ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

შტატებმა რუსეთთან ნავთობით ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა - ტრამპი-პუტინის გარიგებას ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ აკრიტიკებს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ნავთობით ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა და რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციები მოხსნა, რასაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

შტატებმა რუსეთთან ნავთობით ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა - ტრამპი-პუტინის გარიგებას ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ აკრიტიკებს
შტატებმა რუსეთთან ნავთობით ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა - ტრამპი-პუტინის გარიგებას ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ აკრიტიკებსრუსთავი 2

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მადლობა მას შემდეგ გადაუხადა, რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ნავთობით ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა რუსული ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული სანქციები მოხსნა. ტრამპმა გარიგებას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა. ის იმედოვნებს, რომ შეთანხმება შეერთებულ შტატებში საწვავზე ფასებს მკვეთრად შეამცირებს.

გარიგებით კმაყოფილია მოსკოვიც. ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დიზელისა და ენერგეტიკის საკითხებში მსოფლიოსთვის სასარგებლო იქნება. კრემლის წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით კი, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ინიციატივები, მათ შორის - რუსული საწვავის მიწოდების საკითხი. ასევე ყურადღება დაეთმო უკრაინის საკითხის დარეგულირებას.

ტრამპი-პუტინის გარიგებას მწვავედ აკრიტიკებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსულ ნავთობში გადახდილი ფულით ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. ეს იმ ფონზე, როცა ზელენსკის წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზებზე საგანგებო ვიზიტით იმყოფებიან. უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას პუტინისთვის გაკეთებულ საჩუქარს უწოდებს.

მედია წერს, რომ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ზელენსკიმ უგულებელყო ამერიკის ექვსი მოთხოვნა, შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

საერთაშორისო ანალიტიკოსების ნაწილი კი ტრამპის გადაწყვეტილებას ეშმაკთან გარიგებას უწოდებს. ექსპერტები ამბობენ, რომ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების მოხსნას საწვავის ფასებზე შესაძლოა მხოლოდ დროებითი ეფექტი ჰქონდეს.

ტრამპი-პუტინის შეთანხმების მიხედვით, რუსეთი ამერიკულ ბაზრებს დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000 ტონაზე მეტ ნავთობს, ნოემბერში კი დამატებით 500 000 ტონას. სამომავლოდ დაგეგმილია მილიონობით ტონა რუსული დიზელის მიწოდება გლობალური ბაზრებისთვის. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის 3 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებს, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მოიპოვებს კონტროლს ამერიკის კონგრესზე. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა განწყობაზე საწვავის მზარდი ფასები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?