„4 დღე მაწამებდნენ, პროკურატურა ჩართული იყო“ — ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ ციხეში მისი 4-დღიანი წამებისა და საქმის ჩაფარცხვის პროცესში პროკურატურა და პენიტენციური სამსახური პირდაპირ იყვნენ ჩართულნი. პროკურატურამ ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე ბრალი 7 პირს, მათ შორის პენიტენციურის ყოფილ მაღალჩინოსნებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს წარუდგინა.

დავით ფეიქრიშვილი, ძმები ფეიქრიშვილებიდან ერთ-ერთი, რომელიც ციხეში სცემეს და ეს ბრალდება კრიმინალურ ავტორიტეტებსა და მათთან დაკავშირებულ კიდევ რამდენიმე პირს აქვს წაყენებული, აცხადებს, რომ მას როცა ციხეში აწამებდნენ, ამაში პროკურატურა ჩართული იყო და საქმის ჩაფარცხვაშიც პროკურატურა თავადვე მონაწილეობს.
ამის შესახებ დავით ფეიქრიშვილმა სასამართლოში განაცხადა.
„პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში. პენიტენციური სამსახური საქმის კურსში იყო და მონაწილე იყო. ციხის დირექტორი ორგანიზატორი იყო. პროკურატურამაც ინფორმაცია მათგან იცოდა. ყველა ჩემი საკნიდან გაყვანა კონტროლდებოდა. ყიფიანი [ვატო ყიფიანი] მობილურით კავშირზე იყო და იცოდა, ადვოკატს რას ველაპარაკებოდი.
წარმოიდგინეთ, თუკი ვინმე ჩემს საკანში ან სიახლოვეს იჯდა, ყველა ქართველი გადაიყვანეს, მხოლოდ აზერბაიჯანელები შემოასახლეს, რომ ენის ბარიერი ყოფილიყო და ვერავისთვის მიმეწვდინა ხმა. ლანგარზე მიართვეს ჩემი თავი და ამაში პროკურატურა ხელს უწყობდა.
ახლა რატომ მიკრძალავს პროკურატურა ჩემს ოჯახთან კონტაქტს? რამაზ ფირცხალავა [გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი], რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია, მისი მოადგილე თანამდებობაზეა. ჩემმა ძმამ თვითდაზიანება მიიყენა, გამოიყვანეთ საკნიდანო. ხმალაძე მოადგილე [ფირცხალავასი] იყო, ვინც ჩემს ძმას ეუბნებოდა, დამშვიდდი, არაფერი ჭირსო და დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს.
პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა ორივე [გულისხმობს პენიტენციური სამსახურის ყოფილ უფროსს, პატარიძესა და ციხის დირექტორს, ფირცხალავას] და მე ამ დაჯგუფების ხელში ჩამაგდეთ.
მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან?
მინდა გაიგოთ, რომ მე მაწამეს და 4 დღე მაწამებდნენ, ამ ყველაფერში პროკურატურა ჩართული იყო და მხარე იყო.
იმ დღეს თუ მომეცით დარეკვის უფლება, ახლა რატომ არ მაძლევთ?”, — განაცხადა ფეიქრიშვილმა.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, ფეიქრიშვილების დაკავებიდან ცოტა ხანში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე.
ადვოკატი და ფეიქრიშვილების ოჯახის წევრები 3 კვირის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში კრიმინალური ავტორიტეტები, ავთანდილ ბილანიშვილი, ვატო ყიფიანი და სხვები შეუსახლეს და იმავე დღიდან დაწყებული, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სცემდნენ. ამაში მონაწილეობდნენ პენიტენციური სამსახურისა და ციხის ხელმძღვანელები. მხოლოდ 3 კვირის შემდეგ დაადასტურა ეს პროკურატურამ. მანამდე ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა პენიტენციური სამსახური.
დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის ფაქტზე 13 ნოემბერს წარედგინა ბრალი სულ 7 ადამიანს: პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს, გიორგი პატარიძეს; გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას; ასევე უკვე პატიმრობაში მყოფ ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანია), შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძეს, დავით კაჭარავასა და ავთანდილ ბილანიშვილს (მეტსახელად „კაწრო“).
პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბრალდებულები ჯგუფურად, რამდენიმე დღის განმავლობაში, 16-დან 20 ოქტომბრამდე სცემდნენ დავით ფეიქრიშვილს და ძალადობდნენ მასზე.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდების მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის „თხოვნა“ გაითვალისწინეს პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილმა დირექტორებმა, როცა ფეიქრიშვილთან საკანში ბრალდებულები შეასახლეს. პენიტენციურის მაღალჩინოსნების საქმე ცალკეა გამოყოფილი და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების გათვალისწინებით, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი 10 000-10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე იმყოფებიან თავისუფლებაზე.
„დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით“, — ადასტურებს პროკურატურა.
ყიფიანის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი „დავით ფეიქრიშვილის მიერ დაგეგმილი და დადგმული სცენაა, ფანტასტიკის ჟანრიდანაა და საჭიროებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად იცვლება“.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიადავით ფეიქრიშვილი პროკურორს - მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მისგან? - 4 დღე მაწამებდნენ და ამ ყველაფერში პროკურატურა ჩართული იყო, იმ დღეს თუ მომეცით დარეკვის უფლება, ახლა რატომ არ მაძლევთ?
პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში - დავით ფეიქრიშვილის სკანდალური განცხადება
“4 დღე მაწამებდნენ, – პროკურატურა ჩართული იყო და მხარე იყო” – დავით ფეიქრიშვილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…