ქონების გადასახადის ზღვრის ცვლილება წელსვე შეეხება 2025 წლის შემოსავლებს
„ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ქონების გადასახადის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება, რათა შეეხოს 2025 წელს მიღებულ შემოსავლებსა და დასაბეგრ ქონებას. მამუკა ბარათაშვილის თქმით, ამ ცვლილების შედეგად 81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის.

„ქართულმა ოცნებამ“ 14 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც ქონების გადასახადის ზღვარი არსებული 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზრდება.
უნდა შეეხოს 2025 წლის შემოსავლებს
15 სექტმბერს რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ როდინდელ შემოსავლებსა და დეკლარაციას შეეხება ინიციირებული ცვლილებები, - 2025 წლისას თუ 2026-ისას, - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს:
„ინიციირებული ცვლილებები დაჩქარებული წესით იმიტომ განიხილება, რომ შეეხოს 2025 წელს [მოქალაქეთა მიერ] მიღებულ შემოსავლებსა და დასაბარეგრ ქონებას“.
დეკლარაციის შევსება და გადასახადები
ზოგადი დანაწესი ასეთია:
მოქალაქეებმა ყოველი წლის 1 ნოემბრამდე უნდა შეავსონ ქონების დეკლარაცია;
ეს დეკლარაცია უნდა ასახავდეს წინა წლის სრულ შემოსავლებს;
ეს წესი ეხება მათაც, ვინც მიიღო 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი და გააჩნია დასაბეგრი ქონება, ან შემოსავლების რაოდენობის მიუხედავად გააჩნია დასაბეგრი ქონება.
უფრო მარტივად
2026 წლის 1 ნოემბრამდე მოქალაქეებმა უნდა შეავსონ 2025 წლის ამსახველი დეკლარაცია, ხოლო 2026 წლისავე 15 ნოემბრამდე - დარიცხული გადასახადი გადაიხადონ.
აქამდე არსებული წესით, თუ ადამიანს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა, - და თან ჰყავდა ავტომობილი ან ჰქონდა სახლი თუ სხვა უძრავი ქონება, - გადასახადის გადახდა მოუწევდა.
მაგრამ პარლამენტში დაჩქარებული ცვლილებების შედეგად წელს უკვე აღარ გადაიხდის ამ გადასახადს - თუკი შემოსავალი 100 000 ლარს არ ასცდა.
„81 ათასი ოჯახი“ და „22 მილიონი“
ინიციატივა 40 000-იანი ზღვრის 100 000 ლარამდე გაზრდის თაობაზე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 14 სექტემბერს წარადგინა.
„ქონების გადასახადი შენარჩუნდება 100 000-ლარიანი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე“, - თქვა მან.
15 სექტემბერს კი შემოსავლების სამსახურის ახლადდანიშნულმა უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ ზღვრის აწევის შედეგად, „81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის“.
„დღეს მოქმედი წესით ამ ოჯახებს, ჯამურად, დაახლოებით, 22 მილიონი ლარის ქონების გადასახადის გადახდა მოუწევდათ. ცვლილების ამოქმედების შემდეგ ეს ვალდებულება მათ აღარ ექნებათ“, - განაცხადა მან.
ბარათაშვილმაც განაცხადა, რომ „კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა შესაბამისმა პირებმა უკვე მიმდინარე წელს ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GE81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
- რუსთავი 2მამუკა ბარათაშვილი ქონების გადასახადზე: 81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი - მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს შეადგენდა
- ბათუმელებიქონების გადასახადს ის ოჯახები გადაიხდიან, ვისი შემოსავალიც 100 ათას ლარზე მეტია
ციტატები სტატიიდან
„81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის“
„კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა შესაბამისმა პირებმა უკვე მიმდინარე წელს ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…