იოსელიანი კითხვაზე, არის თუ არა „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი
პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებმა მასზე იძალადეს. პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელა და ბრალდება უარყო, თუმცა საქმემ საზოგადოების და სამოქალაქო ორგანიზაციების დიდი პროტესტი და კითხვები გამოიწვია.

როგორც იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მომხდარის შესახებ სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„ერთი არის ფაქტი, რომ ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს [...] დღეს რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ მე ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ამის შემდეგ წამყვანმა მას ჰკითხა:
დიანა ტრაპაიძე: (დავითაძე ამბობს, რომ) თითით შეღწევა იგრძნო ორგანიზმში. ეს დათვალიერების პროცედურის ნაწილია?
ლევან იოსელიანი: ეს დებულებაში როგორ არის გაწერილი, იქ უნდა ვნახოთ, ალბათ. რამდენად არის საშუალება, რომ ასე სიღრმისეულად დაათვალიერონ. თუმცა ის, რომ უნდა დათვალიერდეს, მათ შორის დეტექტორით და სკანერით, ეს დებულებაში გაწერილია.
დიანა ტრაპაიძე: მაგრამ თითით, რეზინის ხელთათმანით, ეს დათვალიერების პროცედურის ნაწილია?
ლევან იოსელიანი: ეს ხომ მისი განცხადებაა, ამ კადრებში ეს ხომ არ ჩანს?
დიანა ტრაპაიძე: რაც არ ჩანს, გამორიცხულია?
ლევან იოსელიანი: რაც არ ჩანს, უნდა გამოიძიოს პროკურატურამ.
გიორგი დავითაძის საქმე
2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მან გამოაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
პენიტენციური სამსახური ბრალდებას „კატეგორიულად უარყოფს“.
უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, ასახავს პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას. ვიდეოს ხმა არ აქვს.
მედიასთან 2 ოქტომბერს ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა: „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ“;
10-ზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ იმავე დღეს მოითხოვა, ხელისუფლებამ „ეფექტიანად და სრულყოფილად“ გამოიძიოს საქმე და განაცხადა, რომ „პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში.
3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, რომლებშიც, მათი განმარტებით, მსჯავრდადებულზე ძალადობაა ასახული.
მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა მსჯავრდადებული გიორგი დავითაძის მიერ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების ბრალდება და დეტალები, რუსთავის ციხეში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც დავითაძის „დეესკალაციის ოთახში“ გადაყვანას ასახავს. მოგვიანებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მან თქვა, რომ „კანონმდებლობა ხმოვანი ჩანაწერის გაკეთებას არ ითვალისწინებს“.
სალიას თქმით, „დაუდასტურებელი ბრალდებების ფაქტებად წარმოჩენით“ პენიტენციურ დაწესებულებაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ. მისი განცხადებით, ეს ვერ მოხდება, რადგან სახელმწიფოს დაწესებულებებში სიმშვიდის შესანარჩუნებლად „საკმარისი რესურსი აქვს“.
ციტატები სტატიიდან
„ერთი არის ფაქტი, რომ ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს [...] დღეს რატომღაც ითხოვენ ჩემგან, რომ მე ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.