ნანა კაკაბაძე: ისტორიული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ქართველების მიერ არეული ქვეყნის დალაგების მსურველი გარე ძალები ბლომად გამოჩნდებიან და თავისი ინტერესების შესაბამისად ისევ ფსევდო პატრიოტი ქართველების ხელით, სათავისოდ დაილაგებენ ჩვენ არეულ ქვეყანას
მოძრაობა „ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე მედასავლეთეებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დასავლეთის მოთხოვნების ბრმად შესრულება და რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებს ვერ შეუქმნის.

მოძრაობა „ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებზე წერს. იგი „გულწრფელ და პატრიოტ „მედასავლეთეებსა და ლიბერალებს“ მიმართავს და უსვამს კითხვას, რა შეიძლება, მოუტანოს ქვეყანას მათ მიერ არჩეულმა გზამ - სიკეთე თუ ბოროტება?
„როგორ ვხვდებით საფრთხეებს და გამოწვევებს
უკიდურესად პოლიტიზებულ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან გამარტივებულია ადამიანების პოზიციებზე და განწყობებზე მსჯელობა: თუ არ ამჟღავნებ დასავლეთის მიმართ უსიტყვო მონურ მხარდაჭერას, თუ არ გამოხატავ აღფრთოვანებას დასავლეთიდან მომდინარე ნებისმიერი ნარატივისადმი (რომელიც ყოველთვის იფუთება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვით), მაშასადამე ხარ რუსული ორიენტაციის, პრორუსი, ერის მოღალატე და ა. შ. აქედან გამომდინარე, ხარ კეთროვანი, მოსაკვეთი და ჩასაქოლი.
ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება.
ჩვენს „მედასავლეთეებსა და ლიბერალებს“ შორის ალბათ არსებობენ გულწრფელი და პატრიოტი ადამიანებიც. სწორედ მათ გასაგონად გვინდა წამოვწიოთ რამდენიმე კონკრეტული საკითხი და დავსვათ საჭირბოროტო კითხვები, რომლებიც ნებისმიერ პატიოსან მოქალაქეს უნდა აწუხებდეს.
ქართველი „მედასავლეთე ლიბერალისთვის“ პატრიოტობის დამტკიცების ტესტი არის რუსეთის ლანძღვა, რუსებისთვის დედის გინება, ოკუპანტებად, ღრუსებად და სისხლისმსმელებად მოხსენიება.
შედეგი - გულის მოფხანა და ვაჟკაცობის ჩვენება კოლეგა „პატრიოტებისთვის“. მაგრამ მოდით ვნახოთ, რა შედეგის მომტანია ეს „გულის ფხანა“ (რომელიც ქეცმა იცის!) ქვეყნისთვის.
ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის იმპერია. ის მიისწრაფვის მინიმუმ ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე გავლენის აღდგენისაკენ და ბუნებრივია, მას საქართველოს მიმართაც აქვს იმპერიული ზრახვები.
ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც საქართველოს ინტერესები ემთხვეოდა რუსულ იმპერიულ ინტერესებს.
ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც რუსეთის მიერ მე-19 საუკუნეში თურქეთისთვის წართმეული საქართველოს ისტორიული ნაწილი - აჭარა და სამცხე-ჯავახეთი, რის გარეშე ის დღესაც თურქეთის შემადგენლობაში იქნებოდა.
დღეს რუსეთს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა მხოლოდ იმ პირობით, თუ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვაღიარებთ, რასაც არც ერთი პატრიოტი ქართველი თეორიულადაც არ დაუშვებს.
ეს რუსეთმაც კარგად იცის, მაგრამ პოლიტიკური, ეკონომიკური და თუ საჭირო გახდა, სამხედრო მეთოდებითაც ის ეცდება, აიძულოს საქართველოს ამ ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება.
რუსეთმა უკვე დაიწყო საუბარი და ქმედებებიც ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაზე, რუსეთში შეიქმნა ქართველების ღიად პრორუსული გაერთიანება და ქართული სამხედრო დაჯგუფებაც კი (“გეორგიევსკი”), რომელიც ფორმალურად უკრაინაში ქართველი მებრძოლების არსებობის დასაფიქსირებლად არის შექმნილი, რეალურად კი ის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ მუქარისთვის უფრო შეიძლება იყოს გამოსაყენებელი.
