პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰაშიში“ და „ოპიუმი“.
პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.