მსჯავრდებულ დავითაძის საქმე - უმრავლესობა ოპოზიციასა და NGO-ებს საინფორმაციო შტურმში და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს
სახელისუფლებო გუნდი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და ოპოზიციის ქმედებებს დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს. მმართველი პარტიის განცხადებით, პატიმარზე ძალადობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რასაც ადასტურებს მისივე უარი ექსპერტიზაზე და პენიტენციური სამსახურის კადრები.

დესტაბილიზაციის მიზნით დაწყებული საინფორმაციო შტურმის მიღმა, სახელისუფლებო გუნდი მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახთან ერთად, ოპოზიციის და უცხოური დირექტივებით მოქმედი ენჯეოების კვალს ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარე პროვოკაციულად მიიჩნევს, ძალადობის შესახებ ყველა იმ განცხადებას, რომელიც მტკიცებულებების გარეშე და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება. უმრავლესობისთვის დავითაძის ბრალდების აბსურდულობას ადასტურებს, მსჯავრდებულის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და შემოწმების კადრები, სადაც არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფაქტი ვერც სახალხო დამცველმა ნახა. დავითაძის ბრალდებას უსაფუძვლოს ხდის კიდევ ერთი გარემოებაც - მსჯავრდებულის უარი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია დღეს "კურიერმა" მოიპოვა.
სახელისუფლებო გუნდისთვის მსჯავრდებული დავითაძისა და მისი ოჯახის ქმედებები საეჭვოა, შეკითხვა კი ბევრი - რატომ დუმდა პატიმარი ცხრა თვე, თუკი შესაძლო ძალადობის ფაქტი გასული წლის დეკემბერში მოხდა? ან რატომ თქვა უარი ექსპერტიზაზე, რომელიც მისი ბრალდების ნამდვილობის შემთხვევაში სიმართლეს დაამტკიცებდა? მსჯავრდებულის ოჯახი, რომელმაც დღეს პენიტენციურ სამსახურთან აქცია გამართა, ირწმუნებოდა, რომ - დავითაძე ექსპერტებს არ ენდობა.
მსჯავრდებულის ოჯახს, სახელისუფლებო გუნდიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ერთი გარემოება ან ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც პატიმარზე, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობას ან არასათანადო მოპყრობას დაადასტურებდა. სამაგიეროდ არსებობს ბევრი ფაქტი, რაც უმრავლესობის თქმით, დავითაძის ტყუილს ადასტურებს. მათ შორის მსჯავრდებულის უარი ექსპერტიზაზე, რომელიც მორიგი მტკიცებულებაა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
ფაქტია ისიც, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ" გიორგი დავითაძის ოჯახს დღეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. სააკაშვილის პარტიაში, რომელსაც უმრავლესობამ დღეს მძიმე წარსული კიდევ ერთხელ შეახსენა, მტკიცებულებების გარეშე და უაპელაციოდ ირწმუნებოდნენ, რომ დავითაძე ძალადობის მსხვერპლია. პატიმრის მიმართ კი შეკითხვები არ აქვთ.
ემოციებით მანიპულაციის გზით, საპროტესტო მუხტის შექმნა რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა - სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს. მმართველ პარტიაში მკაფიოდ ამბობენ, რომ პროვოკაციული ქმედებებით, ვერც პატიმარი დააღწევს თავს 17 წლიან სასჯელს და ვერც ოპოზიცია შეძლებს დესტაბილიზაციის მოწყობას ქვეყანაში.
გიორგი დავითაძის სასჯელი კი მძიმეა. პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებულმა 17 წლიანი პატიმრობა, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს. ოფიციალური ინფორმაციით, დავითაძე, რომელმაც პოლიციელ შალვა ფერაძეს, 8-ჯერ ესროლა, წელის არეში დაჭრა და მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, ციხეში ყოფნისას სისტემატურად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინა განაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს თანამშრომლებს. ამ დარღვევების გამო, მის მიმართ თითქმის 2 წლის განმავლობაში დისციპლინარული სახდელი 9-ჯერ გამოიყენეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.