თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედაქალაქის ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშის კვლევა დაასრულა და დარღვევა არ გამოვლინდა. შემოწმება ბავშვებში ნოროვირუსის დაფიქსირებისა და კლინიკებში მაღალი მიმართვიანობის შემდეგ დაიწყო.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს, - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედალაქის ბაღებიდან აღებული სურსათის ნიმუშების კვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც, არც ერთ ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა და ყველა საკვები პროდუქტი სრულად შეესაბამება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
„განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუში.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)”, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნული კვლევის საჭიროება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დადგა, როცა კლინიკაში ბავშვთა მაღალი მიმართვიანობა დაფიქსირდა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ ბავშვთა ავადობა ნოროვირუსით იყო გამოწვეული. მიზეზების კვლევა მყისიერად დაიწყო და მასში ჩართული იყო როგორც დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები, ისე სურსათის ეროვნული სააგენტო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვების მიმართულების კონტროლის საკმაოდ მკაცრი მექანიზმი მოქმედებს. კვების თითოეულ პროდუქტს დაწესებულებაში შესვლისას თან ახლავს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევების ოქმები.
ამასთან, ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი და მუშაობს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც ყოველდღიურ ზედამხედველობას უწევს საკვებ პროდუქტებს, მათ მომზადებასა და მიწოდებას საბოლოო ბენეფიციარამდე. ასევე, ყველა საბავშვო ბაღში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სპეციალისტები“, - აცხადებენ სააგენტოში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები გაასაჯაროვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.