უკიდურესად მიუღებელია - ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადება შეაფასა და ის უკიდურესად მიუღებლად მიიჩნია. ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა და სამველის კვლევის შედეგების გაზიარებას აანონსებს, რაც ისტორიული მოვლენების ხელახალ გააზრებას ეხება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ ქეთევან დედოფალზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"ქეთევან დედოფალი არის მნათობი საქართველოს ეკლესიის, დიდმოწამე. ბუნებრივია, ეკლესიას ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს. იმის მცდელობა, რომ ისტორია შეცვალო და ამას რაღაც სხვა სარჩული და საფუძველი მოუძებნო, აბსოლუტურად მიუღებელია. რა თქმა უნდა, აუცილებელია, საქართველოს საპატრიარქომ ამას შეფასება მისცეს. ეს უკიდურესად მიუღებელია". - თქვა ზვიადაძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.
ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი წერს, რომ 25 სექტემბერს, თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის "ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით" განათდა. მისი თქმით, გამოსახულება "იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს".
ირანის ელჩი წერს, რომ მალე FB-გვერდის მკითხველებისთვის გაავრცელებს მის მიერ ჩატარებული "პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს".
ალი მოჯანის თქმით, "შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს".
"წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე.
ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე" - წერს ირანის ელჩი.
ციტატები სტატიიდან
„ქეთევან დედოფალი არის მნათობი საქართველოს ეკლესიის, დიდმოწამე. ბუნებრივია, ეკლესიას ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს. იმის მცდელობა, რომ ისტორია შეცვალო და ამას რაღაც სხვა სარჩული და საფუძველი მოუძებნო, აბსოლუტურად მიუღებელია. რა თქმა უნდა, აუცილებელია, საქართველოს საპატრიარქომ ამას შეფასება მისცეს. ეს უკიდურესად მიუღებელია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.