უკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე საგზაო რუკას ვერ მიიღებს
ევროკომისიამ ოთხი მოწინავე კანდიდატი ქვეყნისთვის – მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა – ინდივიდუალური საგზაო რუკების მომზადება დაგეგმა, სადაც საქართველო არ ფიგურირებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი მოწინავე კანდიდატი – მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა – გამოყო და მათთვის ინდივიდუალური საგზაო რუკების მომზადებას გეგმავს, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორის არ ფიგურირებს.
"საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ამას ვწუხვარ. ვისურვებდი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერის ფონზე, საქართველოც მოლდოვისა და უკრაინის დონეზე ყოფილიყო." – თქვა კოსმა ტაბულას შეკითხვის პასუხად.
6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ევროკომისიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგზაო რუკები 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადდება, თუ ოთხივე ქვეყანა რეფორმების ტემპს შეინარჩუნებს.
საგზაო რუკებში განისაზღვრება კონკრეტული პრიორიტეტები, ვადები და შესასრულებელი ამოცანები. ევროკომისიის განმარტებით, ისინი კანდიდატებს აუცილებელი რეფორმების დასრულებაში დაეხმარება და ევროკავშირის საბჭოს შემდგომ მუშაობას მიმართულებას მისცემს.
თუმცა, საგზაო რუკები ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების თარიღს არ განსაზღვრავს და მოლაპარაკებების შედეგსა თუ სიჩქარეს წინასწარ არ გადაწყვეტს. პროცესი კვლავ თითოეული ქვეყნის მიერ შესრულებულ რეფორმებზე იქნება დამოკიდებული.
ამასთანავე, ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტში წერია, რომ ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო შეჩერებულია". ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე აქტიურად აღარ მუშაობს.
ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის დაბალი მაჩვენებელი აქვს და ამ მიმართულებით ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი სჭირდება.
საგზაო რუკის არქონა საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ აუქმებს და ქვეყანას ევროკავშირის ეტაპობრივი ინტეგრაციის ყველა შესაძლო ფორმიდან ავტომატურად არ გამორიცხავს. თუმცა, ასეთ შესაძლებლობებზე წვდომა რეფორმების შესრულებაზე, შესაბამის სფეროში მზადყოფნასა და ევროკავშირთან სტრატეგიულ თანხვედრაზე იქნება დამოკიდებული.
პარალელურად, გაფართოების პოლიტიკის გადახედვის შესახებ ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტის პროექტი, რომლის ტექსტიც ტაბულამ მოიპოვა, ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანებამდე მათთვის ბლოკის ერთიან ბაზარზე, პროგრამებსა და ინსტიტუციურ პროცესებში ეტაპობრივ ჩართვას ითვალისწინებს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველო დოკუმენტის ამ ნაწილშიც არ არის ნახსენები, უკრაინა და მოლდოვა კი ეტაპობრივი ინტეგრაციის არსებული და შესაძლო ფორმების მაგალითებად სხვადასხვა მიმართულებით არაერთხელ არის დასახელებული.
ციტატები სტატიიდან
„საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ამას ვწუხვარ. ვისურვებდი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერის ფონზე, საქართველოც მოლდოვისა და უკრაინის დონეზე ყოფილიყო.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.