და თქვენ არ დაექვემდებარეთო,“- აღნიშნა ევა გოცირიძემ.

„სახალხო დამცველმა ხომ არ წარმოადგინა შემთხვევით სასამართლო მეგობრის მოსაზრება, ანუ ამიკუსი?“- იკითხა „ლელოს“ წარმომადგენელმა.

„ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არის,“- თქვა რევაზ ნადარაიამ.

სახალხო დამცველს შეუძლია თავისი მოსაზრება მიაწოდოს სასამართლოს ნებისმიერ, მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპამდე სახალხო დამცველს თავისი ხედვა სასამართლოსთვის ოპოზიციის გაუქმებაზე არ წარმოუდგენია.

„ფეხზე წამოდექით… პატივი ეცით სასამართლოს,“- მანდატურის ხმა ხმამაღლა გაისმა შესვენების შემდეგ, როცა ხალხით სავსე დარბაზში შემოვიდნენ მოსამართლეები.

შესვენების შემდეგ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ მორიგი შუამდგომლობა დააყენა – ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის მოწვევა პროცესზე, რომლებიც „ოპოზიციის აკრძალვის საქმეს“ შეაფასებენ.

საუბარია იმ ექსპერტებზე, რომელთა ჩართულობით რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დასკვნა ვენეციის კომისიამ. ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა ეხებოდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებს, ამ ცვლილებების მიხედვით კი, „ოცნებას“ შეეძლება უკვე ნებისმიერ პირს აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა იმ არგუმენტით, რომ იგი „დაკავშირებულია“ რომელიმე უკვე აკრძალულ პარტიასთან.

„ეს დასკვნები უკვე გამოქვეყნებულია. ფიქრობთ, რომ წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს?”- იკითხა ევა გოცირიძემ.

„დასკვნებში შეფასებულია კონკრეტული ნორმები, აქ კი საუბარია კონკრეტულ დავაზე, მგონი, მარტივია,“- გაღიზიანება დაეტყო გიორგი სიორიძეს.

მოსამართლეებს ადგილზე თათბირისთვის სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ – ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს და რევაზ ნადარაია ისევ განაცხადა: „არ დაკმაყოფილდეს“.

„რაში დაეხმარებოდა ეს მხარეს ან სასამართლოს, გაუგებარია… ევროპელ კარგ იურისტებს შეგვიძლია სხვაგანაც მოვუსმინოთ“,- აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

„ერთხმად მიიღეთ?“- ჰკითხა მოსამართლეებს ნიკა გვარამიამ.

„დიახ“,- განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

აქვე მოსამართლე ევა გოცირიძემ ისიც თქვა: გადაწყვეტილებაში ნახავთ, ვენეციის კომისიის დასკვნებს როგორ მიესადაგება ჩვენი გადაწყვეტილებაო.

„ანუ დაწერილია გადაწყვეტილება უკვე“, -ჩაილაპარაკა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.

„ეს ძალიან ცუდი რეპლიკა იყო“- რეპლიკის შემჩნევა ამჯობინა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.

„ლელოს“ მესამე შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოში 2025 წლის ოქტომბერში, ანუ 1 წლის წინ შესული სარჩელის დროულად განხილვას ეხება. ამ სარჩელით „ლელო“ ითხოვდა იმ სამართლებრივი ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევას, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. ეს საქმე სასამართლოს ამ დრომდე თაროდან არც კი ჩამოუღია მიუხედავად იმისა, რომ კანონი ადგენს სარჩელის განხილვის 9-თვიან ვადას.

სამაგიეროდ, მიღებიდან მალევე და დაჩქარებული ტემპით საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ოცნების“ სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე.

„ორივე საქმის განხილვა თქვენს ხელშია. რატომ არ დაიწყო იმ სარჩელის განხილვა? განმწესრიგებელი სხდომა რატომ არ ჩატარდა?“ – ნიკა გვარამიამაც დაუჭირა მხარი „ლელოს“ წარმომადგენელს და ხაზი გაუსვა ამ საქმის კიდევ ერთ აბსურდულობას:

საკონსტიტუციო სასამართლო პირდაპირ განიხილავს პარტიის აკრძალვის საკითხს. თუ პარტიებს აკრძალავენ და სასამართლო შემდეგ დაადგენს, რომ პოლიტიკური საქმიანობის შემზღუდავი ახალი კანონები არაკონსტიტუციურია, გაუქმებული პარტიები რას გააკეთებენ?

„არანაირი კავშირი არ არსებობს ამ ორ სარჩელს შორის,“ – მიმართა მოსამართლეებს გიორგი კახიანმა, „ოცნების“ დეპუტატმა.

