დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად პროტესტის გამო 3 პატიმარი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“ - ომბუდსმენი
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ საგნები გადაყლაპა და პროტესტის ნიშნად უარი თქვა კლინიკაში გადაყვანაზე, სანამ მისი მხარდამჭერი სამი პატიმარი დეესკალაციის ოთახებიდან საკნებში არ დაბრუნდებიან.

ომბუდსმენის აპარატის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, შაბათ-კვირას, 3–4 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მათ მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და კიდევ სამი პატიმარი, რომლებიც დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ.
4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ გადაყლაპა რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი.
სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბრისას დავითაძემ თქვა, რომ თავს კარგად გრძნობდა.
მან უარი თქვა კლინიკაში გადაყვანაზე, - მისი განმარტებითვე, კლინიკაში გადაყვანაზე უარი პროტესტის ფორმაა.
დავითაძე აცხადებს, რომ კლინიკაში არ გადავა, სანამ მის მხარდასაჭერად დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებენ.
სხვა პატიმრებიც ჩივიან პირობებზე
სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ომბუდსმენის წარმომადგენლები შეხვდნენ ამ სამ პატიმარსაც.
ისინი დავითაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
„მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს“, - წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ დავითაძის „უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს“ გააგრძელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.