სეულმა კიევიდან ელჩი გაიწვია
სამხრეთ კორეამ კიევიდან ელჩი გაიწვია მას შემდეგ, რაც უკრაინამ საჯაროდ განაცხადა ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთი კორეისთვის გადაცემის შესახებ, რამაც სეულის პროტესტი გამოიწვია.

მთავრობის გადაწყვეტილება 8 ოქტომბერს გამოაცხადა სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მისი პრესრელიზის თანახმად, მთავრობას ორ ქვეყანას შორის არსებული მოუგვარებელი საკითხების გადაწყვეტის იმედი აქვს და ამ მიზნით უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებს გააგრძელებენ.
სეულსა და კიევს შორის უთანხმოება გამოიწვია უკრაინის მიერ ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და სამხრეთი კორეისთვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროებამ.
კიევიდან ელჩის გაწვევამდე ორი დღით ადრე, 6 ოქტომბერს სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინელი კოლეგისგან მიიღო ბოდიშის შემცველი შეტყობინება, თუმცა ეს არ აკმაყოფილებს სეულის მოლოდინს და მთავრობა გადამწყვეტი ზომების მიღებას აპირებს.
რამ გამოიწვია სეულის პროტესტი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ სამხრეთი კორეას გადასცა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვე.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად სამხედრო მოსამსახურეები 2024 წელს გაუგზავნა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია დაიწყეს რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში. 2025 წლის იანვარში უკრაინამ ორი ჩრდილოკორეელი სამხედროს დატყვევების შესახებ განაცხადა.
უკრაინის მიერ ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება გააკრიტიკა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა. მან კიევი დაადანაშაულა ფაქტის საიდუმლოდ შენახვაზე მიღწეული შეთანხმების დარღვევაში და განაცხადა, რომ ჩრდილოკორეელი ტყვეების რეპატრიაციის საკითხი უკიდურესად დელიკატურია და შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს დიპლომატიისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის შეფასებით, მან, ვინც პირადი პიარის გამო ფაქტი საჯარო გახადა, ანგარიში არ გაუწია სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის ორი კორეის ურთიერთობების მდგომარეობას.
პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში მედიას განუცხადეს, რომ კიევს ფაქტის დამალვის პირობა არავისთვის მიუცია და როცა საქმე ტყვეებს ეხება, არასდროს არაფერს მალავენ.
გამოცემა Korea JoongAng Daily-ის წყაროთა თანახმად, კიევმა სეულს წინასწარ შეატყობინა, რომ შეთანხმების მიუხედავად, პრეზიდენტი ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე იტყოდა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის გათავისუფლების შესახებ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიმედია: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად სეულისთვის ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სახელდება
- ტაბულასამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩის გაწვევა გადაწყვიტა
- ფორმულასამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი გაიწვია
- ინტერპრესნიუსისამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი გაიწვია
- რუსთავი 2Politico: სამხრეთ კორეამ უკრაინიდან თავისი ელჩი გაიწვია - მიზეზი სამხედრო ტყვეების ირგვლივ ატეხილი სკანდალია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…