წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ვიტალი სამხარაძის სოლო კონცერტი 55 000 ლარი დაუჯდა, ქუთაისს კი 58 500
წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მევიოლინე ვიტალი სამხარაძის სოლო კონცერტი 55 000 ლარი დაუჯდა, ხოლო ქუთაისს მსგავსი ღონისძიება 58 500 ლარი დაუხარჯა. ორივე კონცერტი გამარტივებული შესყიდვით გაფორმდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ცნობილი მევიოლინის, ვიტალი (იმერელი) სამხარაძის სოლო კონცერტი 55 000 ლარი დაუჯდა - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2026 წლის 16 სექტემბრის
გაცემულ №2744 განკარგულებაში ვკითხულობთ, სადაც გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობაა გაცემული.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
კონცერტი წყალტუბოში გუშინ გაიმართა. ამის შესახებ ფბ-გვერზე თავად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოც ავრცელებს ინფორმაციას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერი გენადი ბალანჩივაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის ვიტალი (იმერელი) სამხარაძის სოლო კონცერტს დაესწრნენ.
კლასიკური მუსიკის კონცერტზე ვიტალი (იმერელი) სამხარაძესთად ერთად ფინეთში მოღვაწე საერთაშორისო მუსიკოსი მარიან პეტრესკუ (ფორტეპიანო) წარსდგა. მაყურებლის წინაშე შესრულდა ცნობილი ჯაზ-კომპოზიციები.
ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე თვით ადრე, მაისში, ვიტალი სამხარაძის სოლო კონცერტი გაიმართა ქუთაისშიც. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 161 ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუწიციპალიტეტის მერიას კონცერტი 58 500 ლარი დაუჯდა. აქაც გამარტივებული შესყიდვით მოხდა ხელშეკრულების გაფორმება.
კონცერტი 2026 წლის 4 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
საღამოს "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, დიტო სამხარაძე, დავით მათიკაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, იმერეთის გუბერნატორი ლევან ზალკალიანი, მოადგილეები, ქალაქის მერი დავით ერემეშივილი, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.