ადვოკატის ჩანაწერი პატიმრის კორესპონდენციად არ უნდა ჩაითვალოს, დაცვის უფლება არ უნდა დაირღვეს - ადვოკატთა...
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატთა ჩანაწერების პატიმრის კორესპონდენციად მიჩნევას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ეს არღვევს დაცვისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლებას.

„ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ადვოკატის პროფესიულ უფლებებს, არამედ კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას და მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების ფუნდამენტურ პრინციპებს“, - აცხადებს ასოციაცია.
ასოციაცია მოუწოდებს „ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას“, პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატთა საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი „განიხილონ ადვოკატის დამოუკიდებლობის, პროფესიული საიდუმლოების, კლიენტთან კონფიდენციალური კომუნიკაციისა და ეფექტიანი დაცვის უფლების პრინციპების გათვალისწინებით“, - წერია 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
8 აგვისტოს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ადვოკატები ჰყვებიან, როგორ არღვევს ბოლო ერთი წლის განმავლობაში პენიტენციური სამსახური პატიმრებთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლებას და ხელს უშლის მათ კლიენტების დაცვაში.
„ასე მითხრა: „ცა რომ ჩამოიქცეს ამ ჩანაწერებს ვერ გაიტანთო“, - გვეუბნება რუსთავის ციხის (#6) თანამშრომელზე ადვოკატი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი ჯუბა ქათამიძე“.
„ჩანაწერი არ არის კორესპონდენცია“
ასოციაცია მიიჩნევს, რომ ადვოკატის მიერ დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერი „არ წარმოადგენს პატიმრის კორესპონდენციას“:
„არამედ ეს არის ადვოკატის მხრიდან საადვოკატო საქმიანობის პროცესში შექმნილი ადვოკატის ჩანაწერი და ის არ უნდა განიმარტოს, როგორც პატიმრის კორენპონდენცია. ეს ორი ცნება უნდა იქნეს გამიჯნული ერთმანეთისგან“, - წერია განცხადებაში.
„ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ნებისმიერი ნორმა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს საადვოკატო საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებული უფლებები“, - მიიჩნევენ ადვოკატთა ასოციაციაში.
„კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია“
ასოციაცია განმარტავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.
„ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან“, - აცხადებს ადვოკატთა უდიდესი გაერთიანება საქართველოში.
„ამავე კანონით დაცულია ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის ხელშეუხებლობა, მათ შორის, მათი მიმოწერა და ადვოკატის მიერ საქმიანობის განხორციელებისას შექმნილი ან მიღებული შესაბამისი დოკუმენტაცია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასოციაცია მზაობას გამოთქვამს და ითხოვს, იუსტიციის სამინისტროსთან გამართოს კონსულტაციები, იმსჯელოს შესაბამისი ნორმების განმარტების ან საჭიროების შემთხვევაში, მათი ცვლილების შესაძლებლობაზე, „რათა უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება“.
„ადვოკატის პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს ნებისმიერი შესაძლო ხელშეშლის ფაქტზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ჰქონდა და მუდამ ექნება მყისიერი, მკაცრი და ადექვატური რეაქცია და მოითხოვს საგამოძიებო უწყებების მხრიდან, ასეთი ფაქტების უსწრაფეს გამოძიებას“, - წერია განცხადებაში.
ციტატები სტატიიდან
„ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ადვოკატის პროფესიულ უფლებებს, არამედ კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას და მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების ფუნდამენტურ პრინციპებს“
„ცა რომ ჩამოიქცეს ამ ჩანაწერებს ვერ გაიტანთო“
„არამედ ეს არის ადვოკატის მხრიდან საადვოკატო საქმიანობის პროცესში შექმნილი ადვოკატის ჩანაწერი და ის არ უნდა განიმარტოს, როგორც პატიმრის კორენპონდენცია. ეს ორი ცნება უნდა იქნეს გამიჯნული ერთმანეთისგან“
„ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ნებისმიერი ნორმა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს საადვოკატო საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებული უფლებები“
„ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.