ემუქრება თუ არა მსოფლიოს შავი ჭირის ეპიდემია - შესაძლო ეპიდემიური საფრთხის გამო, ვაშინგტონი საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს
რუსეთში შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის შესაძლო გარდაცვალების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვითარებას აკვირდება და რუსეთთან კომუნიკაციას აწარმოებს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებას გეგმავს და მოქალაქეებს რუსეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი პროცესს აკვირდებიან და აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების გარემოებების შესახებ რუსული მხარისგან ინფორმაცია გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიიღო. ტედროს გებრეიესუსის უწყებამ ირკუტსკის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთთან კომუნიკაცია დაიწყო და, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის მზადყოფნაც გამოთქვა.
კრემლისგან დამატებით მონაცემებს ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უკვე ცნობილია, რომ საკითხზე სასაუბროდ დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს დაუკავშირდება. შესაძლო ეპიდემიური საფრთხის გამო, ვაშინგტონი საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან საკითხზე კომუნიკაციის დაწყებას ადასტურებს კრემლი.
ინფორმაციას უშუალოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან იღებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებები პროცესს აქტიურად აკვირდებიან. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მონაცემები საქართველოსგან ძალიან შორს მდებარე ტერიტორიებს ეხება. ამასთან, სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ იმოქმედოს და მოსახლეობა მსგავსი რისკებისგან დაიცვას.
მედიის ცნობით, ირკუტსკის შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტმა, დარია შიპილოვამ, მუშაობისას, პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გატეხა. ინციდენტის შედეგად, მას მძიმე პნევმონია განუვითარდა და გარდაიცვალა. ვერსიას რუსეთის ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.