ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს. მედიის ცნობით, საპროცესო შეთანხმება ასევე ითხოვა კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, გური ჟვანიამ.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებისთვის მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ "აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს".
"ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას" - აცხადებს პროკურატურა.
მედიის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმება ასევე ითხოვა 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, გური ჟვანიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დამნაშავედ 7 მაისს ცნო და 7-7 წელი მიუსაჯა. რაც შეეხება გური ჟვანიას, მას 5 წელი აქვს მისჯილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.
გასული წლის 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.
მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.
მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი.
ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.
რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო 2 კვირის მანძილზე აიყვანეს აქციის კიდევ 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, დანარჩენებს - პატიმრობა.
რამდენიმე თვეში, 2026 წლის თებერვალში, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებდა მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, “რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას”. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 20-ზე მეტ პირს გაუფორმდებოდა.
ათთვიანი პატიმრობის შემდეგ, პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა განცხადება, რომლითაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს მოუწოდებდა, “ყველას” მიეღო საპროცესო შეთანხმება.
ბოლო ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით დაახლოებით 40 პირი გათავისუფლდა.
ბურჭულაძის, მანჯგალაძის, ზოდელავას, ნადირაძის და კიდევ 6 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
ციტატები სტატიიდან
„ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.