ვენეციის კომისია გრანტების კანონში ცვლილებებზე: საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
ვენეციის კომისიის შეფასებით, გრანტების კანონში მიღებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, საქართველოს ხელისუფლებამ კი დასკვნის მომზადებისას კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

ვენეციის კომისიის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დასკვნის მომზადებისას ჩართულობაზე, რასაც კომისია „დასანანად“ აფასებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სულ მცირე, ორი წელიწადია, კომისიას მკაცრად აკრიტიკებს, უწოდებს მას „არასერიოზულს“ და „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფად მოიაზრებს.
რას ეხება ვენეციის კომისიის დასკვნა
დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიამ 9-10 ოქტომბრის პლენარულ სესიაზე მიიღო, 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
შეფასება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის მოთხოვნით მომზადდა.
25-გვერდიანი დოკუმენტით ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს კანონმდებლობას, განსაკუთრებით — სისხლისსამართლებრივ სანქციებსა და იმ ბუნდოვან ნორმებს, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ფართო დისკრეციას ანიჭებს.
საუბარია 2026 წლის 4 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც აერთიანებს ცვლილებებს:
„გრანტების შესახებ“ კანონში;
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში;
სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში.
სწორედ გრანტების კანონში აღნიშნული ცვლილებები დაასახელა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბარბარა ფოსმა, იმის მიზეზად, რომ საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული პოლიტიკური ფონდი „იძულებული გახდა, დროებით შეაჩეროს საქმიანობა“.
მათგან ორმა, ადენაუერისა და ნაუმანის ფონდებმა, პირველ და ორ ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ საქართველოში ოფისები დახურეს.
როგორ აფასებს ვენეციის კომისია ცვლილებებს
ვენეციის კომისიის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი „გრანტის“ „ფართო განმარტებას“ უკავშირდება:
კანონმდებლობა გრანტად შეიძლება მიიჩნევდეს არა მხოლოდ ფულად დახმარებას, არამედ ტექნიკურ მხარდაჭერას, ექსპერტიზას, მომსახურებას, ტრენინგებსა და თანამშრომლობის სხვა ფორმებსაც.
ამასთან, გარკვეული ტიპის უცხოური დაფინანსების მისაღებად მთავრობის წინასწარი თანხმობაა საჭირო.
კომისიის შეფასებით, ასეთი ფართო განმარტება და წინასწარი თანხმობის მოთხოვნა ორგანიზაციებს გაურკვევლობის პირობებში ამყოფებს და ხელისუფლებას საქმიანობაში ჩარევის ფართო შესაძლებლობას აძლევს.
კომისია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ბუნდოვანი ფორმულირებები არ შეესაბამება სამართლებრივი „განსაზღვრულობის პრინციპს“.
ვენეციის კომისიის შეფასებით, შეზღუდვების ერთობლიობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებასა და არსებობას და დააზიანოს პოლიტიკური პლურალიზმი.
კომისია ხაზს უსვამს იმასაც, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უცხოური ჩარევისგან დაცვის მიზანი თავისთავად არ ამართლებს ფუნდამენტური უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვას.
„უარი ჩართულობაზე“
დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი თქვეს:
საქართველოს მთავრობამ;
საპარლამენტო უმრავლესობამ;
„სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ“ - უწყება, რომლის დახურვის შესახებაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
„ვენეციის კომისია გამოთქვამს სინანულს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიჩინა სურვილი, ჩართულიყო კომისიასთან ამ დასკვნის მომზადების პროცესში, თუმცა კვლავაც მზად არის დიალოგისთვის“, - წერია დასკვნის ბოლოს.
ვენეციის კომისია - სრულად „ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ - არის კონსტიტუციურ საკითხებში ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს, CoE-ს) დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო.
მას ორ წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მკაცრად აკრიტიკებს და „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფად მოიაზრებს.
2024 წლის მაისში ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა „აგენტების კანონი“, მასში „ფუნდამენტური ხარვეზები“ დაინახა და გაუქმებისკენ მოუწოდა.
პასუხად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიას „დააწერინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო“.
2025 წლის 4 მარტს კი ირაკლი კობახიძემ კომისიას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა“.
ციტატები სტატიიდან
„ვენეციის კომისია გამოთქვამს სინანულს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიჩინა სურვილი, ჩართულიყო კომისიასთან ამ დასკვნის მომზადების პროცესში, თუმცა კვლავაც მზად არის დიალოგისთვის“
„დააწერინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო“
„ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.