რუბიო: ვაშინგტონი რუსეთში პნევმონიური ჭირის გავრცელების სავარაუდო შემთხვევას აკვირდება
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება რუსეთში, ირკუტსკში დაფიქსირებულ პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევას და რუსეთს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ციმბირის რეგიონში, ირკუტსკში დაფიქსირებულ ჭირის სავარაუდო შემთხვევას და მოუწოდა მოსკოვს, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას,
რუბიოს განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარი, რომელმაც ვითარებას დიდი პრობლემა უწოდა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.
"ეს არის დაავადება, რომლის გაკონტროლებასაც წარსულში ვახერხებდით, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიკრობები არმიასავით გაძლიერდნენ და უფრო ჭკვიანები გახდნენ".- განაცხადა ტრამპმა
კითხვაზე, აშფოთებს თუ არა მას მოგზაურობის გზით დაავადების საერთაშორისო დონეზე გავრცელება, ტრამპმა უშუალო რისკი შედარებით ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნია და აღნიშნა, რომ დაზარალებული რეგიონისკენ მიმოსვლა საკმაოდ მცირეა.
რეიკიავიკში, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რუბიოს რუსეთში გამოვლენილი პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
რუბიოს თქმით, რუსეთმა მსოფლიოს მეტი ინფორმაცია უნდა გაუზიაროს, რათა სხვა ქვეყნებმა შეძლონ ვითარების უკეთ შეფასება და სათანადო რეაგირება.
"შესაძლოა, იქ არაფერიც არ ხდება, ან პირიქით - პრობლემა იმაზე მასშტაბურია, ვიდრე გვეგონა. ჩვენ ეს არ ვიცით", - აღნიშნა რუბიომ და განმარტა, რომ აშშ და საერთაშორისო სააგენტოები მოვლენათა განვითარებას აკვირდებიან.
რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონს უკვე შემუშავებული აქვს საპასუხო ზომები იმ შემთხვევისთვის, თუ ვითარება იმაზე სერიოზული აღმოჩნდება, ვიდრე ამ ეტაპზე არის შეფასებული. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ვითარებაზე დაკვირვებას და რუსეთს კვლავ გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.
"მოვუწოდებთ რუსეთს, იყოს გამჭვირვალე და მეტი ინფორმაცია გაუზიაროს მსოფლიოს", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აშშ-ის ნებისმიერი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმ ინფორმაციაზე, რომლის შეგროვებაც ამჟამად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, სავარაუდოდ პნევმონიური ჭირისგან 28 წლის ქალი დაიღუპა.
გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები გასულ კვირას ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი ქალის გარდაცვალების შესახებ.
ქალი ირკუტსკის მახლობლად მდებარე ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქალაქის მერის განცხადებით, საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა.
ჯანდაცვის საერთაშორისო შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რუსეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა 6 ოქტომბერს განაცხადეს, რომ პრევენციული ღონისძიებები სრულფასოვნად ჩატარდა - მათ შორის, გარდაცვლილი ქალის კონტაქტების მოძიება, სამედიცინო მონიტორინგი და ლაბორატორიული კვლევები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, რუსეთში პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძალიან დაბალ რისკს შეიცავს.
"ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პანდემიის მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე", - განუცხადა The Associated Press-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა.
რუსეთში აშშ-ს საელჩომ ციმბირში პნევმონიური ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ეს არის დაავადება, რომლის გაკონტროლებასაც წარსულში ვახერხებდით, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიკრობები არმიასავით გაძლიერდნენ და უფრო ჭკვიანები გახდნენ“
„შესაძლოა, იქ არაფერიც არ ხდება, ან პირიქით - პრობლემა იმაზე მასშტაბურია, ვიდრე გვეგონა. ჩვენ ეს არ ვიცით“
„მოვუწოდებთ რუსეთს, იყოს გამჭვირვალე და მეტი ინფორმაცია გაუზიაროს მსოფლიოს“
„ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პანდემიის მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…