ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ქიმიური მოწამვლის საქმე ეუთოს სხდომაზე - ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა კვლევა წარადგინეს

ეუთო

ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ეუთოში წარადგინეს კვლევა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური გამღიზიანებლებისა და წყლის ჭავლის სავარაუდო ზემოქმედებას და მის გრძელვადიან შედეგებს ეხება. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნაწილს სიმპტომები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღენიშნებოდა.

ქიმიური მოწამვლის საქმე ეუთოს სხდომაზე - ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა კვლევა წარადგინეს
ქიმიური მოწამვლის საქმე ეუთოს სხდომაზე - ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა კვლევა წარადგინესTV პირველი

ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ეუთოში წარადგინეს კვლევა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური გამღიზიანებლებისა და წყლის ჭავლის სავარაუდო ზემოქმედებას და მის გრძელვადიან შედეგებს ეხება.

კვლევის ავტორები გიორგი კამკამიძე, ბაია პატარაია, ჯეიმს ლინი, ჯოსინა ბოტე და ლელა ცისკარიშვილი არიან.

მათ 524 ადამიანი გამოკითხეს, რომლებიც 2024 წლის აქციებში მონაწილეობდნენ. მონაცემები 2026 წლის თებერვალ-მარტში შეგროვდა.

გამოკითხულებმა აღწერეს, რა სიმპტომები ჰქონდათ და რამდენ ხანს გაგრძელდა თითოეული. ბევრისთვის ისინი არ გამქრალა.

წარდგენილი კვლევის მიგნებები ასეთია:

კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 34%-ს მინიმუმ ერთი სიმპტომი ზემოქმედებიდან 12 თვის შემდეგაც აღენიშნებოდა. მათ შორის, 41% მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემებზე მიუთითებდა, 37% - შფოთვაზე, განწყობის ცვლილებაზე, გაღიზიანებასა და უძილობაზე, 29% - სმენის პრობლემებზე, 23% - თავის ტკივილზე, 12% - სუნთქვის, ხოლო 10% - მხედველობის პრობლემებზე.

გამოკითხულთა 71%-ის განცხადებით, მათზე ორი ან მეტი საშუალება მოქმედებდა, ხოლო 31%-მა ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის ერთობლივი ზემოქმედება აღწერა. კვლევის მიხედვით, წყლის ჭავლის პირდაპირი მოხვედრა ხანგრძლივი სიმპტომების რისკის გაორმაგებასთან იყო დაკავშირებული. სამედიცინო დახმარებას კი რესპონდენტთა მხოლოდ 29%-მა მიმართა.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მიღებული მონაცემები მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ადგენს და არც ძალის გამოყენების კონკრეტული შემთხვევების კანონიერებასა თუ პროპორციულობას აფასებს. კვლევას რამდენიმე შეზღუდვაც აქვს, მათ შორის თვითშერჩეული ნიმუში, საკონტროლო ჯგუფის არარსებობა, შეზღუდული კლინიკური დოკუმენტაცია და გამოყენებული ნივთიერებების დამოუკიდებლად იდენტიფიცირების შეუძლებლობა.

ამასთან, კვლევის ავტორები დამატებითი კლინიკური, ტოქსიკოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

რესპონდენტთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ აქციების დროს ქიმიური ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი ტანსაცმელი ან სხვა ნივთები შეინახა, ხოლო 125 ადამიანს ეს ნივთები გაურეცხავი აქვს დატოვებული.

ავტორების შეფასებით, მათი დამოუკიდებელი ქიმიური ანალიზი შესაძლოა გამოყენებული ნივთიერებების იდენტიფიცირებასა და არსებული მონაცემების ობიექტური მტკიცებულებებით გამყარებას დაეხმაროს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.