გაფართოების შესახებ ევროკომისიის კომუნიკეში საქართველო ნახსენები არ არის - რა წერია დოკუმენტში და სად...
ევროკომისიის გაფართოების შესახებ ახალ კომუნიკეში საქართველო ნახსენები არ არის, თუმცა ის მოხსენიებულია თანმხლებ სამუშაო დოკუმენტში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე და რომ დაწინაურებულ კანდიდატებს შორის მოლდოვა და უკრაინა არიან.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც გაფართოების საკითხზე მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოქვეყნებას ეძღვნებოდა, საქართველოზე განაცხადა:
“საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველო, საქართველოს ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო იმავე დონეზე, რომელზეც არიან მოლდოვა და უკრაინა. როგორ ვიურთიერთებთ ქვეყანასთან, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაინახავენ ამას წევრი ქვეყნები.
ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების შესახებ ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს”.
6 ოქტომბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა “კომუნიკე ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპის ეკონომიკური სა სოციალური საკითხების კომიტეტისა და რეგიონების კომიტეტისთვის - მზადება უფრო ფართო ევროკავშირისთვის”.
საქართველო 25-გვერდიან კომუნიკეში ნახსენები არ არის.
ევროკომისარმა მარტა კოსმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ძირითადი აქცენტები და აღნიშნა, რომ დღეს ევროკავშირის დაწინაურებულ კანდიდატებს შორის არის ოთხი ქვეყანა: მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა.
ევროკომისარმა პლატფორმა X-ზე დაპოსტა:
„ბოლო ორ წელიწადში გაფართოებაში მეტ პროგრესს მივაღწიეთ, ვიდრე ბოლო ორ ათწლეულში. უფრო ფართო ევროკავშირისთვის მომზადების დროა. ეს მოითხოვს რეალიზმსა და პრაგმატიზმს. სწორედ ამას ეხება დღეს გამოქვეყნებული კომუნიკე“.
კომუნიკეს ერთხმად დაუჭირა მხარი ევროკომისიის 27-წევრიანმა კოლეჯმა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობს.
მარტა კოსის განმარტებით, კომუნიკეს - “მზადება უფრო ფართო ევროკავშირისთვის” - ახლავს სექტორული ანალიზი გაფართოების ზეგავლენაზე. მასში შეფასებულია - რამდენად მზად არის ევროკავშირი გაფართოებისთვის და რა სჭირდება უკეთესად მოსამზადებლად:
„გაფართოება ჩვენს ინტერესშია. ეს ეხება ჩვენი ინტერესისა და ჩვენი ღირებულებების დაცვას. უფრო ფართო ევროკავშირი არის გრძელვადიანი ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ესაა მიზეზი, რის გამოც ევროკავშირი დაფუძნდა“.
დოკუმენტში აღწერილია როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისე კანდიდატი ქვეყნების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები. მარტა კოსი მათ ხუთ პუნქტად ანაწილებს:
მმართველობის, კანონის უზენაესობისა და პოლიტიკების სფეროებში პრაქტიკული გადაწყვეტები. აქ ევროკომისარი გულისხმობს მათ შორის, ქვეყნის გაწევრიანების პროცესში ან სანქციებისა თუ გადასახადებისთვის თავის არიდების შემთხვევებზე გადაწყვეტილებების მიღების გამარტივებას.
უფრო ამბიციური ჩარჩო კანდიდატი ქვეყნის ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის. ამავდროულად, ეტაპობრივი ინტეგრაცია არ ანაცვლებს სრულ ინტეგრაციას, არამედ აჩქარებს გაფართოების პროცესს. ეტაპობრივი ინტეგრაცია ეფუძნება: კანდიდატი ქვეყნის მიერ რეფორმებში პროგრესს და სტრატეგიულ შესაბამისობას.
გაწევრიანების გარანტიების საერთო ჩარჩო: ეს მნიშვნელოვანია როგორც წევრი სახელმწიფოების, ისე მოქალაქეებისთვის. ყველა წევრი სახელმწიფო, ახალი წევრებიც ისარგებლებენ თანაბარი უფლებებით: „ჩვენს კავშირს რომ შემოუერთდნენ, ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ჩვენი ძალიან მაღალი სტანდარტები კანონის უზენაესობის - დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ გაწევრიანების შემდეგ ისინი ამ სტანდარტებს არ ჩაცდნენ“.
