გვარამია-მელიას დაპირისპირება - იშლებიან თუ არა "ახლები?" რა პრეტენზია აქვს მელიას გვარამიასთან და რომელ ბანაკს დარჩება სახელი და 4 ნომერი
გავრცელებული ინფორმაციით, პარტია "ახლების" ლიდერებს, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას შორის შიდაპარტიული დაპირისპირება და შესაძლო გაყოფა იკვეთება, რასაც მმართველი გუნდი ოპოზიციის პოლიტიკურ აგონიასა და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ნაწილს უკავშირებს.

ორ ნიკას შორის დაწყებული კამათი, შესაძლოა პარტიის ორად გაყოფით დასრულდეს. ძველი სახეებით დაკომპლექტებული "ახალი" გავრცელებული ინფორმაციით, მელია-გვარამიას პოლიტიკურ ფლანგებად იშლება. პატიმარი მელია, ციხის გარეთ მყოფ თანაგუნდელს პარტიის მიზანმიმართულად დასუსტებასა და დაშლაში ადანაშაულებს. ორ ნიკას გასაყოფი ახლა მხოლოდ სახელი, ლოგო და საარჩევნო ნომერი აქვთ. "ახლებში" რომ აზრთასხვადასხვაობაა, ეს გუნდის წევრების პასუხებითაც გამოჩნდა, ნაწილმა შიდაპარტიული დაპირისპირება აღიარა, ნაწილი კი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ლიდერებს შორის განხეთქილება არ არის.
მაშინ, როცა ხალხის ნდობა და რეიტინგი ნულის ტოლია - შიდაპარტიული დაპირისპირებაც ლოგიკური ხდება პარლამენტის თავმჯდომარისთვის. შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკურ აგონიაში მყოფი ოპოზიციისთვის ერთადერთი მაშველი რგოლი ახლა უცხო ძალაა, ის ვისი დირექტივებითაც ხელისუფლები ოპონენტები უკვე დიდი ხანია მოქმედებენ.
ჯერ გაერთიანება, შემდეგ დაპირისპირება, ბოლოს კი დაშლა ოპოზიციისთვის ახალი არ არის. ამ სცენარით განვითარდა მოვლენები ე.წ. ალიანსშიც, ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრებილმა ყოფილმა და მოქმედმა ნაცებმა
ცეცხლი ერთმანეთს გაუხსნეს, ძველი მეგობრები პოლიტიკურ მტრებად იქცნენ და ალიანსიც დაიშალა. ამ ფონზე გახარიას გუნდისთვის, სულაც არ არის გასაკვირი, რომ გვარამია მელიას პოლიტიკური გზები შესაძლოა ისევ გაიყოს.
დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესების განვითარება, არეულობის გზით პოლიტიკური რეალობის შეცვლის მცდელობა, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება და გარე დავალებების შესრულება - ეს ის საკითხებია, რაშიც მმართველი გუნდის თქმით, ოპოზიცია ერთიანი და ერთსულოვანიცაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტების დაშლა პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ყველა პოლიტიკური ფიგურა, რეალურად კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშაა.
ალიანსის დაშლის შემდეგ, დაიშლება თუ არა ორი ნიკას ერთობა და ვის დარჩება პარტიის სახელი, ლოგო და ნომერი? - ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.
ავტორი: ნანა გოგატაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.