ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები და უზუსტობა - ვენეციის კომისიის დასკვნა, მმართველ პარტიაში მორიგ ტენდენციურ დოკუმენტად შეფასდა
„ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიის დასკვნა გრანტებისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობაზე ტენდენციურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დოკუმენტად შეაფასა. მმართველი გუნდის მტკიცებით, ანგარიში ურთიერთგამომრიცხავ ჩანაწერებსა და ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.

დასკვნა, რომელიც მმართველ პარტიაში მორიგ ტენდენციურ დოკუმენტად შეფასდა, ვენეციის კომისიამ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით მიიღო. საუბარია, გრანტებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებზე, ასევე სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებზე. ანგარიშში ჩაიწერა, რომ კანონმდებლობა ხელს უშლის პარტიების სუვერენიტეტის დაცვას, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებას და გადარჩენას. პათოსი 2025 წლის დასკვნის იდენტურია, თუმცა ამჯერად ის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებსაც ითვალისწინებს, რომელთა პოზიციასაც ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს. ეს ერთ-ერთი არგუმენტია, არაერთ ურთიერთგამომრიცხავ ჩანაწერსა და უზუსტობასთან ერთად, რის გამოც ვენეციის კომისიის ანგარიშს "ქართული ოცნება" პოლიტიკურად მოტივირებულ დასკვნას უწოდებს. მიუთითებენ კონკრეტულ ფაქტობრივ შეცდომებზეც.
დასკვნა გამჭვირვალობის მიმართულებით ქართულ კანონმდებლობას მაინც აკრიტიკებს, თუმცა კომისია არაფერს წერს, რომ ის ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგია. იმავდროულად თავადვე აღიარებს, რომ პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსების შეზღუდვა ან აკრძალვა შეიძლება გამართლებული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის ინტერესით.
ამას წერს ვენეციის კომისია მაშინ, როდესაც გრანტების შესახებ კანონი პასუხისმგებლობის ფორმად მხოლოდ სისხლის სამართლებრივ სანქციას არ ადგენს. ალტერნატივად ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმასაც და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასაც. ცვლილებების შინაარსის არასწორი ინტერპრეტაციაა ისიც, თითქოს კანონის მოქმედება მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის გრანტებზე არ ვრცელდება. არაერთი ასეთი უზუსტობის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ვენეციის კომისია ობიექტური არბიტრია და ის კანონებს მხოლოდ სამართლებრივად აფასებს. იმავდროულად არ მალავენ, რომ მსგავსი დასკვნების შემუშავების პროცესში ორგანიზაციასთან თავადაც აქტიურად თანამშრომლობენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული ის პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტი, რომელიც წესით, მხოლოდ იურიდიულ ანალიზს უნდა მოიცავდეს - პოლიტიკურის ნაცვლად სამართლებრივ მსჯელობას, აღქმების ნაცვლად კი ფაქტებს. უმრავლესობის თქმით, პარადოქსია ისიც, რომ ინკლუზიურობის არარსებობაზე მითითება ისეთი ენჯეო ორგანიზაციების კრიტიკას ეფუძნება, როგორიცაა საია, "ისფედი", "გამჭვირვალობა" ან თუნდაც სოროსის ფონდი.
ტრამპის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალური პროცედურებიც დაიწყო. მათი შეფასებით, ევროპის საბჭოს ეს კონკრეტული ორგანიზაცია არაეფექტური და ცუდად მართულია, რადგან ის ხელს უწყობს გლობალისტურ, იდეოლოგიურ ან ამერიკის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო დღის წესრიგს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.