ევროკომისიას სურს გამარტივდეს წევრი სახელმწიფოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და ხმის უფლების შეზღუდვა - „ეს იქნება დამზღვევი პოლიტიკა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლოს რეაგირება. ეს დამზღვევები ამოქმედდება მხოლოდ დარღვევების შემთხვევაში“.
გზამკვლევები დაწინაურებული ოთხი ქვეყნისთვის. „გამოვავლინეთ ოთხი დაწინაურებული ქვეყანა: მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა. ამ ქვეყნებმა ბოლო წლებში აჩვენეს გაწევრიანებისთვის მზადყოფნაში მნიშვნელოვანი პროგრესი“.
ევროკომისია 28 ოქტომბერს გამოაქვეყნებს გაფართოების შესახებ წლიურ ანგარიშს, რომელშიც, მარტა კოსის განცხადებით, იქნება ინდიკატორული გზამკვლევები დაწინაურებული კანდიდატი ქვეყნებისთვის. გზამკვლევი განსაზღვრავს რეფორმების პროგრესის ვადებსა და მკაფიო ნიშნულებს: “ამ გზას განსაზღვრავს ცალკეული კანდიდატის მიღწევები. მოკლე გზებით მოჭრა არ იქნება“, - აღნიშნა ევროკომისარმა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებისგან და წევრი ქვეყნებისგან ელოდება კოლეჯის მიერ წარმოდგენილ კომუნიკესა და თანმხლებ სამუშაო დოკუმენტზე დებატებს.
კომუნიკესგან განსხვავებით, საქართველო ნახსენებია მის თანმხლებ 149-გვერდიან „სამუშაო დოკუმენტში“: მასში აღნიშნულია, რომ „საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად“ და დასახელებულია ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში მოქმედი პროგრამები, რომლებშიც საქართველო ამა თუ იმ ფორმატში მონაწილეობს. მაგალითად, „ევროპის ინოვაციის საბჭოს“ ეგიდით - სტარტაპების პროექტებში; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებში; რომ ის მიერთებულია „ერთიანი სატრანზიტო კონვენციას“, რომელიც ამარტივებს საბაჟო პროცედურებს ევროკავშირსა და რამდენიმე მესამე ქვეყანას შორის; რომ საქართველო არის „ენერგეტიკული თანამეგობრობის“ ხელშემკვრელი მხარე ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად;
„სამუშაო დოკუმენტში“ აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) „საქართველოსა და თურქეთის შესაბამისობის დონე კვლავაც დაბალია“ და რომ ჩვეულებრივ, შესაბამისობის მაღალი დონე არის „მძლავრი სიგნალი გაფართოების ქვეყნების სტრატეგიულ არჩევანზე“ და რომ ეს მიღწეული უნდა იყოს გაფართოების პროცესში და არა გაწევრიანების შემდეგ.
საქართველო ნახსენებია აგრეთვე, როგორც რუსეთთან საზღვრის მქონე ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყანა და პოტენციურად ევროკავშირისთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა და სტრატეგიული გამოწვევების ზრდის საფუძველი, რაზე პასუხადაც, ევროკავშირს „შესაძლოა დასჭირდეს ახალ უშუალო მეზობლებთან [უპირველესად რუსეთთან-რთ] ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შემუშავება“.
საქართველოსა და სერბეთის მაგალითზე, ევროკომისიის კომუნიკეს თანმხლებ სამუშაო დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის წამოჭრილი ბლოკის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის მნიშვნელობა:
„გაფართოება პირდაპირ უპირისპირდება რუსეთის ზეგავლენას, რადგან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიც საქართველო და სერბიაა, მოითხოვს სრულ შესაბამისობას CFSP-სთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან (მაგალითად, სანქციების საკითხზე, ენერგეტიკის, ვაჭრობის, უცხოური ინვესტიციების, სავიზო პოლიტიკის სფეროებში) და რუსეთთან მთელი რიგი შეთანხმებების (მაგალითად, „გაზპრომის“ მიერ სერბეთის გაზმომარაგებას) დასრულებას“, - წერია ევროკომისიის ვრცელ სამუშაო დოკუმენტში.
ევროკომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ისტორიულად, რუსეთი ინარჩუნებდა განსაკუთრებულ ზეგავლენას აღმოსავლეთ ევროპაზე, დასავლეთ ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაზე:
„რუსეთი იყენებს „გამიზნული ინვესტიცია/მაღალი მოგების“ მიდგომას ამ ქვეყნებზე ზეგავლენისთვის, ინსტრუმენტებად იყენებს ენერგოდამოკიდებულებას, ვაჭრობას, სამხედრო ყოფნას და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევას“.
დოკუმენტში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ „გაფართოების ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის მხრივ, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სერბეთში, მონტენეგროსა და საქართველოში მათი რიცხვი მკვეთრად გაიზარდა“.
სამუშაო დოკუმენტის ავტორები წერენ ნატოში ინტეგრაციის საკითხზეც: „ამჟამად საქართველოს ხელისუფლება აქტიურად არ ცდილობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას - მაშინ, როცა უკრაინა ახორციელებს ცვლილებებს ნატოსთან სრულად თავსებადობისთვის“.
6 ოქტომბრის „სამუშაო დოკუმენტში“ წერია ისიც, რომ „დამკვიდრებული პრაქტიკით, გაფართოების ქვეყნების უმრავლესობა (მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველო) რეგულარულად უერთდებიან ევროკავშირის მიერ გაეროში ჰუმანიტარულ საკითხებზე წარდგენილ განცხადებებს“.
ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი საქართველომ 2022 წლის მარტში - იმავე წელს, როცა ეს გააკეთეს უკრაინამ და მოლდოვამ. კანდიდატის სტატუსი საქართველომ 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო კონკრეტული დათქმით - "9 ნაბიჯით", რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ამ პირობების უგულებელყოფის, "დემოკრატიის უკუსვლისა" და ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან "გადახვევის" გამო, ევროკავშირმა 2024 წლის ივნისიდან დე ფაქტო შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
ციტატები სტატიიდან
„საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველო, საქართველოს ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო იმავე დონეზე, რომელზეც არიან მოლდოვა და უკრაინა. როგორ ვიურთიერთებთ ქვეყანასთან, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაინახავენ ამას წევრი ქვეყნები. ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების შესახებ ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს“
„ბოლო ორ წელიწადში გაფართოებაში მეტ პროგრესს მივაღწიეთ, ვიდრე ბოლო ორ ათწლეულში. უფრო ფართო ევროკავშირისთვის მომზადების დროა. ეს მოითხოვს რეალიზმსა და პრაგმატიზმს. სწორედ ამას ეხება დღეს გამოქვეყნებული კომუნიკე“
„გაფართოება ჩვენს ინტერესშია. ეს ეხება ჩვენი ინტერესისა და ჩვენი ღირებულებების დაცვას. უფრო ფართო ევროკავშირი არის გრძელვადიანი ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ესაა მიზეზი, რის გამოც ევროკავშირი დაფუძნდა“
„ჩვენს კავშირს რომ შემოუერთდნენ, ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ჩვენი ძალიან მაღალი სტანდარტები კანონის უზენაესობის - დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ გაწევრიანების შემდეგ ისინი ამ სტანდარტებს არ ჩაცდნენ“
„ეს იქნება დამზღვევი პოლიტიკა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლოს რეაგირება. ეს დამზღვევები ამოქმედდება მხოლოდ დარღვევების შემთხვევაში“
„გამოვავლინეთ ოთხი დაწინაურებული ქვეყანა: მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა. ამ ქვეყნებმა ბოლო წლებში აჩვენეს გაწევრიანებისთვის მზადყოფნაში მნიშვნელოვანი პროგრესი“
„ამჟამად საქართველოს ხელისუფლება აქტიურად არ ცდილობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას - მაშინ, როცა უკრაინა ახორციელებს ცვლილებებს ნატოსთან სრულად თავსებადობისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.