დონალდ ტრამპი რუსეთში, ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე - ჩვენ მათ დავეხმარებით
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ციმბირში შავი ჭირის კვლევის ცენტრში რუსი ლაბორანტის გარდაცვალების შემთხვევას და რუსეთს დახმარებას შესთავაზებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა, თუმცა „როსპოტრებნადზორი“ ამ ცნობებს უარყოფს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ყურადღებით აკვირდება ციმბირში, შავი ჭირის კვლევის ცენტრში რუსი ლაბორანტის გარდაცვალების შემთხვევას.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს გავრცელება დიდი პრობლემაა რუსეთისთვის და რომ შეერთებული შტატები რუსეთს დახმარებას გაუწევს.
“არ მსიამოვნებს იმის ყურება, რომ ასეთ მდგომარეობაში არიან; ჩვენ დავეხმარებით. ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით”, - აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ცნობებს ყურადღებით აკვირდება. ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.
ციტატები სტატიიდან
„არ მსიამოვნებს იმის ყურება, რომ ასეთ მდგომარეობაში არიან; ჩვენ დავეხმარებით. ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.