როგორ უნდა მოიქცეს ასეთ პირობებში საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყნის სუვერენიტეტიც დაიცვას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ანუ ჩვენთვის მთავარი საკითხის აქტუალიზაციაც მოახერხოს?
ამ კითხვაზე ჩვენი გულწრფელი პატრიოტი მედასავლეთეები იტყვიან, ჩვენც მაგას ვამბობთ, რომ რუსეთთან პირისპირ დარჩენა არ შეიძლება, დასავლეთი უნდა დავიყენოთ გვერდით და ეს არის თავდაცვის ერთადერთი საშუალებაო.
ამის გამო დასავლეთის ყველა მოთხოვნა უნდა შევასრულოთ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დავწინაურდეთ ვინაიდან ეს არის ჩვენი საშველიო. დასავლეთის მოთხოვნით სუვერენიტეტის ნაწილიც უნდა დავთმოთ, მათ მიერ მითითებული კანონები სრულად მივიღოთ თუ მათთვის საჭირო გახდა მიღებული კანონებიც გავაუქმოთ, ცალ ფეხზეც დავდგეთ ვინაიდან თუ დასავლურ ოჯახში ვიქნებით მოაზრებული, რუსეთიც თანასწორად დაგველაპარაკება და თავის იმპერიულ ამბიციებს ჩვენს მიმართ მოთოკავსო.
რადგან ვუშვებთ, რომ გულწრფელ პატრიოტ მედასავლეთეებს ვესაუბრებით, მოდით, გადავხედოთ უახლოეს წარსულს.
სააკაშვილის ხელისუფლება დასავლეთში მიღებული იყო მათი ოჯახის წევრად, ის მათ უსრულებდა ყველა მოთხოვნას, მაგრამ როდესაც დადგა კრიტიკული მომენტი, დიპლომატიური მხარდაჭერის გარდა ჩვენმა ქვეყანამ დასავლეთისგან ვერაფერი მიიღო, ხოლო რუსეთმა ჩვენი ორი ისტორიული ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
ჩვენ არ ვიზიარებთ იმ გულუბრყვილო თუ პროპაგანდისტულ არგუმენტს, რომ სწორედ დასავლეთის ამ დიპლომატიურმა ჩარევამ შეაჩერა პუტინი და ვერ დაიკავა მთელი საქართველო.
ელემენტარული აზროვნების მქონე ადამიანი მიხვდება, რომ რუსეთმა ის ტერიტორიები მიიზომა, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მისი მხარდამჭერი იყო.
დიახ, აფხაზებიც და ოსებიც რუსებს განმათავისუფლებლებად მიიჩნევდნენ, ხოლო დანარჩენ საქართველოში მას დასაყრდენი არ გააჩნდა და ამიტომაც არც უცდია მისი დაკავება, თორემ სამხედრო თვალსაზრისით ეს მისთვის ძალიან ადვილი იქნებოდა.
რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცოდა ადგილზე არსებული განწყობები, ვინაიდან აქ პრორუსული ხელისუფლება ვერ გაძლებდა, ამიტომაც არ ისურვა რუსეთმა მთელი საქართველოს დაკავება, თორემ 5 კი არა, 10 დასავლური ქვეყნის ლიდერიც რომ ჩამოსულიყო თბილისში 2-3 საათით და გინდაც 2-3 დღით, ეს მას ვერ შეაჩერებდა.
ომის შემდეგ კი უკვე ათწლეულებია ჟენევის მოლაპარაკებაზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთან რუსეთთან დიალოგში ერთ ადგილს ვტკეპნით და ცხინვალი და აფხაზეთი უფრო დავიშორეთ, ვიდრე მოვიახლოვეთ.
ანუ ეს გზა (ჟენევის ფორმატი) სრულიად უშედეგო აღმოჩნდა.
უკრაინის მიმართ რუსეთის სტრატეგიაც ადასტურებს, რომ ის იბრძვის მხოლოდ ყირიმისა და დონბასის მიერთებისთვის სწორედ იმიტომ, რომ იქ ჰყავს დასაყრდენი ადგილობრივი რუსების და პრორუსულად განწყობილი უკრაინელების სახით, თორემ კარგად იცის, რომ დასავლეთ უკრაინაში ვერანაირი პრორუსული ხელისუფლება ვერ გაძლებს.
