ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს – სამხარაძე ირანის ელჩზე
საქართველოს პარლამენტის წევრებმა და საპატრიარქოს წარმომადგენელმა კრიტიკულად შეაფასეს ირანის ელჩის, ალი მოუჯანის განცხადებები და დაგეგმილი კვლევა ქეთევან დედოფლის შესახებ. პოლიტიკოსებმა ელჩს მოუწოდეს, თავი შეიკავოს ისტორიული თემების წიაღსვლებისგან და დიპლომატიური პროტოკოლის ფარგლებში დარჩეს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ირანის ელჩმა ისტორიულ წიაღსვლებს თავი უნდა დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არაა.
ასე გამოეხმაურა სამხარაძე ირანის ელჩის განცხადებას ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით.
„მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, რომ დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ირანის ელჩის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და მანაც აღნიშნა, ირანის ელჩის წიაღსვლები ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით არარელევანტურია.
„ჩვენ შერჩევით არავის ვუდგებით. ყველას ობიექტურად ვუდგებით და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების შესაბამისი, ადეკვატური პასუხი იქნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია. ეს არ შედის ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში, მით უმეტეს, არც ელჩისა და საელჩოს საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რა თქვა ირანის ელჩმა?
ირანის ელჩი ალი მოუჯანი აანონსებს პირადად მის მიერ ჩატარებულ კვლევას ქეთევან წამებულზე. მისი თქმით, ქეთევან დედოფლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.
როგორც ირანის ელჩი ამბობს, „შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.
ქეთევან დედოფალი (ქეთევან წამებული) 1624 წლის 13 სექტემბერს ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით, სასტიკი წამებით მოკლეს. ქეთევან დედოფლის სიკვდილით დასჯას თვალს ადევნებდნენ შირაზში მყოფი პორტუგალიელი კათოლიკე მისიონერები. მათ ღამით საიდუმლოდ ამოთხარეს დედოფლის ცხედარი და წმინდა ნაწილებად შეინახეს.
მოგვიანებით კათოლიკე მისიონერებმა წმინდა ნაწილები რამდენიმე მიმართულებით გაანაწილეს. ცხედრის ნაწილი ინდოეთში, ნაწილი ევროპაში და ნაწილი საქართველოში ჩამოასვენეს.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 26 სექტემბერი.
აი, რას წერს ირანის ელჩი:
“დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე
ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.
ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.
მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.
წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.
შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, – წერს ირანის ელჩი.
რას ამბობენ საპატრიარქოში?
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ ირანის ელჩის განცხადება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით უკიდურესად მიუღებელია და ამაზე საპატრიარქოს რეაქცია ექნება.
„ქეთევან დედოფალი არის მნათობი საქართველოს ეკლესიის, დიდმოწამე. ბუნებრივია, ეკლესიას აქვს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს. მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და ამას სხვა სარჩული და საფუძველი მოუძებნო, არის აბსოლუტურად მიუღებელი.
თქვენ გაინტერესებთ საპატრიარქოს მხრიდან გაკეთდება თუ არა განცხადება და მიეცემა თუ არა ამას შეფასება, ეს ძალიან ლეგიტიმური და სწორი კითხვაა. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ შეფასება მისცეს ამას [საპატრიარქომ]. ეს უკიდურესად მიუღებელია“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ შერჩევით არავის ვუდგებით. ყველას ობიექტურად ვუდგებით და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების შესაბამისი, ადეკვატური პასუხი იქნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია. ეს არ შედის ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში, მით უმეტეს, არც ელჩისა და საელჩოს საქმიანობაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.