ლაშა ბუღაძე: კახა კალაძის სიტყვები - 5-6 ადამიანის დაძინების შესახებ ესაა მუქარა და გამოხატავს მის (და მისნაირების) ბაზისურ სურვილს, რომ მათთვის დისკომფორტის შემქმნელი ხალხი განადგურდეს რაიმე ფორმით
თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა დამცველებს „ბოროტმოქმედები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათგან „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია“. მისი თქმით, თავშესაფარი გამჭვირვალედ მუშაობს, ხოლო სამარხების გათხრაში მონაწილე პირებს პასუხისგება მოუწევთ.

მწერალი ლაშა ბუღაძე:
კახა კალაძის სიტყვები - 5-6 ადამიანის დაძინების შესახებ ნაცისტურია და ამავდროულად დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. ესაა მუქარა და გამოხატავს მის (და მისნაირების) ბაზისურ სურვილს, რომ მათთვის დისკომფორტის შემქმნელი ხალხი განადგურდეს რაიმე ფორმით - და არა "გადატანითი მნიშვნელობით". ცხოველების მასიური კვლა-მარხვა იმაზე მეტის მანიშნებელია, ვიდრე მხოლოდ უგულობა, არაპროფესინალიზმი და უვიცობა: თუკი ადამიანების კვლას დაავალებენ ცხოველების მკვლელებს, ზუსტად იგივეს იზამს იგივე ხალხიც: დალევენ ერთ-ორ ჭიქა არაყს და ასევე მიაკლავენ "დასაძინებელ" ადამანებსაც. 30-იან წლებში ვიღაც სხვა და სხვანაირი კი არ აკეთებდა ამას. როგორც წესი, ახლა მსხვერპლზე უფრო მეტს ვყვებით, ვიდრე ჯალათებზე, არადა ისინიც ადამიანები იყვნენ სახელებით, გვარებითა და უბადრუკი ბიოგრაფიებით. თუკი არ იქნება საერთო ეროვნული კონსენსუსი, რომ ესენი დამთავრდნენ, მხოლოდ უარესსა და უარესს უნდა ველოდოთ. 2024 წელს მეტნი ვიყავით, მაგრამ არა იმდენი, რომ ცვლილება ხილული ყოფილიყო - საარჩევნო უბნებთან რიგები არ იდგა როგორც სერბეთში, უნგრეთში ან თუნდაც ახლა, ამერიკაში. ამიტომაც კრძალავენ პარტიებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაუქმდეს ცვლილების პრაქტიკული შესაძლებლობა... აი, ის ხალხიც რომ გაიღვიძებს - გაოცებულ-ახალგაღვიძებულივით რომ იყურებიან ხოლმე მანქანებიდან აქციის დანახვისას, ნეტა ეს რა ხდება, რას აპროტესტებენო - პარტია აღარ დაუხვდებათ, რომ მარტივი უპირატესობით დაჯაბნონ ძალაუფლების მიმტაცებელი უმცირესობა. ყველაზე მეტად ის "ლეთარგიული" იდიოტები მაღიზიანებენ, რომლებიც ვერ იაზრებენ, რას ნიშნავს პარტიების, ანუ დემოკრატიის, ესე იგი, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის აკრძალვა!
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა დამცველებს „ბოროტმოქმედები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათგან „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია“. მისი თქმით, თავშესაფარი გამჭვირვალედ მუშაობს, ხოლო სამარხების გათხრაში მონაწილე პირებს პასუხისგება მოუწევთ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…