Financial Times: ევროკავშირი სუბსიდიების წესების დარღვევაში მხილებული ჩინური კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობაზე აკრძალვის დაწესებას განიხილავს
Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი სუბსიდიების წესების დამრღვევი უცხოური კომპანიებისთვის წევრი ქვეყნების ყველა სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის აკრძალვას განიხილავს.

ევროკავშირი უცხოური სუბსიდიების შესახებ რეგულაციის გამკაცრებას და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ წესების დარღვევაში არიან მხილებულნი, ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოში ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას განიხილავს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
Financial Times-ის ცნობით, ინიციატივა ევროკავშირის ჩინეთსა და ბლოკის გარეთ არსებულ სხვა მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირების უფრო ფართო გეგმის ნაწილია.
ევროკომისია შესაბამის წინადადებებს 9 დეკემბერს წარადგენს. ცვლილებების თანახმად, კომპანიას, რომელიც ერთ კონკრეტულ საქმეზე უცხოური სუბსიდიების შესახებ რეგულაციის დარღვევაში იქნება მხილებული, შესაძლოა, ევროკავშირის მასშტაბით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აეკრძალოს.
ამ გზით ბრიუსელი შეეცდება კომპანიებმა აკრძალვის თავიდან ასაცილებლად, სხვა წევრ სახელმწიფოებში ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობით აღარ ისარგებლონ.
„როდესაც ვინმეს დარღვევას ვუპოვით, მას უბრალოდ სხვაგან ცდის შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონდეს. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ უკეთ ევროპული ბაზარი. თუ აღმოვაჩენთ, რომ კომპანია ერთ სახელმწიფო ტენდერში უცხოური სუბსიდიების შესახებ რეგულაციის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მას ევროპის სხვა ქვეყნებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა აღარ შეეძლოს. საპირისპიროს დამტკიცებამდე ამ კომპანიას, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონდეს“, - განუცხადა გამოცემას საკითხთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ევროკომისია უფრო აქტიური სამრეწველო პოლიტიკის გატარებას ცდილობს. ბრიუსელში შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ევროპულ კომპანიებს სულ უფრო უჭირთ კონკურენცია უცხოელ მეტოქეებთან, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიებით სარგებლობენ, განსაკუთრებით ჩინეთიდან. ამასთან, ევროკავშირი ცდილობს, შეამციროს დამოკიდებულება უცხოელ მომწოდებლებზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისა და ნედლეულის მიწოდების კუთხით, რადგან ეს ბლოკს გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადს ხდის, წერს გამოცემა.
შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააფართოებს 2023 წელს ამოქმედებული უცხოური სუბსიდიების შესახებ რეგულაციის მოქმედების არეალს. მისი მიზანია, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ გაცემული სუბსიდიების ხარჯზე კომპანიებმა ერთიან ბაზარზე უსამართლო კონკურენტული უპირატესობა ვერ მოიპოვონ.
მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია უშუალოდ ჩინეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მისი შემუშავების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მზარდი შეშფოთება იყო, რომ მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლის მიერ ჭარბი პროდუქციის მიწოდება ევროპულ მრეწველობას საფრთხეს უქმნის, აღნიშნულია სტატიაში.
მოქმედი წესების თანახმად, კომპანიები, რომლებიც სულ მცირე 250 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტებზე განაცხადს აკეთებენ, ვალდებული არიან, ევროკომისიას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მთავრობებისგან მიღებული ფინანსური შენატანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას. უცხოური სუბსიდიების არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, ევროკომისიას ტენდერის გამოძიების დაწყებაც შეუძლია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…