„სხვა მუხლებიც გვაქვს გასაჩივრებული, ამიტომაც ჯერ სასამართლომ ამ ნორმების კონსტიტუციურობაზე უნდა იმსჯელოს, ვიდრე განიხილავს პარტიების ანტიკონსტიტუციურობის საკითხს,“- „ლელოს“ წარმოდგენილ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმაც.

„არ დაკმაყოფილდეს“ – აქაც ნაცნობი ფრაზა გაისმა უკვე პლენუმის თავმჯდომარისგან.

საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 23 ოქტომბერს, დილის 12 საათიდან გაგრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოთხოვნა გასაგებია, წყობა მოთხოვნის გასაგებია, თვითონ სარჩელის წყობაც გასაგებია,“
სერგო მეთოფიშვილი
„ქალბატონ ევას უთხარით მაშინ, რომლისთვისაც არ არის გასაგები“
ნიკა გვარამია
„სხვანაირად ინტერპრეტაცია ამის და სხვა კონტექსტში გადმოცემა მოხდა მარტო მხარეების მიერ არა, მედიის მიერაც“
სერგო მეთოფიშვილი
„ბრალდებულსაც კი აქვს უფლება, იცოდეს, რაშია ბრალდებული. აღწერონ ბრალი, რასაც გვედავებიან“
ბერდია სიჭინავა
„ვერ დავავალდებულებთ, როგორ ჩამოაყალიბოს მოსარჩელემ სარჩელი… ჩემთვის გასაგებია, ვის რა მიემართება,“
რევაზ ნადარაია
„მოწმის სახით ვის დაკითხვას ითხოვთ?“
რევაზ ნადარაია
„დროს წელავთ,“
რევაზ ნადარაია
„ეს კოლეგიის გადაწყვეტილებაა?“
ნიკა გვარამია
„ეს ჩემი პოზიციაა,“
რევაზ ნადარაია
„პოლიტიკურ პოზიციებს აჟღერებს, რაც შეფუთულია შუამდგომლობით,“
არჩილ გორდულაძე
„აქ საუბარია იმაზე, რომ მოპასუხეს არ აქვს შესაძლებლობა, თავად მოიპოვოს მტკიცებულება… ისე წარმართავთ სხდომას, რომ არ შეესაბამება საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. სასამართლო ებრძვის მხარეს, მიკერძოებული ხართ,“
მაია კოპალეიშვილი
„მე მაინტერესებს, იუსტიციის სამინისტროს ხაზი ხომ არ შეიცვალა?“
ნიკა გვარამია
„მხარე ცდილობს, საგამოძიებო კომისია გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში, შოუს ელემენტების შემოტანა უნდათ,“
არჩილ გორდულაძე
„ეს კომისია აქ გადმოტანილია უკვე,“
ნიკა გვარამია
„ეს არ იყო წულუკიანის კომისია… არ გპასუხობთ,“
თენგიზ შარმანაშვილი
„თუ არ იქნება საკმარისი წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მისაღებად, თვითონ სასამართლო გამოითხოვს მას მხარისგან,“
რევაზ ნადარაია
„ასეთი პრაქტიკა არსებობს,“
ევა გოცირიძე
„შეჯიბრებითობა არ ჰქვია ამას. ამას საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ ჰქვია,“
ნიკა გვარამია
„ქოცი დამკვიდრებულია, თუ შეურაცხმყოფელია, აღარ გამოვიყენებ. მე ლელოელი ვარ და ვამაყობ ამით,“
გიორგი სიორიძე
„ევროსასამართლოს საკმაოდ მდიდარი პრაქტიკა აქვს მსგავს საქმეებზე,“
გიორგი კახიანი
„ეს სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობაა,“
რევაზ ნადარაია
„არ არსებობს შეკითხვა, რაც ჩემთვის ბუნდოვანია და მივმართავდით სტრასბურგის სასამართლოს,“
ევა გოცირიძე
„თუ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას დავეთანხმებით, მეორე მხარე გვეტყვის, სხვისი აზრით იმოქმედესო. თუ არ გავითვალისწინეთ, გვეტყვიან, რომ სტრასბურგმა ასე ბრძანა და თქვენ არ დაექვემდებარეთო,“
ევა გოცირიძე
„ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არის,“
რევაზ ნადარაია
„დასკვნებში შეფასებულია კონკრეტული ნორმები, აქ კი საუბარია კონკრეტულ დავაზე, მგონი, მარტივია,“
გიორგი სიორიძე
„რაში დაეხმარებოდა ეს მხარეს ან სასამართლოს, გაუგებარია… ევროპელ კარგ იურისტებს შეგვიძლია სხვაგანაც მოვუსმინოთ“
რევაზ ნადარაია
„ანუ დაწერილია გადაწყვეტილება უკვე“
ლევან ბეჟაშვილი
„არანაირი კავშირი არ არსებობს ამ ორ სარჩელს შორის,“
გიორგი კახიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა განახლდა. LIVEწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები