პატარაძემ დაადასტურა ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრების გათავისუფლება
ბათუმში დაკავებული „ბეშიქთაშის“ 16-ვე გულშემატკივარი თავისუფალია, განაცხადა პატარაძემ თურქეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ. მისი მტკიცებით, ქომაგებმა რამდენიმე პოლიციელი დააშავეს, თუმცა პოლიციის მოქმედება პროპორციული იყო.

ამის შესახებ მან 27 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა მას შემდეგ, რაც საქართველოში თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის, შეხვდა.
„ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, - წერს პატარაძე.
პატარაძის თქმით, მან ელჩს უთხრა, რომ მატჩის დაწყებამდე და თამაშის დროს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი პოლიციელებს ბოთლებს, ქვებსა და ბლაგვ საგნებს ესროდა.
მისი განცხადებით, რამდენიმე პოლიციელი დაშავდა და ქალაქის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. პატარაძემ პოლიციის მოქმედება პროპორციულად შეაფასა. „ბეშიქთაშმა“ კი მანამდე ქართველი სამართალდამცველები გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის გააკრიტიკა.
ელჩთან საუბრისას პატარაძე საზღვარზე აღმოჩენილ ბანერებსაც შეეხო. მისი თქმით, ბანერების შინაარსი „მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის“ და მათი საჯაროდ გაშლა, პირველ რიგში, თავად თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების დასაცავად არ დაუშვეს. პატარაძეს არ დაუკონკრეტებია, რა ეწერა ამ ბანერებზე.
მატჩის წინ მედიაში გავრცელდა ცნობა ბანერზე წარწერით 82 BATUM. თურქეთში 81 პროვინციაა და წარწერა ბათუმის თურქეთის 82-ე პროვინციად წარმოჩენის მცდელობად აღიქვეს.
საქართველოს შსს-ს ცნობით, 26 ნოემბერს ბათუმში პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებისას სამი პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი კი დააკავეს. პატარაძის განცხადებამდე „ბეშიქთაშის“ 16-ვე გულშემატკივრის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თურქეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა TRT-მ გაავრცელა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…