"კონკურენტულ გარემოში ჩატარდა" - ცესკოს წინასწარი მონაცემებით შუალედურ არჩევნებში ხმების უმრავლესობა...
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებზე აქტივობამ 51,6% შეადგინა და მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა. წინასწარი მონაცემებით, წალკისა და ვანის საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

„არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაუფიქსირებინა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა 3 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ბრიფინფზე, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც შუალედური არჩენები მიმდინარეობდა, საარჩევნო უბნები დაიხურა
კალანდარიშვილის თქმით, არჩევნებზე სულ 1136 ადამიანი მივიდა, რაც რაც საერთო ამომრჩევლების 51,6%-ა.
დაიწერა მხოლოდ ერთი საჩივარი:
„ფოტო-ვიდეო გადაღებას ეხებოდა და ეს საკითხი მალევე გამოსწორდა“ - ამბობს ცესკოს თავმჯდომარე.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დათვლილია წალკისა და ვანის საარჩევნო უბნების ხმები და იქ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
საბოლოო შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
3 ოქტომბერს საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში, ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში სადაც შუალედური არჩევნები მიმდინარეობდა.
არჩევნები შვიდ საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა.
საარჩევნო უბნები გახსნილი იყო ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში.
გამოყენებული იქნა როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი.
არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.
ცესკოს ცნობით, არჩევნებს შვიდი ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდებოდა. პროცესის გასაშუქებლად რეგისტრირებული იყო რვა მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.
შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 117 000 ლარია გამოყოფილი. თანხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადაეცა.
ეს საშუალოდ დაახლოებით 159,6 ათასი ლარია ერთ საარჩევნო უბანზე.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი ოთხივე მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა გახდა.
ციტატები სტატიიდან
„არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაუფიქსირებინა“
„ფოტო-ვიდეო გადაღებას ეხებოდა და ეს საკითხი მალევე გამოსწორდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.