„ვივამედში“ ადასტურებენ, რომ გუშინ დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში შეიყვანეს
ადვოკატის მტკიცებით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილს ციხეში ნეკნები, თავის ქალა და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს. კლინიკა „ვივამედში“ ადასტურებენ მის შეყვანას, თუმცა დაზიანებებზე არ საუბრობენ, ხოლო პენიტენციური სამსახური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე „ნეტგაზეთთან“ ადასტურებს, რომ გუშინ, 19 ოქტომბერს კლინიკაში გადაყვანილი იყო პატიმარი დავით ფეიქრიშვილი.
მან არ ისაუბრა იმ დაზიანებებზე, რაც პატიმარს ჰქონდა და აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად პენიტენციურ სამსახურთან გადაგვამისამართა.
„დავით ფეიქრიშვილი იყო შემოყვანილი, 21:00 საათზე. დაზიანებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს და მიიღოთ იქ ინფორმაცია. გადაყვანილ იქნა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. [ვივამედში] შემოვიდა საღამოს საათებში და გაეწერა ღამის 01:50 საათზე“, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე „ნეტგაზეთთან“.
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დამტვრეული აქვს ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული აქვს თავის ქალა.
„ადამიანს ოთხი ნეკნი მოტეხილი აქვს, სახის ძვლები ჩამტვრეული აქვს, თავის ქალა ჩამტვრეული აქვს, სისხლნაჟღენთები აქვს და გამოძიება არ არის დაწყებული“, – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის განცხადებითვე მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ კლინიკა „ვივამედში“ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც დედამ კომენტარი გააკეთა.
„წუხელ 22:00 საათზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული მე-8 დაწესებულებაში და პატიმარი აჩვენეს შუქ ჩამქრალ საკანში. ამიტომ ვერ შეამჩნია, თუ არ შეამჩნია… ვერ ეტყოდა [დავით ფეიქრიშვილი] იმიტომ, რომ მასთან ერთად ორი კაცი იჯდა საკანში. ისინი დაუტოვეს, სულ ხუთნი არიან, გვარებიც ჩამოვთვალე, ორი დაუტოვეს და მძევლად არის“, – ამბობს ადვოკატი „ფორმულასთან“.
ადვოკატმა დღეს თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა, გარდა ამისა, გუშინ, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმა.
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა – ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ.
ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა არის დაპირისპირების მიზეზი, მაგრამ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი იმის გამო არიან დაჭერილები, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაციები და მათგან მობილურის კოდს ითხოვენ. მისივე თქმით, დავით ფეიქრიშვილზე ზეწოლა გრძელდება, მის საკანში შესახლებულები კი იყენებენ მობილურ ტელეფონს და „პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან“.
პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილი ნაცემია. ძალადობაზე ცნობები პენიტენციურმა უარყო.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე “ავტორიტეტებად” მოიხსენიებიან კრიმინალურ სამყაროში, ისინი გასულ კვირას დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.
ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„დავით ფეიქრიშვილი იყო შემოყვანილი, 21:00 საათზე. დაზიანებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს და მიიღოთ იქ ინფორმაცია. გადაყვანილ იქნა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. [ვივამედში] შემოვიდა საღამოს საათებში და გაეწერა ღამის 01:50 საათზე“
„ადამიანს ოთხი ნეკნი მოტეხილი აქვს, სახის ძვლები ჩამტვრეული აქვს, თავის ქალა ჩამტვრეული აქვს, სისხლნაჟღენთები აქვს და გამოძიება არ არის დაწყებული“
„წუხელ 22:00 საათზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული მე-8 დაწესებულებაში და პატიმარი აჩვენეს შუქ ჩამქრალ საკანში. ამიტომ ვერ შეამჩნია, თუ არ შეამჩნია… ვერ ეტყოდა [დავით ფეიქრიშვილი] იმიტომ, რომ მასთან ერთად ორი კაცი იჯდა საკანში. ისინი დაუტოვეს, სულ ხუთნი არიან, გვარებიც ჩამოვთვალე, ორი დაუტოვეს და მძევლად არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.