უნგრეთმა კომუნისტური რეჟიმის საიდუმლო არქივები გახსნა - რეესტრებში პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ტელევიზიაში მომუშავეთა სახელებიც გვხვდება

უნგრეთმა კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომლებშიც 60 000-მდე ინფორმატორია იდენტიფიცირებული. ეს ნაბიჯი უნგრეთისთვის საკუთარ რეპრესიულ წარსულთან ანგარიშსწორების პროცესის ნაწილია. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
მიუხედავად იმისა, რომ 1990 წელს უნგრეთში დემოკრატიული გარდაქმნა მოხდა, კომუნისტური პერიოდის არქივების გასაჯაროების მცდელობები არაერთხელ ჩაიშალა. კრიტიკოსები ამას სხვადასხვა მთავრობის თავშეკავებას უკავშირებენ. უნგრეთის მოქმედმა პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა კი, ეს ჩიხი სექტემბერში წარდგენილი კანონპროექტით დაძლია, რომელიც საზოგადოებას არქივებზე სრულ და შეუზღუდავ წვდომას ანიჭებს.
"36 წლის შემდეგ, ჩვენ საბოლოოდ ვასრულებთ 1990 წლის რეჟიმის ცვლილების ერთ-ერთ მთავარ დაპირებას — დაპირებას, რომელიც მოგვიანებით უარყვეს და რომლის შესახებაც იცრუეს კიდეც. ათწლეულების განმავლობაში, საზოგადოებისთვის წვდომის შეზღუდვა ხელს უწყობდა პოლიტიკურ ისტერიას, შანტაჟს, ზეწოლასა და ადამიანების გაჩუმებას", — განაცხადა მადიარმა სახელმწიფო უსაფრთხოების არქივში გამართულ ბრიფინგზე.
რეესტრში საჯარო ფიგურებიც ფიგურირებენ
რეესტრებში პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ტელევიზიაში მომუშავეთა სახელებიც გვხვდება. თუმცა, არქივის ხელმძღვანელის, ბენდეგუზ გერგო ჩეხის თქმით, ინფორმატორთა "დიდი ნაწილი" ისეთი ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც "ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებიათ".
მთავრობა შექმნის "ცხელ ხაზებს", სადაც ამ ფაქტების გამოვლენით დაზარალებულ პირებს ემოციურ მხარდაჭერასა და კონსულტაციებს შესთავაზებენ.
"დღევანდელი გასაჯაროების შემდეგ, მრავალი ოჯახი აღმოაჩენს ისეთ ინფორმაციას, რომლის მიღებაც მათთვის მძიმე იქნება", — განაცხადა მადიარმა და საზოგადოებას მოუწოდა, ამ ფაქტს "ღირსეულად და ჰუმანურად" შეხვდნენ.
გასაჯაროვდა სხვადასხვა სახის დოკუმენტები
ყოფილი რეჟიმის სპეცსამსახურების საქმიანობის სრულად გასაჯაროების შესახებ კანონის თანახმად, 1990 წლამდე არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების დოკუმენტების ოთხი კატეგორია ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ოთხშაბათს დილით, მათგან სამი უკვე ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდზე — nyitottaktak.hu (წყარო უნგრულ ენაზე).
ხოლო ე.წ. "მე-6 ბარათი" (6-os kártyა) აგენტურული ქსელის წევრის სარეგისტრაციო ბარათია. მასში მოცემულია აგენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები — სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, დედის სახელი და პროფესია, — ასევე მისი საქმიანობის ძირითადი დეტალები, მათ შორის არის გარემოებები და მოტივები, რამაც ადამიანები აგენტებად აქცია, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს რჩებოდნენ ისინი ქსელის წევრებად.
გარდა ამისა, გასაჯაროვდა 1957–1962 წლებში განხორციელებული გადაბირებების რეესტრი, ასევე ყოფილი აგენტების პერსონალური მონაცემებისა და ფსევდონიმების ბაზა. სავარაუდო მონაცემებით, დოკუმენტების ამ გასაჯაროების შედეგად, ჯამში 50 000-დან 60 000-მდე აგენტის ვინაობა გახდა ცნობილი.
ოთხშაბათიდან საზოგადოებას ამ მონაცემებზე თავისუფალი წვდომა აქვს სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით. ის საშუალებას იძლევა, გასაჯაროებულ ჩანაწერებში ძიება განხორციელდეს სხვადასხვა კრიტერიუმით: სახელის, დაბადების ადგილისა და თარიღის, ან ფსევდონიმის მიხედვით.
როგორც Euronews-ი წერს, თებერვალში გამოქვეყნდება დოკუმენტების მეორე ნაწილი, რომელიც დაახლოებით 9 000 ინფორმანტის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას შეიცავს.
დაახლოებით 150 000 აგენტი კომუნისტურ ეპოქაში
1949–1989 წლებში უნგრეთში მოქმედებდა ერთპარტიული კომუნისტური რეჟიმი, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე პირებს დევნიდა.
ისევე, როგორც აღმოსავლეთ გერმანიასა და საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მყოფ აღმოსავლეთ ბლოკის სხვა ქვეყნებში, "ცივი ომის" პერიოდში ხელისუფლება საზოგადოებრივი განწყობების გასაკონტროლებლად ინფორმანტთა ფართო ქსელს იყენებდა.
პირებს, რომლებსაც ხშირად იძულების გზით იბირებდნენ, ევალებოდათ, ეცნობებინათ კოლეგების, მეგობრებისა და ნათესავების შესახებ — კერძოდ, ეძიათ რეჟიმისადმი არალოიალობის ნიშნები.
სავარაუდო მონაცემებით, მატიაშ რაკოშისა (1952–1953) და იანოშ კადარის (1956–1988) მმართველობის ოთხი ათწლეულის განმავლობაში, საიდუმლო პოლიცია, ჯამში, დაახლოებით 150 000 აგენტს იყენებდა. თუმცა, მათგან მხოლოდ მესამედის ვინაობაა ცნობილი, ხოლო დეტალური და არსებითი ინფორმაცია მხოლოდ 10%-ის შესახებ მოიპოვება. ამის მიზეზია ის, რომ მრავალი ჩანაწერი დაიკარგა 1956 წელს, ანტისაბჭოთა რეჟიმის ცვლილების პერიოდში; დარჩენილი დოკუმენტები კი 1997 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა — მანამ, სანამ შეიქმნებოდა "ისტორიული არქივის სამსახური", რომელიც მოგვიანებით ÁBTL-ად (ისტორიული არქივების სამსახურად) გარდაიქმნა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…