ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ტრამპმა პუტინთან გარიგება მას მერე დადო, რაც ზელენსკიმ აშშ-ს მოწოდება არ გაითვალისწინა – Axios

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავის თაობაზე შეთანხმება დადო მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ აშშ-ის თხოვნა არ გაითვალისწინა. მაიამიში გამართულ მოლაპარაკებებზე ამერიკელმა შუამავლებმა უკრაინულ მხარეს აცნობეს, რომ რუსულ დიზელზე სანქციები მოიხსნება, რასაც ზელენსკის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ტრამპმა პუტინთან გარიგება მას მერე დადო, რაც ზელენსკიმ აშშ-ს მოწოდება არ გაითვალისწინა – Axios
ტრამპმა პუტინთან გარიგება მას მერე დადო, რაც ზელენსკიმ აშშ-ს მოწოდება არ გაითვალისწინა – Axiosტაბულა

გამოცემა Axios-ის ცნობით, ინფორმირებულმა ამერიკელმა თანამდებობის პირმა მათ განუცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავის თაობაზე შეთანხმების დადება გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ აშშ-ს თხოვნა არ გაითვალისწინა.

"ზელენსკი ვითარებას არასწორად აფასებს. ქარხნებზე იერიშების გაგრძელებით ის ტრამპთან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩამოყალიბებულ კეთილგანწყობას ასუსტებს". - აღნიშნა ამერიკელმა თანამდებობის პირმა.

Axios-ის მიხედვით, 9 ოქტომბერს მაიამიში გამართული რვასაათიანი მოლაპარაკებებისას უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინელ მომლაპარაკებელთა ჯგუფს აცნობეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან გასაუბრებასა და რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნას გეგმავდა.

ამერიკულმა დელეგაციამ უკრანულ მხარეს განუმარტა, რომ ტრამპმა ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინამ აშშ-ს მოწოდება რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ არ გაითვალისწინა, რაც პირდაპირ აისახებოდა ამერიკელ მომხმარებლებზე.

Axios-ის ცნობით, უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, მოლაპარაკებების დროს უიტკოფი და კუშნერი უკრაინას ამერიკული სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრნენ, თუ ტრამპის მოთხოვნებს კვლავ უგულებელყოფდნენ.

გამოცემასთან საუბრისას ამერიკელმა თანამდებობის პირმა უარყო მსგავსი მუქარა და აღნიშნა, რომ უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინელებს შეახსენეს, რომ აშშ მათი მტკიცე პარტნიორია, რომელიც მათ საბრძოლო მასალითა და სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფს. უიტკოფისა და კუშნერის თქმით, უკრაინას ამიტომ არ უნდა გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამერიკელ მომხმარებლებს აზიანებს.

"ქარხნებზე თავდასხმები მტკივნეულია რუსეთისთვის, თუმცა ის ზიანს აშშ-საც აყენებს". - განაცხადა ამერიკელმა თანამდებობის პირმა.

მისი თქმით, დიზელის შეთანხმებასთან დაკავშირებული ახალი კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამერიკელმა შუამავლებმა 9 ოქტომბერს მაიამიში უკრაინელ და ევროპელ დიპლომატებთან მოლაპარაკებები გამართეს.

Axios-ს ინფორმაციით, უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინელებსა და ევროპელებს რუსეთთან პოტენციური ენერგეტიკული შეთანხმებების დეტალები გააცნეს, რამაც, აშშ-ს იმედით, ენერგორესურსებზე ფასები უნდა შეამციროს და სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთს დათმობებზე წასვლა აიძულოს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, უიტკოფი და კუშნერი სამშვიდობო წინადადებების განსახილველად მომავალ კვირას მოსკოვსა და კიევში ვიზიტს განიხილავენ.

"პუტინი [უკრაინას] ძლიერ დარტყმებს აყენებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ის ომის დასრულების შესახებ დისკუსიისთვის მზად არის. გვსურს შევიმუშაოთ ახალი წინადადება, რომელიც საკმარისად მისაღები იქნება საიმისოდ, რომ რუსეთმა მოქმედებები შეწყვიტოს". - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის, მაიამიში აშშ-ს, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ვადაზე ადრე დასრულდა.

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, 9 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს რუსეთის მიერ ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიწოდებაზე შეუთანხმდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და Axios-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მას "სრულად საშინელი" და "პუტინისთვის განკუთვნილი დაბადების დღის საჩუქარი" უწოდა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ მაიამიში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს "თვალის ასახვევად იყენებს", სანამ რუსეთთან შეთანხმებაზე საუბრობს და მათთვის დიზელის ექსპორტირების ნების დართვით ომში ფულს დებს.

ცნობისთვის, ბოლო თვეებში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმები ძალზე ეფექტიანი აღმოჩნდა და რუსეთში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.

საპასუხოდ რუსეთმა დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა წნეხი დიზელის გლობალურ ბაზრებზე, რომლებიც ირანში მიმდინარე ომის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში იყო.

ზელენსკიმ ტრამპსა და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, უთხრა, რომ მზად იყო, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები, თუ რუსეთი უკრაინის ელექტროსადგურებზე იერიშებს შეაჩერებდა.

ამასთან, პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა თქვა, რომ ტრამპთან 90-წუთიანი სატელეფონო საუბრისას პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ვალდებულების აღებაზე უარი განაცხადა.

უშაკოვის თქმით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნების დროს მოსკოვსა და სხვა ქალაქებზე უკრაინის დარტყმებმა "მოლაპარაკებების პროცესის დაუყოვნებლივ განახლების შესაძლებლობა ჩაშალა".

"პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, თუ როდის შეიძლება განახლდეს ეს მოლაპარაკებები". - თქვა უშაკოვმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზელენსკი ვითარებას არასწორად აფასებს. ქარხნებზე იერიშების გაგრძელებით ის ტრამპთან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩამოყალიბებულ კეთილგანწყობას ასუსტებს“
„ქარხნებზე თავდასხმები მტკივნეულია რუსეთისთვის, თუმცა ის ზიანს აშშ-საც აყენებს“
„პუტინი [უკრაინას] ძლიერ დარტყმებს აყენებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ის ომის დასრულების შესახებ დისკუსიისთვის მზად არის. გვსურს შევიმუშაოთ ახალი წინადადება, რომელიც საკმარისად მისაღები იქნება საიმისოდ, რომ რუსეთმა მოქმედებები შეწყვიტოს“
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, თუ როდის შეიძლება განახლდეს ეს მოლაპარაკებები“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?