ჰოდა, ახლა ვეკითხებით ჩვენს გულწრფელ პატრიოტ მედასავლეთეებს, დავუშვათ, დავივიწყეთ ყველანაირის სიფრთხილე და დიპლომატია, ავყევით თქვენს გულწრფელ ემოციებს, დავუჯერეთ გულში მჯიღის მცემელ არაგულწრფელ პოლიტიკოსებსაც და ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შევასრულეთ, დავწინაურდით ევროკავშირის წევრობის გზაზეც, პარალელურად რუსეთთანაც გავაუქმეთ ეკონომიკური კონტაქტები და ყოველ წინადადებაში რუსების ლანძღვა-გინებით ვიჯერეთ გული, ასეთ შემთხვევაში რა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ბენეფიტები და რა საფრთხეები დაგვემუქრება.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენ არა გვაქვს ნატოს ქოლგა და მისი მიღების პერსპექტივაც არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, დასავლეთი ჩვენგან სწორედ ბალტიელების მსგავს ხისტ ანტირუსულ პოზიციონირებას და ქმედებებს ელის.
თქვენი აზრით, ბალტიისპირული მოდელის საქართველოში გამოყენების შემთხვევაში, როგორ მოიქცევა თბილისიდან 40 კილომეტრში მდგარი რუსის ჯარი?
მართალია, დღესაც არ არის ის სიტუაცია, რომ საქართველოში პრორუსული ხელისუფლების მოყვანა შეძლოს რუსეთმა, მაგრამ ცოტაა ჩვენში ისეთი კუთხე, სადაც პროვოკაციას არ შეუძლია ლოკალურად სიტუაციის არევა?
ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ: ოსები დღესაც აცხადებენ პრეტენზიას თრუსოს ხეობაზე, სხვა კომპაქტური ჯგუფები - კიდევ სხვა ნაწილებზე და ბევრი ელოდება, რომ აქ არეულ სიტუაციაში საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილონ.
გუშინდელმა საფეხბურთო ინციდენტმაც ვერ დაგანახვათ ვერაფერი, როდესაც თურქი ფეხბურთის ქომაგები და მათი ხელმძღვანელები საკუთარ ქალაქად დაგულებულ ბათუმში როგორი გაკვირვებით საუბრობდნენ, ეს რა გაგვიბედა ქართულმა პოლიციამო?
სიტუაციის არევის შემთხვევაში ჩვენი “გულშემატკივარი” დასავლეთის სახელმწიფოები ჩვენს დასაცავად რუსებს შეებრძოლებიან თუ სხვა “კეთილმოსურნეებს”? უკრაინის მაგალითიდან მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ რამე?
ასეთ სიტუაციაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი გარანტია შეიძლება ნატოს ქოლგა იყოს, მაგრამ დღეს რომ ეს არარეალურია, ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება? იმის ნაცვლად, რომ უსაფრთხოების რაიმე ალტერნატიულ გზებს ვეძებდეთ, თქვენ გამოსავლად მხოლოდ სიტუაციის არევა და “ჯოს-ჯოს” ძახილი მიგაჩნიათ.
იქნებ დაფიქრდეთ, თქვენმა არჩეულმა ამ გზამ რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, სიკეთე თუ ბოროტება?
ამ კითხვას გულწრფელ და პატრიოტ „მედასავლეთეებსა და ლიბერალებს“ ვუსვამ, თორემ ამ იდეოლოგიას თავშეფარებულ ათასი ჯურის აგენტურას და ყველაფრის მკადრებელ ვითომ პატრიოტებს მშვენივრად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი ქმედებებით ქვეყნისათვის შეგნებულად ზიანის მომტანი შედეგები.
ჩვენ არ გაგვაჩნია უსაფრთხოების მზამზარეული რეცეპტები, მაგრამ ის კი აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ამის მისაღწევად ყველა გზა მოსასინჯია დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმის მცდელობების ჩათვლით", - წერს ნანა კაკაბაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…